რუსი ჩივოვნიკი რაგბი ევროპის პრეზიდენტად?

რუსი ჩივოვნიკი რაგბი ევროპის პრეზიდენტად?

რუსეთის რაგბის ფედერაციამ გუშინ ოფიციალურად განაცხადა, რომ "რაგბი ევროპის" საპრეზიდენტო არჩევნებზე ისინი საკუთარ კანდიდატს წარადგენენ. 

რუსეთის რაგბის ფედერაციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ იგორ არტემიევმა, "რაგბი ევროპის" პრეზიდენტობის კანდიდატად უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, კირილ იაშენკოვი დაასახელა.

"რაგბი ევროპის" პრეზიდენტი ამჟამად რუმინელი ოქტავიანე მორარიუა, რომლის მიმართაც ძალიან ბევრი პრეტენზია გაისმის და "მსოფლიო რაგბის" საპრეზიდენტო არჩევნებისას კორუფციაში იქნა დადანაშაულებული - რამდენიმე ფედერაციამ, კონკრეტულად კი პორტუგალიამ და გერმანიამ განაცხადეს, რომ "რაგბი ევროპას" მათთვის არაფერი უკითხავთ და ისე მისცეს ხმები ბილ ბომონტს. ისიც აღსანიშნავია, რომ საქართველომ და რუმინეთს ცალკე კუთვნილი თითო ხმა აგუსტინ პიშოს მისცეს და ბუნებრივია, რომ "რაგბი ევროპის" ეგიდითაც იგივეს სურვილი ექნებოდათ, თუმცა ორგანიზაციის განცხადებაში ეწერა, რომ ბომონტზე მხარდაჭერა ერთხმად იქნა გადაწყვეტილი, რაც შემდგომში გაირკვა, რომ სულაც არ იყო ასე.

მორარიუ "რაგბი ევროპის" პრეზიდენტობისთვის კვლავ იბრძოლებს და მისი ოპონენტი იაშენკოვი იქნება. ჯერჯერობით უცნობია, იქნება თუ არა პრეზიდენტობის კიდევ სხვა კანდიდატი. "რაგბი ევროპის" საპრეზიდენტო არჩევნები 4 დეკემბერს უნდა გაიმართოს, მაგრამ პანდემიის გამო, არჩევნები, შესაძლოა, 2021 წლის მარტამდე გადაიდოს.

როგორც ჩანს, "რაგბი ევროპის" მმართველობით რუსები უკმაყოფილონი არიან, რაც ორიოდე დღის წინ მიცემულ ინტერვიუში იაშენკოვმა გააჟღერა. ის უკმაყოფილოა, რომ რაგბი ევროპის ჩემპიონატის ბოლო ტურის მატჩები კიდევ ერთხელ გადაიდო.

"რაგბი ევროპის ჩემპიონატის ბოლო ტურის მატჩების კიდევ ერთხელ გადადებამ ცხადყო, რომ "რაგბი ევროპას" არ შეუძლია გადაწყვეტილების მიღება და შესაბამის დონეზე ტურნირების ორგანიზება. შესაბამისად, მათ პასუხისმგებლობა ეკისრებათ ამ მოქმედებებზე. იმის გათვალისწინებით, თუ რა კარგად ჩატარდა ევროთასების ფინალი და როგორ ემზადებიან საუკეთესო ევროპული ნაკრებები 6 ერის დასრულებისთვის და შემოდგომის ერთა თასის ტურნირისთვის, ყველასთვის აშკარაა, რომ რაგბი ევროპის ჩემპიონატის დასრულება ასევე მშვიდად და წარმატებით შეიძლება დაგვესრულებინა.

ეს გადაწყვეტილება აბსურდულია და მისი შედეგი პრობლემას უქმნის მომდევნო სეზონის ჩემპიონატსაც, რომელიც 2021 წლის თებერვალ-მარტში უნდა ჩატარდეს და ეს იქნება 2023 წლის მსოფლიო თასის საკვალიფიკაციო ეტაპიც. თუ ისე მოხდა, რომ ძველი ტურნირის ჩამთავრება და მაშინვე ახლის დაწყება მოგვიწია, ეს პრობლემებს შეგვიქმნის. პრობლემაა ისიც, რომ გაურკვეველია ნიდერლანდების ბედიც, რომელიც რაგბი ევროპის ალაფის გამარჯვებულად გამოცხადდა, მაგრამ არავინ იცის რა ბედი ეწევა ამ გუნდს და ითამაშებს თუ არა გადათამაშების მატჩს, ეს ყველაფერი დაბნეულობას ქმნის.

ასევე მინდა ვთქვა, რომ საერთოდ გაუგებარია, თუ ვინ იღებს ამ გადაწყვეტილებებს, რადგან "რაგბი ევროპის" ყველა განცხადება სრულდება ხელმოწერის გარეშე, მათ ხელს არ აწერს არც ორგანიზაციის პრეზიდენტი და არც აღმასრულებელი მდივანი. ამიტომაც, ჩვენ არ ვიცით, თუ ვინ არის პასუხისმგებელი მატჩების გადადებაზე. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, თუ ვინ იღებს ამ გადაწყვეტილებებს და ვინ არის მასზე პასუხისმგებელი", -
განაცხადა იაშენკოვმა.

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)
ინგლისი - სამხრეთ აფრიკა 27:26 (VIDEO)
ლევან მაისაშვილი: "ეს ორი თამაში საქართველოსთვის ძალიან დიდი აქტივია"