Myrugby.Ge-ის ადმინისტრაციის განცხადება

Myrugby.Ge-ის ადმინისტრაციის განცხადება

მოგესალებით, ჩვენი ვებგვერდის ერთგულო მკითხველებო!

როგორც იცით, ჩვენი ვებგვერდი შეიქმნა 2019 წლის მსოფლიო თასის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე და 2019 წლის 15 სექტემბრიდან მოყოლებული ქართული რაგბის მოყვარულს საშუალება აქვს, რომ ყოველდღიურ რეჟიმში გაეცნოს როგორც ქართულ, ასევე უცხოურ სარაგბო სიახლეებს. 

ჩვენთვის პრიორიტეტული რასაკვირველია ქართული რაგბი და მისი მაქსიმალური პოპულარიზაციაა. ამ სარაგბო საინფორმაციო სააგენტოს შექმნაც სწორედ ქართული რაგბის მაქსიმალურ გაშუქებას ემსახურება და  ჩვენი კონტენტის 70% სწორედ ქართულ სარაგბო თემატიკის გაშუქებას შეეხება და შეზღუდული რესურსების მიუხედავად, ჩვენს მკითხველს არაერთ საინტერესო სიახლეს ვთავაზობთ, რომელიც ქართულ რეალობაში ნაკლებად შუქდება.


Myrugby.Ge აქტიურად, მუდმივ რეჟიმში აშუქებს:

  • ეროვნული ნაკრების ირგვლივ არსებულ ყველა სიახლეს;
  • ასაკობრივი ნაკრებების სიახლეებს;
  • დიდ 10-ს;
  • პირველ ლიგას;
  • ლეგიონერებთან არსებულ ყველა სიახლეს (სატრანსფერო სიახლეებს, მათ მონაგარს, ინტერვიუებს და ა.შ.);
  • ინტერვიუებს;
  • ქმნის და აშუქებს საინტერესო ვიდეოკონტენტს. მაგალითად, რომელიმე ლეგიონერის მატჩის გამორჩეულ მომენტებს, გამორჩეულ ლელოებს და ა.შ. 
  • აშუქებს კლუბების პრობლემების შესახებ: მაგ. რომელიმე კლუბის ინფრასტრუქტურულ პრობლემას;
  • ნებისმიერ პრობლემას და თემატიკას, რომელიც მნიშვნელოვანია ქართული რაგბისთვის და სხვა;

გარდა ამისა, ჩვენი ვებგვერდი აქტიურად აშუქებს უცხოურ ტურნირებს, რაც ქართულ სივრცეში ასევე ნაკლებად შუქდება: 6 ერს, რაგბი ჩემპიონშიპს, ტესტ-მატჩებს, რაგბი ევროპის ჩემპიონატს, სხვა კონტინენტურ ტურნირებს, 7-კაცა რაგბის, ინგლისის პრემიერშიპს, ფრანგულ ტოპ 14-ს და პრო დ2-ს, პრო 14-ს, სუპერ რაგბის და ა.შ. 

ეს შესავალი, თუ რას აკეთებს ჩვენი გვერდი ქართული რაგბის პოპულარიზაციისთვის შეზღუდული რესურსების მიუხედავად, ახლა კი უშუალოდ სათქმელზე გადავალთ, რის გამოც თქვენი ყურადღება მოვითხოვეთ.

როგორც იცით, კვირას 15 საათზე მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე რაგბი ევროპის ჩემპიონატის მატჩი გაიმართება, რომელშიც  საქართველოს ნაკრები რუმინეთს ეთამაშება. აღნიშნულთან დაკავშირებით, საქართველოს რაგბის კავშირმა სააკრედიტაციო განაცხადის მიღება გამოაცხადა, რომელშიც ეწერა, რომ პანდემიიდან გამომდინარე, ჟურნალისტების რაოდენობა მკაცრად იქნებოდა შეზღუდული და მხოლოდ 20 ჟურნალისტი იქნებოდა დაშვებული, თითო მედიიდან მხოლოდ ერთი აკრედიტაცია იქნებოდა გაგზავნილი.

ჩვენმა ვებგვერდმა, როგორც ყოველთვის დაარსებიდან მოყოლებული, რა თქმა უნდა გაგზავნა აკრედიტაციის მიღებასთან წერილი, რათა ადგილიდან გაეშუქებინა მატჩი, შემდეგ კი პრესკონფერენციაზე დაესვა მწვრთნელისთვის და კაპიტნისთვის კითხვები, რასაც ასევე ყოველთვის ვაკეთებთ. ჩვენდა გასაოცრად, რაგბის კავშირისგან უარი მივიღეთ. ანუ, უარი საქართველოში არსებულ ერთადერთ რაგბის ე.წ. "სანიუსე" სააგენტოს მატჩის სტადიონიდან გაშუქებაზე. 

