წინათქმა: შოტლანდია VS საქართველო

წინათქმა: შოტლანდია VS საქართველო

შვიდთვენახევრიანი პაუზის შემდეგ, ევროპული სანაკრებო რაგბი ბრუნდება და ბრუნდება საქართველოს ნაკრების მატჩით, რომელიც ედინბურგში, "მარიფილდზე" შოტლანდიის ნაკრებს დაუპირისპირდება. წელიწადი და ორი თვის შემდეგ ამ ნაკრებების გზა კვლავ გადაიკვეთა და ამ ტესტ-მატჩით ორივე ნაკრები შემოდგომის ერთა თასისთვის (8 ერისთვის) გახურდებიან, თუმცა იქამდე 31 ოქტომბერს შოტლანდიას უელსთან 6 ერის ბოლო ტურის საგარეო მატჩიც ელის. თავის მხრივ, რაგბი ევროპის ჩემპიონატის ბოლო ტურში უნდა ეთამაშათ "ბორჯღალოსნებს", მაგრამ 6 ერის ორგანიზატორებისგან განსხვავებით, გაცილებით დაბლა მდგომმა "რაგბი ევროპამ" ვერც შეძლო ბოლო ტურის მატჩების უსაფრთხო ორგანიზება და შესაბამისად 1 ნოემბერს გასამართი რუსეთთან რკენა გადაიდო, ისევე როგორც სხვა ორი შეხვედრა. 

შოტლანდია

შეგვიძლია ვთქვათ, რომ შოტლანდიის ნაკრები საქართველოსთან ტესტ-მატჩს ძალიან კარგ მდგომარეობაში ხვდება. საკლუბო დონეზე "ნარშავებს" პრობლემები არ აქვთ, რადგან გინეს პრო 14 აგვისტოს ბოლოს შეკვეცილი ფორმატით განახლდა და ჯერ 2019/2020 წლების სეზონი დასრულდა, 3 ოქტომბერს კი ახალი 2020/2021 წლების სეზონიც დაიწყო. მას შემდგომ, რაც პანდემიისგან გამოწვეული ექვსთვიანი პაუზის შემდეგ პრო 14 დაბრუნდა, "ედინბურგმა" 5 შეხვედრა ჩაატარა, "გლაზგო უორიორსმა" კი - 4, რაც მორაგბეების ფორმაში შესასვლელად საკმარისი დროა. როგორც იცით, შოტლანდიის ნაკრების ბირთვი სწორედ ამ 2 ფრენჩაიზში ასპარეზობს და შესაბამისად, სათამაშო პრაქტიკის მხრივ "ნარშავებს" არანაირი პრობლემა არ აქვთ. 

შემადგენლობის მხრივაც მხოლოდ მინიმალური პრობლემები აქვთ, ისიც იმიტომ, რომ "ექსეტერ ჩიფსს" პრემიერშიპის ფინალი აქვს სათამაშო და ამის გამო, "ბორჯღალოსნებთან" მატჩში ფულბექი სტიუარტ ჰოგი, მხტომეტი ჯონი გრეი და მესამეხაზელი სემ სკინერი. 2019 წლის მსოფლიო თასის შემდეგ ნაკრებში პირველად ითამაშებს ფინ რასელი, რომელიც დისციპლინური კოდექსის დარღვევის გამო დასაჯეს და 6 ერში არ გამოიძახეს. "რასინგ 92"-ის ვარსკვლავი თადარიგშია და შეცვლიდან ვიხილავთ. 

"ნარშავების" რიგებში ორ ნატურალიზებულ სამხრეთაფრიკელ მორაგბეს ექნება დებიუტი: ძირითადში იქნება 25 წლის გარემარბ დუჰან ვან დერ მერვე, რომელმაც თავი "ედინბურგის" შემადგენლობაში ბრწყინვალე თამაშით გამოიჩინა, ხოლო მარქაფაში იქნება და შეცვლაზე შემოვა "გლაზგო უორიორსის" 28 წლის ბურჯი ოლი კებლი. 

ღერძს "გლაზგო უორიორსის" მორაგბეები ალი პრაისი და ადამ ჰესტინგსი გაამაგრებენ. ასევე აღსანიშნავია, რომ შოტლანდიელთა თადარიგში ხუთის ნაცვლად, ექვსი მორკინალია. უკანახაზელთაგან მარქაფაში მხოლოდ ჯორჯ ჰორნი და ფინ რასელი არიან. 

"ნარშავებს" "გლაზგო უორიორსის" კვაჭი ფრეიზერ ბრაუნი უკაპიტნებს, რომელიც 50-ე საიუბილეო კეპს მოიხვეჭს.

შოტლანდიის ნაკრების შემადგენლობა

შერკინება

1. რორი სათერლენდი, 2. ფრეიზერ ბრაუნი (კაპ), 3. ზანდერ ფაგერსონი, 4. ბენ ტულისი, 5. სკოტ ქამინგსი, 6. ჯეიმი რიჩი, 7. ჰემიშ ვოტსონი, 8. მეთ ფეგერსონი;

უკანა ხაზი

9. ალი პრაისი, 10. ადამ ჰესტინსი, 11. დუჰან ვან დერ მერვე, 12. ჯეიმს ლენგი, 13. კრის ჰარისი, 14. დარსი გრემი, 15. ბლეარ კინგჰორნი;

მარქაფა

16. სტუარტ მაკინალი, 17. ოლი კებლი, 18. საიმონ ბერგენი, 19. რობ ჰარლი, 20. ნიკ ჰეინინგი, 21. კორნელ დუ პრეზი, 22. ჯორჯ ჰორნი, 23. ფინ რასელი.

