საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ირაკლი აბუსერიძის რაგბის კავშირის პრეზიდენტად რეგისტრაციაზე უარის მიზეზს განმარტავს

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ირაკლი აბუსერიძის რაგბის კავშირის პრეზიდენტად რეგისტრაციაზე უარის მიზეზს განმარტავს

როგორც იცით, საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ რაგბის კავშირის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების რეგისტრაცია შეაჩერა. 

6 იანვარს 15:03 საათზე საჯარო რეესტრში განცხადება ირაკლი აბუსერიძემ შეიტანა, რომელშიც ის 30 დეკემბერს ჩატარებულ რაგბის კავშირის განმეორებით ყრილობაზე დაფიქსირებული შედეგების ასახვას მოითხოვს - პრეზიდენტის და გამგეობის წევრების ცვლილებას.

იმავე დღეს 23:35 საათზე საჯარო რეესტრის ოფიციალურ ვებგვერდზე განცხადება დაიდო სტატუსით - "სარეგისტრაციო წარმოების ვადის დინება შეჩერებულია". რეესტრის გადაწყვეტილებით, სარეგისტრაციო წარმოება შეჩერდა, ხოლო დადგენილი ხარვეზის აღმოსაფხვრელად განისაზღვრა 30 დღე.

სრული განცხადება შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე

აღნიშნულთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ, რომელსაც აქვე გთავაზობთ.

"საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ირაკლი აბუსერიძემ განცხადებით 2021 წლის 6 იანვარს მიმართა. განცხადებით მოთხოვნილი იყო მისი რეგისტრაცია „საქართველოს რაგბის კავშირის“ პრეზიდენტად და გამგეობის ახალ წევრად, ასევე, გამგეობის ახალი წევრების რეგისტრაცია.

როგორც საჯარო რეესტრში წარმოდგენილი დოკუმენტაციით ირკვევა, „საქართველოს რაგბის კავშირმა“ პირველი კრება 2020 წლის 24 თებერვალს ჩაატარა, მაგრამ კვორუმის არარსებობის გამო კრება ვერ შედგა. ასეთ შემთხვევაში წესდება უშვებს პირველ კრებაზე წარმოდგენილი საკითხების განმეორებით კრებაზე განხილვის შესაძლებლობას, სადაც პირველი კრებისგან განსხვავებით, კვორუმისთვის, ნაცვლად ნამდვილ წევრთა ხმათა 2/3-სა, საჭიროა ნამდვილ წევრთა ხმების სულ ცოტა 50%-ზე მეტი. „საქართველოს რაგბის კავშირის“ წესდებით, ასეთ დროს განმეორებითი კრება არაუგვიანეს 30 დღეში უნდა ჩატარდეს. მიუხედავად ამ ჩანაწერისა, ირკვევა, რომ განმეორებითი კრება არა 30 დღის განმავლობაში, არამედ 10 თვის შემდეგ ჩატარდა. სწორედ ეს გახდა ირაკლი აბუსერიძის განცხადების წარმოების შეჩერების ერთ-ერთი საფუძველი.

ამასთან, როგორც ზემოთ აღინიშნა, პრეზიდენტის არჩევის გარდა განცხადებით მოთხოვნილი იყო გამგეობის ახალი წევრების რეგისტრაცია. ამ შემთხვევაში, გარდა იმისა, რომ დარღვეული იყო განმეორებითი კრების მოწვევის ვადები, არსებობს წარმოების შეჩერების კიდევ ერთი საფუძველი. კერძოდ, წესდების მიხედვით, არ შეიძლება განმეორებით კრებაზე განიხილონ ისეთი საკითხი, რაც პირველი კრების დღის წესრიგში არ ყოფილა. როგორც წარმოდგენილი დოკუმენტებით ირკვევა, გამგეობის წევრების არჩევა 24 თებერვალს ჩატარებული კრების დღის წესრიგში არ ყოფილა. შესაბამისად, დეკემბრის კრება ვადაში და წესდების დაცვით რომც ჩატარებულიყო, ის არ იყო უფლებამოსილი, განეხილა გამგეობის წევრების არჩევის საკითხი."


რეესტრის გადაწყვეტილებას არ ეთანხმება ირაკლი აბუსერიძე, რომელიც თვლის, რომ არჩევნები ლეგიტიმურად ჩატარდა და ყველაფერი წესრიგშია. მისი თქმით, მან იურისტებთან ერთად მუშაობა უკვე დაიწყო და ახალ დოკუმენტებს უახლოეს დღეებში წარადგენს. აბუსერიძეს ეთანხმება გოჩა სვანიძე, რომელიც რაგბის კავშირის წესდების ავტორია და ამბობს, რომ ყველაფერი წესრიგშია და რეესტრს არ აქვს იმის საფუძველი, რომ ყრილობა სამართლებრივად არ აღიაროს. აბსოლუტურად განსხვავებული მოსაზრება აქვს ბაჩო ხურციძე, რომელიც თვლის, რომ რეესტრის გადაწყვეტილება სწორი იყო და ერთადერთი გამოსავალი ახალი ყრილობის ჩატარებაა. 

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)
ინგლისი - სამხრეთ აფრიკა 27:26 (VIDEO)
ლევან მაისაშვილი: "ეს ორი თამაში საქართველოსთვის ძალიან დიდი აქტივია"