ჩვენ აბსოლუტურად გვესმის იმის, რომ ქვეყანაში პანდემიაა, არსებობს  მკაცრი შეზღუდვები და შესაბამისად, გარკვეულ შეზღუდვებს რაგბის კავშირიც ვერ გაექცეოდა. თუმცა, ჩვენი გვერდის ადმინისტრაციას არ ესმის ერთი რაღაცის: არსებობს 20-მდე ისეთი მედია საშუალება და 20 ისეთი ჟურნალისტი, რომელიც Myrugby.Ge-ზე უფრო კარგად და მეტად აშუქებს რაგბის და ამ შემთხვევაში კონკრეტულად ქართულ რაგბის? თავიდანვე გვინდა ვთქვათ, რომ ჩვენს კოლეგებს და ყველა მედია საშუალების შრომას პატივს ვცემთ, თუმცა ქართულ მედია სივრცეში დღეისთვის რაგბის გაშუქება საკმაოდ მწირია. ჩვენი პორტალი ერთ-ერთი იშვიათი გამონაკლისია, რომელიც ყოველდღიურად აშუქებს სარაგბო ამბებს და ყოველდღიურ რეჟიმში რაგბის მოყვარულს მეორე წელია აქვს საშუალება, რომ შეიტყოს ყველაზე მნიშვნელოვანი სარაგბო სიახლეების შესახებ.

იმ მედია საშუალებებიდან, რომლებიც ჩვენს ვებგვერდზე წინ იქნა დაყენებული, რომელი აშუქებს საქართველოს ჩემპიონატს, მათ შორის პირველ ლიგას და ისეთ საკითხებს, რომელიც ქართულ მედიასივრცეში ფაქტობრივად არ შუქდება? რომელი მედია საშუალება უთმობს დროს, რომ ქართველ ლეგიონერებზე სპეციალური ვიდეოები შექმნას, სადაც მათი თამაშების საუკეთესო  მომენტები იქნება ასახული? არ გვინდა საკუთარი გარჯა ზედმეტად ვაქოთ, ჩვენც არაერთი ხარვეზი გვაქვს, რისი გაკრიტიკებაც რასაკვირველია შეიძლება და ჩვენც ვცდილობთ, რომ დროთა განმავლობაში კიდევ უფრო უკეთესი კონტენტი შევქმნათ, თუმცა ამისთვის ხელის შეშლის ნაცვლად, ხელშეწყობა გვჭირდება. 

მაყურებლისთვის კიდევ უფრო ნათელი რომ იყოს, გეტყვით, რომ ამ პერიოდში, რაც Myrugby.Ge დაარსდა, ჩვენს მკითხველს 4324 სხვადასხვა ტიპის სიახლე შევთავაზეთ, საიდანაც 70% ქართულ რაგბის აქვს დათმობილი.




მაშინ, როდესაც დღეისთვის საქართველოში სულ ორი სარაგბო პორტალი მოქმედებს: ჩვენ და რაგბი 15 (რომელიც ძირითადად გადაცემებზეა ორიენტირებული და ამ გზით ახდენს ქართული რაგბის პოპულარიზაციას, ხოლო ჩვენ ე.წ. "სანიუსე" სააგენტო ვართ), ძალიან საწყენია, რომ რაგბის კავშირი ამ ყველაფერს მხედველობაში არ იღებს და ვერ ხედავს Myrugby.Ge-ის წვლილს ქართული რაგბის პოპულარიზაციის შეტანაში. მაშინ, როდესაც მედია საშუალებების დაშვების რაოდენობა შეზღუდულია, პრიორიტეტი უნდა ენიჭებოდეს სწორედ ისეთ მედიას, რომელიც უფრო მეტად არის ქართული რაგბის გაშუქებაზე და არა გარკვეულ საშუალებებზე, რომელიც უმეტესად მხოლოდ საქართველოს ნაკრების მატჩების გაშუქებით შემოიფარგლება. ღრმად გვწამს, რომ ჩვენ ვართ ის მედია საშუალება, რომელმაც ამ წლინახევრის განმავლობაში ყველაზე მეტი დრო დაუთმო რაგბის გაშუქებას საინფორმაციო, ე.წ. "სანიუსე" სააგენტოებიდან, რაც 4324 გამოქვეყნებულ სარაგბო სიახლეში აისახება. 

