არმიის პრეზიდენტი: "თანამდებობის დატოვება მომთხოვეს, რადგან ირაკლი აბუსერიძის მომხრე ვარ"

არმიის პრეზიდენტი: "თანამდებობის დატოვება მომთხოვეს, რადგან ირაკლი აბუსერიძის მომხრე ვარ"

ირაკლი აბუსერიძის მომხრეებმა ზეწოლის კიდევ ერთი ფაქტორი საჯაროდ დაადასტურეს - სარაგბო კლუბ "არმიას" პრეზიდენტმა ირაკლი სულთანიშვილმა განაცხადა, რომ ის დაიბარეს და თანამდებობის დატოვება მოსთხოვეს, რადგან ირაკლი აბუსერიძის მომხრეა და ხმის მიცემას იოსებ ტყემალაძისთვის არ აპირებს.

"აქამდე ვიკავებდი ვეტერან საქმეთა სახელმწიფო სამსახურის სპორტულ კლუბ "არმიის" პრეზიდენტის თანამდებობას. დღევანდელი, ცხელ-ცხელი ფაქტია და ალბათ, თქვენ უფრო მიაქცევთ ყურადღებას, ხვალ როგორ იქნება მე ზუსტად არ ვიცი, ვინაიდან და რადგანაც გადავამოწმე და რეესტრში ჯერ ისევ ჩემი სახელი და გვარია დაფიქსირებული.

მოგეხსენებათ, მე დელეგატი გახლავარ და ამ ჩემს ხმას დავიცავ. ჩვენ ყოველთვის დავიცავთ ჩვენს ხმებს, არანაირ დესტრუქციულობაზე არაა ლაპარაკი, ყოველთვის აპოლიტიკურები ვიყავით და ვიქნებით, მაგრამ ჩვენს დიდ ოჯახს ასე ჩირქს ვერავინ მოცხებს, მაგას გპირდებით. 

მინდა მივმართო ბატონ სოსო ტყემალაძეს. ბრძანეთ, რომ ყველა კლუბს შეხვდით, მაგრამ ჩემთან არავინ არ მოსულა და ხალხი მართლა ბრძენია და მიხვდება ყველაფერს. მინდობილობის დაწერაზე მოთხოვნას მე ვერც გამიბედავდნენ, რადგან არ მივეკუთვნები იმ კატეგორიას, რომ ჩემი ოჯახიდან, ჩემი მეგობრებისგან რაღაცა მომთხოვონ. მომთხოვეს თანამდებობის, კლუბის პრეზიდენტის პოსტის დატოვება. მეტი ზეწოლა რა გნებავთ. 1992 წლიდან ამ კლუბში ვარ, მემგონი ცუდი მენეჯერი არ ვყოფილვარ და ყველაფერი გვაქვს გამოვლილი. თანამდებობის დატოვებაზე კი არაა პრობლემა, მაგრამ ასე არჩევნებამდე ერთი დღით ადრე? 

ვაფიქსირებ და ალბათ ვიყვირებ, რომ ირაკლი აბუსერიძის მხარდამჭერი ვარ და ყოველთვის დავიცავ არამარტო ირაკლი სულთანიშვილის ხმას, არამედ ჩვენი ყველასი, რადგანაც ერთი ოჯახი ვართ. მართლაც ბრძენია ხალხი და მიხვდება ყველაფერს, თუ ვინ დგევართ აქეთ ჩვენ და საიდან მოვდივართ. მიყვარს ჩემი ქვეყანა და ვემსახურები მას, მაგრამ ვერავის ვერ ვაჩუქებთ და ვერაფერის დავუთმებთ ასე ხმებს. როგორ წარმოგიდგენიათ ჩვენს გარეშე რაგბის მართვა და განვითარება? ძალიან ცუდი რაღაც მოხდა. ბოდიშს გიხდით, რომ ცოტა აღელვებული ვარ", -
განაცხადა "არმიის" პრეზიდენტმა ირაკლი სულთანიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ 10 მარტის განმეორებით ყრილობაზე ქვორუმისთვის საჭიროა 38 ხმა. რაგბის კლუბ "არმიას" 2 ხმა აქვს.

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

🏉 1vs1 რაგბის მსოფლიო სერია – თბილისი 2025
🏖️ პირველი ქვიშის თაჩ-რაგბის ტურნირი დასავლეთ საქართველოში – „ზაფხულის თამაშები 2025“
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)