სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1

© Icon Sport
გასულ კვირას კონსტანტინე მიქაუტაძე ოფიციალურად ჩაირიცხა "ბაიონის" რიგებში, შაბათს კი "აჟენთან" გასვლაზე მოგებული (26:15) მატჩის 58-ე წუთზე შევიდა მინდორზე და ახალი კლუბის რიგებში დებიუტი ჰქონდა.
საქართველოს ნაკრების მეორეხაზელმა თებერვლის ბოლოს აქილევსის მყესი გაიწყვიტა და რვა თვის გამოტოვება მოუწია. გარდა ამისა, მას "მონპელიესთან" კონტრაქტი დაუსრულდა და ივნისის ბოლოდან მოყოლებული უკლუბოდ იმყოფებოდა. ქართველი მორაგბე ბედნიერია, რომ ახალი კლუბი იპოვა.
მიქაუტაძესთან სამშაბათს ფრანგულმა გამოცემა "რაგბირამამ" ვრცელი ინტერვიუ ჩაწერა, რომლის ქართულ ვერსიასაც აქვე გთავაზობთ.
- გვითხარით, როგორ მოხვდით "ბაიონში"?
- თავიდან სულაც არ იყო გეგმაში "ბაიონში" გადასვლა. შარშან "მონპელიეში" ვთამაშობდი და კონტრაქტის გახანგრძლივებაზე ვსაუბრობდით. ასევე მოლაპარაკებები მქონდა ტოპ 14-ის სხვა კლუბებთან. ბოლო მატჩში, რომელიც "მონპელიეს" რიგებში ვითამაშე "პოს" წინააღმდეგ (29 თებერვალს), აქილევსის მყესი გავიწყვიტე. ეს საკმაოდ ხანგრძლივი ტრავმაა, ამიტომ ყველამ, ვისთანაც მოლაპარაკებებს ვაწარმოებდი მითხრა, "სამ თვეში ვნახავთ, როგორ გამოჯანმრთლდები". ჩემი ტრავმიდან სამ კვირაში კი, პანდემიამ საფრანგეთში შემოაღწია. ყველა კლუბი, რომლებთანაც მოლაპარაკებებს ვაწარმოებდი და იცოდნენ, რომ ტრავმა მივიღე რადარებიდან გაქრნენ (იცინის). ჩემს აგენტს ჰქონდა გარკვეული საუბრები, მაგრამ ეს შორს არ წასულა.
- და შემდეგ?
- აგვისტოს დასაწყისში ჩემით "ბაიონი" დაინტერესდა, მაგრამ მათ სურდათ, რომ ჯერ მოეცადათ, თუ როგორ განახლდებოდა ჩემპიონატი და როგორი იქნებოდა ჩემი მდგომარეობა ტრავმის კუთხით. შემდეგ კლუბში რამდენიმე მორაგბემ ტრავმა მიიღო და მითხრეს, რომ მე უნდა ჩამებარებინა ტესტი. ამის შემდეგ, სამი-ოთხი დღე გავატარე "ბაიონში" და ყველაფერი ძალიან კარგად წავიდა. სამედიცინო პერსონალი და ფიზმომზადების მწვრთნელები კმაყოფილნი დარჩნენ ჩემი სარეაბილიტიაციო პროცესით. ასე რომ, "ბაიონის" ღირსებას მინიმუმ სეზონის ბოლომდე დავიცავ. ახლა მე მაქვს სამედიცინო ჯოკრის სტატუსი, მაგრამ როდესაც ის დასრულდება (სამთვიანია - ავტ.), მე ვიქნები დამატებითი მოთამაშე.
- როგორი იყო თქვენი ცხოვრება გასულ თვეებში, როდესაც იყავით უთამაშებლად და კლუბის გარეშე, კორონავირუსის პანდემიის ფონზე?