მსგავსი დამოკიდებულება იწვევს წმინდა სარაგბო მედიის როლის დაკნინებას და ეს ჩვენს მოტივაციაზეც უარყოფითად მოქმედებს. გვინდა გავიხსენოთ რაგბის კავშირის ახალი პრეზიდენტის იოსებ ტყემალაძის სიტყვები, რომელმაც განაცხადა, რომ ქართულ სარაგბო მედიას განვითარებისთვის ხელს შეუწყობდა. გაგვიხარდება, თუ ბატონი იოსები ამ წერილს წაიკითხავს და საკითხის გარკვევას შეეცდება. 

მედია უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს ნებისმიერი სპორტის განვითარებისთვის და პოპულარიზაციისთვის. სამწუხაროდ, საქართველოში ამ ეტაპზე ბევრი ისეთი გამოცემა და ჟურნალისტი არაა, რომლებიც რაგბის სიახლეებს და პრობლემებს ყოველდღიურ რეჟიმში აშუქებენ. ამ ფონზე, ჩვენთვის კიდევ უფრო გულდასაწყვეტია მსგავსი დამოკიდებულება და გვაქვს სურვილი, რომ სარაგბო მედია, რომელიც კონკრეტულად რაგბის გაშუქებაზეა ორიენტირებული და ჰყავს რაგბის გულშემატკივრების დიდი აუდიტორია, უფრო მეტად იყოს დაფასებული და ჰქონდეს უფრო მეტი ხელშეწყობა. მაშინ, როდესაც ჩვენ ყველაზე მეტ დროს და ენერგიას ვუთმობთ ქართული რაგბის ყოველდღიურად გაშუქებას, ჩვენთვის დამაკმაყოფილებელი პასუხი და ახსნა ვერ იქნება, რომ 20 მედიასაშუალებას შორის ჩვენი ადგილი ვერ გამოინახა! 


დანარჩენი კი თავად გულშემატკივარმა შეაფასოს.

-------------------------------------------------------------------------------

განახლება

აკრედიტაციაზე უარის მოსვლის შემდეგ, რაგბის კავშირთან ჩვენი მხრიდან კომუნიკაცია შედგა და კონკრეტული მიზეზის გაგებას შევეცადეთ, თუ რა იყო უარის მიზეზი, რაზეც პასუხად მივიღეთ, რომ არსებული შეზღუდვებიდან გამომდინარე (რაც ძირითად პოსტშიც გვაქვს ნახსენები) მხოლოდ 20 ჟურნალისტი დაიშვებოდა, ძირითადად ტელევიზიები და ჟურნალისტების უმრავლესობას უარი მიუვიდა პასუხად.

ამის შემდეგ, მეორე დღეს თავად რაგბის კავშირის მხრიდანაც მოხდა კომუნიკაცია. ორივე შემთხვევაში შემოთავაზებული იყო, რომ რაგბის კავშირს შეეძლო ჩვენი მედია საშუალებისთვის ბილეთის (ტრიბუნაზე დასასწრები) გადაცემა (იქიდან გამომდინარე, რომ მედია ლოჟაში ადგილები მკაცრად იყო შეზღუდული) და მატჩის შემდგომი პრესკონფერენციისთვის აკრედიტაციის გაცემა.

პირველ რიგში გვინდა რაგბის კავშირის ცალკეულ თანამშრომლებს გადავუხადოთ მადლობა, რომლებიც ამ სიტუაციით დაინტერესდნენ და ყურადღება გამოიჩინეს ჩვენს მიმართ, თუმცა ჩვენთვის კვლავ გაუგებარია, თუ რა კრიტერიუმებით ვერ მოხვდა Myrugby.Ge ამ 20 მედია საშუალებას შორის. აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ რამდენიმე ფაქტორი:

1) აბსოლუტურად გასაგებია კოვიდშეზღუდვები და შესაბამისი რეგულაციები, ისიც, რომ გარკვეული მედია საშუალებები, რომლებიც არიან რაგბის კავშირის მედია პარტნიორები, Myrugby.ge-ზე პრიორიტეტულები იქნებოდნენ ამ მხრივ, მათ შორის: იმედი, რაგბი ტვ, ლიდერსპორტი, რომლებიც კავშირის მედია პარტნიორები არიან და ამაზე არაფერი გვაქვს საკამათო, თუმცა ჩვენთვის გაუგებარია, რა კრიტერიუმებით აღმოჩნდნენ დანარჩენი მედია საშუალებები ჩვენს ვებგვერდზე წინ. საქართველოში დღეისთვის მხოლოდ ორი მოქმედი სარაგბო პორტალია, სხვა გამოცემების უმრავლესობა რაგბის ფართოდ გაშუქებას არ ახდენენ და ძირითადად მხოლოდ სანაკრებო და ყველაზე აქტუალური თემების გაშუქებით შემოიფარგლებიან. ამ შემთხვევაში კი, ასე რომ ვთქვათ ტოპ 20-ში მოხვდნენ მთელი რიგი ისეთი ტელევიზიები თუ გამოცემები, რომლებიც რაგბთან ნაკრებად ასოცირდებიან და ჩვენ ვერა. საინტერესოა, კრიტერიუმები, თუ რის მიხედვით მოხდა შერჩევა მედია გამოცემების და შესაბამისად ჟურნალისტების. ეს ჩვენთვის და ალბათ სხვა ჟურნალისტებისთვისაც, რომლებმაც უარი მიიღეს სასურველი იქნებოდა;

