ხატიაშვილმა აშშ-ის ჩემპიონი შერკინებაში დაჩაგრა - ნიკას ამერიკული კარიერა წარმატებით დაიწყო (VIDEO)

ხატიაშვილმა აშშ-ის ჩემპიონი შერკინებაში დაჩაგრა - ნიკას ამერიკული კარიერა წარმატებით დაიწყო (VIDEO)

21 მარტს 2021 წლის აშშ-ის სარაგბო ჩემპიონატმა "მეიჯორ ლიგამ" აიღო სტარტი. 

როგორც იცით, სეზონის დაწყებამდე რამდენიმე თვით ადრე ამერიკას მიაშურა "ბორჯღალოსანმა" ნიკოლოზ ხატიაშვილმა, რომელიც "ჰიუსტონ საბერსქეთში" ჩაირიცხა. პირველივე ტურში "ჰიუსტონი" შინ აშშ-ის მოქმედ ჩემპიონს "სიეტლი სივულვზს" დაუპირისპირდა, რომელმაც საჩემპიონო ტიტული 2018 და 2019 წლებში მოიპოვა, ხოლო 2020 წლის სეზონი პანდემიის გამო ჩაიშალა და ჩემპიონი ვერ გამოვლინდა.

პირველი ტაიმი 13:14 დასრულდა, ხოლო მეორე ნახევრის დასაწყისში სტუმრებმა კიდევ ერთი ჯარიმა გაიტანეს და ოთხი ქულით გავიდნენ წინ. ნიკოლოზ ხატიაშვილი "ჰიუსტონის" მარქაფაში იმყოფებოდა და თამაშში 52-ე წუთიდან მარჯვენა ბურჯის პოზიციაზე ჩაერთო. ნიკა თამაშში ძალიან კარგად ჩაერთო: შერკინებაში მისი დომინირება ძალიან თვალშისაცემი იყო, რასაც მატჩის ამერიკელმა კომენტატორებმაც გაუსვეს ხაზი და ქართველი ბურჯი არაერთხელ შეაქეს. 28 წლის ქართველის მოედანზე გამოსვლის შემდეგ სულ ხუთი შერკინება დაინიშნა, საიდანაც სამ შემთხვევაში "სიეტლი" დაჯარიმდა (ორჯერ "ჰიუსტონის" შერკინებაში, ერთხელ "სიეტლის"), ხოლო ორჯერ სტუმრებმა ბურთის გამოტანა მოახერხეს. შერკინების სტატიკის გარდა, ნიკამ მნიშვნელოვანი შავი სამუშაო შეასრულა, ბევრი იმუშავა მოლებში, კარგი იყო გადაყრებზე და ძალიან კარგი დებიუტი გამოუვიდა.

"ჰიუსტონმა" დასკვნით 25 წუთში ორი გარდასახული ლელო და ჯარიმა გაიტანა, საპასუხოდ კი ერთი ლელო მიიღო და სეზონი ჩემპიონთან გამარჯვებით დაიწყო - 30:24.

შეგახსენებთ, რომ ხატიაშვილი აშშ-ში გადასვლამდე ფრანგულ "ორიაკში" (2014-2018 | 51 მატჩი), იაპონურ "სანვულვზში" (2018 | 3 მატჩი სუპერ რაგბიში), ფრანგულ "ანგულემში" (2018 | 3 მატჩი) და რუსულ "ენისეიში" (2019-2020 | 6 მატჩი ჩელენჯ თასზე 1 ლელო) ასპარეზობდა, ხოლო საქართველოს ნაკრების კვართით 4-ჯერ უთამაშია.

გთავაზობთ ხატიაშვილის შერკინებების ამსახველ ვიდეოს. 

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)
ინგლისი - სამხრეთ აფრიკა 27:26 (VIDEO)
ლევან მაისაშვილი: "ეს ორი თამაში საქართველოსთვის ძალიან დიდი აქტივია"