- როდესაც ტრავმა მივიღე, მე ვიყავი შინ, მონპელიეში. ორი თვის განმავლობაში სიარული არ შემეძლო, როდესაც დაიწყო გლობალური პანდემია, გარეთ გასვლა არავის შეეძლო და ყველა ჩაკეტილი იყო. ჩემი ქალიშვილი 4 თებერვალს დაიბადა, ხოლო მე ტრავმა მივიღე 29-ში. ასე რომ, მე შემეძლო მაქსიმალურად გამომეყენებინა ეს პერიოდი და მთელი დრო ჩემს მეუღლესთან და შვილთან ერთად გამეტარებინა. ჩვენ მშვენიერი დრო გავატარეთ. ნამდვილად დამეხმარა იმ დროს ჩემს შვილთან და მეუღლესთან ერთად ყოფნა.
რაც შეეხება თამაშს, ვიცოდი, რომ იმ პერიოდში თამაშს ვერავინ ახერხებდა. რთული რამ არის ტრავმა, ძნელია უყურო როგორ თამაშობენ შენი მეგობრები და შენ არ შეგიძლია მონაწილეობის მიღება... საერთო ჯამში ჩემმა ტრავმამ თითქმის 8 თვე გასტანა და მხოლოდ 5 თამაშის გამოტოვება მომიწია. ხუთი კვირა რვა თვეში, თითქმის არაფერია.
- ბევრმა მორაგბემ, რომლებსაც თავიანთ კლუბებთან კონტრაქტი ამოეწურათ, ახალი კლუბი ვერ მონახა, რაც ნაწილობრივ კოვიდის დამსახურებაა. ამის გამო ხომ არ წუხდით?
- არა, არ ვდარდობდი. ლიგამ შეიმუშავა ახალი წესები, რომლის მიხედვითაც უკლუბოდ დარჩენილ მორაგბეებს ახალი კლუბის მონახვა 2021 წლის 31 იანვრამდე შეუძლიათ, დამატებითი მოთამაშის ან სამედიცინო ჯოკრის სტატუსით. ეს საკმაოდ დიდი დრო იყო და ვიცოდი, რომ როდესაც ტრავმას მოვიშუშებდი, ვიპოვიდი კლუბს ტოპ 14-ში ან პრო დ2-ში. მე ვარ ბედნიერი, რომ ახალი კლუბის პოვნა ტოპ 14-ში მოხერხდა. რვათვიანი უთამაშებლობის შემდეგ ფიზიკურად რთულია, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო სამი თვე ვვარჯიშობდი. კორტზე სირბილი და ვარჯიში და თამაში სხვადასხვა რამეა. ვფიქრობ, რომ ნელ-ნელა სასურველ ფორმას დავუბრუნდები.
- რამ განაპირობა თქვენი "ბაიონში" მოსვლა?
- მე კვლავ მინდოდა, რომ განმეცადა თამაშიდან მიღებული შეგრძნებები, თუნდაც ყოფილიყო პრო დ2-ში. ბედნიერი ვარ, რომ "ბაიონთან" კონტრაქტს მოვაწერე ხელი, რადგან ტოპ 14-ის კლუბის პოვნა მსურდა. ეს არის დიდი ისტორიის კლუბი, რომლის გულშემატკივრებსაც ვიცნობ. მათ მართლაც შესანიშნავი გულშემატკივრები ჰყავთ, როდესაც ჩვენი ვარჯიშია, ყოველთვის არიან ადამიანები, რომლებიც მოდიან და გვიყურებენ. გარკვეულწილად იგივე გრძნობები მაქვს, რაც "ტულონში" ყოფნისას მქონდა. ხალხს უყვარს რაგბი. ეს შესანიშნავია.
- იცნობდით თუ არა რომელიმე მოთამაშეს "ბაიონის" შემადგენლობიდან?
- რომან ბართლემთან ერთად მითამაშია, რომელთან ერთადაც "ტულონში" ვიყავი. სხვებს უბრალოდ ვიცნობდი, როგორც ძველ მოწინააღმდეგეებს, მატჩებიდან. გუნდში ინტეგრირება მალევე მოვახერხე. მოხარული ვარ, რომ მორაგბეებთან და სტაფთან ყველაფერი კარგად მიდის, მათ კარგად მიმიღეს და იმედი მაქვს, რომ ასე გაგრძელდება.
