პალიკო ჯიმშელაძე: "სირცხვილია! ვინ არიან ამრევები? საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტნები?"

პალიკო ჯიმშელაძე: "სირცხვილია! ვინ არიან ამრევები? საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტნები?"

დღეს "მედიაცენტრ მთავარში" ირაკლი აბუსერიძემ პრესკონფერენცია გამართა, რომელთან ერთადაც იმყოფებოდა მისი გუნდის წევრი, საქართველოს ნაკრების ვეტერანი მორაგბე და ამჟამად "იუნკერების" ერთ-ერთი მწვრთნელი პალიკო ჯიმშელაძე.

ჯიმშელაძემ სხვადასხვა საკითხზე ისაუბრა, განსაკუთრებული ყურადღება კი "ლელო სარასენსის" პრეზიდენტის ბათუ კევლიშვილის განცხადებაზე გაამახვილა, რომელმაც რამდენიმე დღის წინ ერთ-ერთ სატელევიზიო ჩართვაში განაცხადა, რომ რაგბის კავშირი თანამედროვე და მაღალი აზროვნების მქონე გუნდმა უნდა მართოს, ასეთებად კი ირაკლი აბუსერიძეს და მის გუნდს არ მიიჩნევს.

კევლიშვილის განცხადებას ჯიმშელაძემ მწვავედ უპასუხა და მას შეახსენა, რომ ირაკლი აბუსერიძე საქართველოს ნაკრების კაპიტანი იყო წლების განმავლობაში და გარდა ამისა, აბუსერიძის ჯგუფში არიან ნაკრების სხვადასხვა თაობის კაპიტნები და მათი შეურაცხყოფა სირცხვილია.  

"ჩვენ რამდენიმე დღის წინ ვნახეთ ბათუ კევლიშვილის სატელევიზიო ჩართვა, სადაც მან ახსენა, რომ დღეს რაგბი უნდა მართოს მაღალი აზროვნების, თანამედროვე ადამიანებმა, მაგრამ არა ირაკლი აბუსერიძემ და მისმა გუნდმა. მან ამით არამხოლოდ ირაკლის მიაყენა შეურაცხყოფა, არამედ იმ გუნდს, რომელშიც შედიან საქართველოს ნაკრების სხვადასხვა თაობის თითქმის ყველა კაპიტნები. აუცილებლად უნდა ვახსენო ეს ადამიანები - ირაკლი მაჩხანელი, ილია ზედგინიძე, დავით ზირაქაშვილი, ლევან ცაბაძე, შალვა სუთიაშვილი და ა.შ. ეს არის ჯგუფი, რომლებიც დღეს ირაკლისთან ერთად არიან და მინდა ხმამაღლა ვთქვა, რომ ეს ჯგუფი, ვინც ჩვენ ვართ, გვიწევს ბრძოლა ასეთ ადამიანებთან. 

კიდევ ერთხელ გავუსვამ ხაზს, როდესაც თებერვალში უნდა ჩატარებულიყო არჩევნები, ბაჩო ხურციძეს მხოლოდ სამი ხმა ჰქონდა ამ არჩევნებზე და თვით ბათუ კევლიშვილი, რომელიც დღეს მაღალ აზროვნებაზე ლაპარაკობს და სხვებს შეურაცხყოფას აყენებს, ისიც კი არ ედგა გვერდში ბაჩო ხურციძეს და უცებ დღეს რა სურათს ვიღებთ? ჩვენს ჯგუფს, რომელზეც პირდაპირ შემიძლია რომ ვთქვა, თაობიდან თაობამდე მოვდიოდით და გულშემატკივრებს რაგბი შეაყვარა, უცებ ჩვენ გავხდით რაგბის მტრები და დამანგრეველები. ეს არის სრული აბსურდი და ეს სირცხვილია უბრალოდ. აი ასეთი მდგომარეობაა ზუსტად დღეს და მაგიტომ მინდოდა გამესვა ხაზი იმაზე, თუ რა ჯგუფი ვდგევართ ირაკლის გვერდზე", -
განაცხადა საქართველოს ნაკრების ყოფილმა მგეზავმა.

როგორც იცით, 30 დეკემბერს რაგბის კავშირის არჩევნების გადადებული ყრილობა გაიმართა, რომელშიც 20 სუბიექტი გამოცხადდა, რომელთაც ჯამში 43 ხმა ეკუთვნოდათ, რაც კვორუმისთვის საკმარისი იყო. ირაკლი აბუსერიძემ 31 ხმა დააგროვა, გოჩა სვანიძემ 10, ხოლო ბაჩო ხურციძე არჩევნებზე არ გამოცხადდა და 31 დეკემბერს საჯარო რეესტრში განცხადება შეიტანა, რომელშიც 30 დეკემბრის ყრილობის გაუქმებას მოითხოვს, რადგან ფიქრობს, რომ არალეგიტიმურია. ის ახალი არჩევნების ჩატარებას ითხოვს.

6 იანვარს 15:03 საათზე ირაკლი აბუსერიძემ საჯარო რეესტრში განცხადება შეიტანა, რომელშიც ის 30 დეკემბერს ჩატარებულ რაგბის კავშირის განმეორებით ყრილობაზე დაფიქსირებული შედეგების ასახვას მოითხოვს - პრეზიდენტის და გამგეობის წევრების ცვლილებას. იმავე დღეს 23:35 საათზე საჯარო რეესტრის ოფიციალურ ვებგვერდზე განცხადება დაიდო სტატუსით - "სარეგისტრაციო წარმოების ვადის დინება შეჩერებულია". რეესტრის გადაწყვეტილებით, სარეგისტრაციო წარმოება შეჩერდა, ხოლო დადგენილი ხარვეზის აღმოსაფხვრელად განისაზღვრა 30 დღე. აბუსერიძის თქმით, ის იურისტებთან მუშაობს და ახალ დოკუმენტებს საჯარო რეესტრში მომდევნო კვირაში წარადგენს. მისი აზრით, 30 დეკემბრის ყრილობა წესების სრული დაცვით ჩატარდა, ლეგიტიმაცია ეჭვქვეშ არ დგას და ამის დამტკიცებას ხელახლა წარდგენილი დოკუმენტებით აუცილებლად შეძლებენ. 

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)
ინგლისი - სამხრეთ აფრიკა 27:26 (VIDEO)
ლევან მაისაშვილი: "ეს ორი თამაში საქართველოსთვის ძალიან დიდი აქტივია"