რუსეთთან წინასამატჩო პრესკონფერენცია | ლევან მაისაშვილი და მერაბ შარიქაძე

რუსეთთან წინასამატჩო პრესკონფერენცია | ლევან მაისაშვილი და მერაბ შარიქაძე

რუსეთთან გასამართ მატჩამდე ერთი დღით ადრე, საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა და კაპიტანმა მერაბ შარიქაძემ პრესკონფერენცია გამართეს.

ლევან მაისაშვილის თქმით, ყველა მოთამაშეს გათვითცნობიერებული აქვს ამ თამაშის მნიშვნელობა და მზად არიან იმისთვის, რომ შინ გამარჯვებულები დაბრუნდნენ, ხოლო მერაბ შარიქაძემ აღნიშნა, რომ რუსეთთან მოგება მარტივი არასდროს ყოფილა და მათ დასამარცხებლად ყოველთვის დიდი ძალისხმევა იყო საჭირო.

ლევან მაისაშვილი: "წინასწარ ვიცოდით, რომ რუსეთთან მატჩისთვის, თამაშებს შორის 6-დღიანი სხვაობის და გადაფრენების გათვალისწინებით, მოსამზადებლად შედარებით მცირე დრო გვექნებოდა და ამისათვის მზად ვიყავით. ფიზმომზადებისა და სამედიცინო შტაბმა ფასდაუდებელი სამუშაო გაწია, რათა რეაბილიტაცია და აღდგენა მომხდარიყო. კვირის განმავლობაში სულ ორი ვარჯიში გვქონდა – სამშაბათს დატვირთვის გარეშე და ოთხშაბათს დაბალი ინტენსივობის, რადგან ამდენი გადაფრენის ფონზე, დიდი იყო ტრავმის მიღების საფრთხე. სამაგიეროდ, ეს კვირა დატვირთული იყო ანალიტიკური კუთხით.

ვიცოდით, რომ დრო არ გვექნებოდა და ამიტომ, მოსამზადებელ ეტაპზე ძირითადი დატვირთვა ესპანეთთან მატჩის კვირაში გვქონდა. გუნდში მრავლად გვყავს ახალგაზრდები, რომლისთვისაც ესაა შანსი, რომელიც უნდა გამოიყენონ. არაერთი მაგალითია იმისა, რომ ტრავმების, თუ სხვა მიზეზით დანაკლისის გამო, ძირითადში დაწინაურებულ მორაგბეებს თავი გამოუჩენიათ და გუნდში ადგილი დაუმკვიდრებიათ. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ბიჭები იბრძოლებენ და მეტოქეს არაფერს დაუთმობენ.

რუსეთი მუდამ ცდილობს, რომ თავისთვის უსიამოვნო ტრადიცია დაარღვიოს და ეს ჩვეულებრივი მომენტია. თბილისში, თვენახევრის წინ, პირველი ტაიმის 0:0 დასრულების შემდეგ, მათ თავდაჯერებულობა მოემატათ. ისინი შემადგენლობაში ახალ სახეებს ხედავენ და საკუთარ კედლებში თამაშს ოპტიმიზმით ხვდებიან, მაგრამ ჩვენ ჩვენი საქმე გვაქვს. ყველა მოთამაშეს გათვითცნობიერებული აქვს ამ თამაშის მნიშვნელობა და მზად ვართ იმისთვის, რომ შინ გამარჯვებულები დავბრუნდეთ.

ახალგაზრდული გუნდი გვყავს, თუმცა კარგად ვართ შეთამაშებული. რაგბი ევროპის ჩემპიონატის მოგების პარალელურად, ჩვენი მიზანი ახალი მოთამაშეების გამოცდაა. ამ ტურნირზე აქცენტს შეტევაზე ვაკეთებთ, მოწინააღმდეგეებიც განსაკუთრებულად მონდომებული არიან პორტუგალიასა და ესპანეთისგან თითო ლელო გავუშვით.

რუსეთს მომატებული აქვს, განსაკუთრებით შერკინებაში, რაც ჩვენთანაც გამოჩნდა და რუმინეთთანაც. რაც შეეხება ამინდს, მას ჩვენ ვერ ვუკვეთავთ და ის ორივე გუნდისთვის ერთნაირი იქნება."

მერაბ შარიქაძე: "ეს თამაში სასურველი სხვაობით ვერ მოვიგეთ (იგულისხმება რუსეთთან შინ 16:7 მოგებული მატჩი), თუმცა მთავარია, რომ გავიმარჯვეთ. რუსეთთან მოგება მარტივი არასდროს ყოფილა და ჩვენ ამისთვის ყოველთვის დიდი ძალისხმევა გვჭირდებოდა. რაც შეეხება ბოლო თამაშს, ბევრჯერ დავჯარიმდით და კონკრეტულ მონაკვეთებში, ვერ შევძელით დომინირება, რის გამოსწორებასაც ხვალ ვეცდებით. გარდა ამისა, თავად მსაჯმაც აღიარა, რომ ერთი ნაღდი ლელო შეცდომის გამო არ ჩათვალა. ასეთ შემთხვევაში ანგარიში ბევრად კომფორტული იქნებოდა.

გუნდში საოცარი ატმოსფეროა და ახალგაზრდების ინტეგრირება ძალიან კარგად მიდის. შეცდომებს ახალგაზრდა მოთამაშეებიც უშვებენ და გამოცდილებიც, თუმცა ამის გამო არავინ არავის საყვედურობს. ეს ბიჭები უკვე არიან კარგი მოთამაშეები და გამოცდილების მიღებასთან ერთად, კიდევ უფრო გაიზრდებიან."

შეგახსენებთ, რომ რაგბი ევროპის ჩემპიონატის მესამე რაუნდის მატჩი, რომელშიც რუსეთი კალინინგრადში საქართველოს მიიღებს, შაბათს 20 მარტს თბილისის დროით 15 საათზე დაიწყება. ასევე შეგახსენებთ, რომ 2021 და 2022 წლების რაგბი ევროპის ჩემპიონატი ამავდროულად 2023 წლის მსოფლიო თასის შესარჩევია. საუკეთესო ორი გუნდი საფრანგეთში გასამგზავრებელ საგზურს მოიპოვებს, ხოლო მესამე ადგილოსანი რეპეშაჟში გადაინაცვლებს.

საქართველოს ორი მატჩის შემდეგ 9 ქულა აქვს და ტურნირს ლიდერობს, ხოლო რუსეთს ერთი მატჩი აქვს ჩატარებული და 4 ქულა აქვს.

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)
ინგლისი - სამხრეთ აფრიკა 27:26 (VIDEO)
ლევან მაისაშვილი: "ეს ორი თამაში საქართველოსთვის ძალიან დიდი აქტივია"