- როგორ ფიქრობთ, რას მოუტანთ გუნდს?
- ჩემი ძლიერი მხარეა ბიძგის მიცემა, როგორც როგორც შერკინებაში, ასევე ღია თამაშში, ბურთის წაღება. "ბაიონში" საკმაოდ ბევრი ახალგაზრდა, ნიჭიერი მორაგბეა. ვფიქრობ, შემიძლია, რომ მათ მივცე ძალა, რათა ერთად წავიდეთ წინ. კლუბს აქვს კარგი პროექტი, რომელიც ორი წლის წინ პრო დ2-დან დაიწყო. საჭიროა, გუნდის ნელ-ნელა აშენება და ყოველ შაბათ-კვირას მუშაობა, რომ სატურნირო ცხრილში უფრო მაღლა ავიდეთ.
- "ბაიონში" პირველი შეხვედრა შაბათს ჩაატარეთ. როგორი იყო თქვენი შთაბეჭდილებები?
- რვათვიანი უთამაშებლობის შემდეგ, სტუმრად მოგებით დაწყება შესანიშნავია. ბედნიერი ვარ. ამის შემდეგ, ცოტა მეტი უნდა ვიმუშავო ჩემს დისციპლინაზე. ოცი წუთის განმავლობაში, მსაჯმა ორჯერ დამაჯარიმა. პირველი ჩემი ბრალი იყო, თუმცა მეორე ეპიზოდში მე პირდაპირ შევედი მოლში და ჩვეულებრივ, ეს არ არის ჯარიმა. მეტი უნდა ვიმუშავო, რომ ნაკლებად დავისაჯო და გუნდიც ნაკლებად დაჯარიმდეს.
- პარასკევს თქვენ "ტულონის" წინააღმდეგ ითამაშებთ, სადაც 2010-2016 წლებში თამაშობდით...
- "ტულონი" ოთხი წლის წინ დავტოვე. მას შემდეგ მწვრთნელი და ბევრი მოთამაშე შეიცვალა. "ტულონი" ძალიან დიდი გუნდია. მათ წინააღმდეგ თამაში რთული იქნება, მიუხედავად იმისა, რომ შინ ვთამაშობთ. თუ ყველანი 200%-ით არ დავიხარჯებით, გამარჯვება რთული იქნება. "ტულონი" ძლიერია შერკინებაში, ბურთის წაღებაში...
- მატჩი ჩატარდება დახურულ კარს მიღმა ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო. ოდესმე გითამაშიათ ცარიელ სტადიონზე?
- (ის ფიქრობს) არა... თუ ამ უიქენდზე ვითამაშებ, ეს იქნება პირველი შემთხვევა. სპორტის ნებისმიერ სახეობაში გულშემატკივრები შესანიშნავ ატმოსფეროს ქმნიან. ისინი ხელს უწყობენ, რომ იყოს განსხვავება საშინაო და საგარეო მატჩებს შორის. მათი როლი ძალიან მნიშვნელოვანია საშინაო მატჩებისას. ახლა, როდესაც მატჩები იმართება დახურულ კარს მიღმა, საშინაო და საგარეო მატჩები თითქმის ერთი და იგივეა. იმედი მაქვს, რომ პუბლიკას მალე შეეძლება სტადიონზე დაბრუნება. შესანიშნავია მოედანზე ყოფნა და ბასკების სიმღერების მოსმენა.
სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1
31 აგვისტოს ფოთში გაიმართა ქვიშის თაჩ რაგბის ტურნირი ფოთის მუნიციპალიტეტისა და თაჩ რაგბი ჯორჯიას ორგანიზებით. მონაწილეობა მიიღო რეგიონის 8
როგორც მოსალოდნელი იყო 2024 ის ერთა თასისთვის ახალმა მწვრთნელმა, დატოვებულ შემადგენლობაში ცვლილებები შეიტანა და ერთბაშად 11 დებიუტანტს უხმო
აღსანიშნავია, რომ "ლე ბლემ" "ოლ ბლექსის" დამარცხება 2009 წლის შემდეგ პირველად მოახერხა.