2) ჩვენ ვფიქრობთ, რომ ვართ ის მედია საშუალება, რომელიც ყოველდღიურ რეჟიმში ყველაზე მეტად აშუქებს სარაგბო სიახლეებს, ფაქტობრივად ყველა თემატიკას, როგორც ქართულ, ასევე უცხოურ რაგბიზე და ყველანაირად ცდილობს რაგბის პოპულარიზაციას. ჰყავს ფართო სარაგბო აუდიტორია, რომლებიც ყოველდღიურად სტუმრობენ ჩვენს ვებგვერდს და ელიან ოპერატიულ და ხარისხიან სიახლეებს. ვფიქრობთ, ეს არის კომპონენტები, რომელიც აუცილებლად უნდა იყოს გათვალისწინებული, როდესაც მსგავსი შეზღუდვები და კონკურენციაა ადგილებთან დაკავშირებით;

3) როგორც აღვნიშნეთ, ჩვენ შემდგომში რაგბის კავშირმა შემოგვთვაზა მატჩზე დასასწრები ბილეთის (ტრიბუნაზე) და პრესკონფერენციისთვის აკრედიტაცია, რაზეც უარი ვთქვით, რაც განპირობებულია შემდეგი მიზეზებით: 1) ვფიქრობთ, რომ ჩვენი გამოცემა ასე რომ ვთქვათ "ტოპ 20" მედია საშუალებაში აუცილებლად უნდა ყოფილიყო და არა დამატებითი ბერკეტებით დასწრებოდა თამაშს; 2) პროფესიულ საქმიანობასთან დაკავშირებულ ხელისშემშელი ფაქტორებიდან გამომდინარე, რაც გულშემატკივრის განკუთვნილი ტრიბუნიდან მუშაობისთვის აუცილებელი პირობების არარსებობითაა განპირებებული;

4) ხელისშემშელ ფაქტორებში იგულისხმება ის, რომ ჩვენი ვებგვერდი მატჩის დასრულებიდან მაქსიმუმ 3-5 წუთში თამაშის შედეგს და მოკლე მიმოხილვას ამცნობს გულშემატკივარს, სთავაზობს 1 ტაიმის ანგარიშს და მოკლე მიმოხილვას, დებს მატჩის მიმდინარეობისას გატანილ ლელოებს რაც შეიძლება ოპერატიულად. ამის გაკეთება რომ შევძლოთ, ჩვენ გვჭირდება შესაბამისი პირობები, რაც არსებობს მედია ლოჟაში და არა ტრიბუნებზე: 1) ინტერნეტი, რაც მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის ტრიბუნებზე არაა; 2) სტადიონის მედია ლოჟაში არის სამუშაოდ აუცილებელი მაგიდა და ლეპტოპების დასატენი ჩამრთველები, რაც ბუნებრივია, რომ ტრიბუნაზე არაა და შესაბამისად, ჩვენთვის შეუძლებელი ხდება ოპერატიულ რეჟიმში ტრიბუნიდან მუშაობა;

5) ვიმედოვნებთ, რომ მომავალში წმინდა სარაგბო მედია უფრო მეტად პრიორიტეტული იქნება მსგავსი კონკურენციების და შეზღუდვების დროს და გათვალისწინებული იქნება ის კრიტერიუმები, რომლებიც რაგბის გაშუქებას, პოპულარიზაციას და სარაგბო აუდიტორიის მოცულობას შეეხება კონკრეტული მედია საშუალებების მიმართ.

განსაკუთრებული მადლობა გვინდა გადავუხადოთ ჩვენს კოლეგებს, რაგბი 15/Rugby XV-ის გუნდს, რომლებმაც გულთან ახლოს მიიტანეს ეს ამბავი და მხარდაჭერა გამოუცხადეს Myrugby.Ge-ის.

პატივისცემით

Myrugby.Ge-ის ადმინისტრაცია.

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)
ინგლისი - სამხრეთ აფრიკა 27:26 (VIDEO)
ლევან მაისაშვილი: "ეს ორი თამაში საქართველოსთვის ძალიან დიდი აქტივია"