საქართველო

სათამაშო პრაქტიკის კუთხით აბსოლუტურად განსხვავებული სიტუაციაა საქართველოს ნაკრებში. როგორც იცით, დიდი 10-ის განახლება მხოლოდ 7 ოქტომბერს მოხერხდა, მაშინ, როდესაც "ბორჯღალოსნები" შევარდენის ბაზაზე იზოლირებულად გადიოდნენ შეკრებას. შესაბამისად, ნაკრების წევრებს ეროვნულ ჩემპიონატში თამაში არ მოუწიათ და 23-კაციან განაცხადში 10 ისეთი მორაგბე, რომლებსაც პანდემიის დაწყების შემდეგ ოფიციალურ მატჩში არ უთამაშიათ. ამ 10 მორაგბიდან მერაბ შარიქაძეს საერთოდ 2019 წლის 11 ოქტომბრის შემდეგ აღარ უთამაშია. "ბორჯღალოსნების" კაპიტანმა ბოლო მატჩი მსოფლიო თასზე ავსტრალიის წინააღმდეგ ჩაატარა, რაგბი ევროპის ჩემპიონატი ტრავმის გამო გამოტოვა, ხოლო ივნისის ბოლოს "ორიაკი" დატოვა. 

ძირითად შემადგენლობაში რვა ისეთი მორაგბეა, რომლებსაც მიმდინარე სეზონში ერთი წუთიც კი არ უთამაშია, ხოლო მარქაფაში ორი ასეთია. უნდა ითქვას, რომ საქართველოს ჩემპიონატში და უკლუბოდ მყოფი მორაგბეები მაისის ბოლოდან ლევან მაისაშვილის ხელმძღვანელობით ვარჯიშობენ და ფიზიკურად კარგ ფორმაში იმყოფებიან, თუმცა სათამაშო პრაქტიკა მაინც სულ სხვაა და ეს სერიოზული პრობლემაა.

რაც შეეხება დანარჩენ 13 მორაგბეს, ექვს მოთამაშეს 100 წუთზე ნაკლები აქვს ნათამაშები. სათამაშო პრაქტიკის კუთხით ყველაზე კარგად საქმე მიხეილ ნარიაშვილს, ლექსო ყაულაშვილს, ბექა საღინაძეს, ბექა გორგაძეს, ვასილ ლობჟანიძეს, გიორგი ჯავახიას და გიორგი მელიქიძეს აქვთ. მათგან ყველაზე მეტი სათამაშო პრაქტიკა ბექა საღინაძეს აქვს, რომელსაც წლევანდელ პრო დ2-ში 279 წუთი აქვს ნათამაშები. შემდეგ მოდის გიორგი ჯავახია, რომელიც "ნარშავებთან" თამაშში მარქაფიდან ჩაერთვება. მან მიმდინარე სეზონში "ორიაკის" მაისურით 232 წუთი გაატარა მინდორზე, ხოლო ვასილ ლობჟანიძე "ბრივის" ოთხივე მატჩში სასტარტოში გახლდათ და წლევანდელ ტოპ 14-ში 228 წუთი ითამაშა.

"ბორჯღალოსნების" რიგებში პირველ კეპს მოიხვეჭს "ბორდოს" ბურჯი ლექსო ყაულაშვილი, რომელიც თამაშს ძირითადი შემადგენლობიდან მარჯვენა ბურჯის პოზიციაზე დაიწყებს. ნაკრების კვართით მეორედ ითამაშებენ მეორეხაზელები გრიგორ ქერდიყოშვილი და გიორგი ჯავახია. ქერდიყოშვილი ძირითადშია, ხოლო ჯავახია - მარქაფაში. მესამე კეპს მოიხვეჭენ ფრთა აკაკი ტაბუცაძე და შუამარაბი დემე თაფლაძე, რომლებიც სასტარტო თხუთმეტეულში იმყოფებიან. აღსანიშნავია, რომ ტაბუცაძემ ამ ორ მატჩში ხუთი ლელოს დადება მოახერხა. ყველაზე გამოცდილი მორაგბე კი სანდრო თოდუაა, რომლის ანგარიშზეც 85 სანაკრებო კეპია.

რაც შეეხება ტრავმებს, გასულ პარასკევს ბექა გიგაშვილმა მტკივანი ფეხით ითამაშა და ფეხი ახლაც აწუხებს. როგორც ლევან მაისაშვილმა თქვა, ის საკუთარი მოთამაშეების ჯანმრთელობას რისკის ქვეშ არ დააყენებს. შესაბამისად, ბექა ამ მატჩს გამოტოვებს. ამავე მიზეზის გამო, "ნარშავების" წინააღმდეგ არ იქნებიან ვანო კარკაძე, გიორგი ცუცქირიძე, ლევან ჩილაჩავა და ლაშა ხმალაძე, ხოლო კონსტანტინე მიქაუტაძემ ხანგრძლივი რეაბილიტაციის პროცესი ახლახანს დაასრულა და ახალ კლუბს "ბაიონს" რამდენიმე დღის წინ შეუერთდა.  

23-კაციან განაცხადში 12 მორაგბე საფრანგეთის ჩემპიონატში ასპარეზობს, 9 ტოპ 14-ში, ხოლო 3 - პრო დ2-ში. შალვა მამუკაშვილი ინგლისის პრემიერშიპში ასპარეზობს, რვა მოთამაშე დიდი 10-ის კლუბებში ირჯება, ხოლო მერაბ შარიქაძე და ჯაბა ბრეგვაძე ამჟამად უკლუბოდ იმყოფებიან. ძირითად შემადგენლობაში შვიდი ლეგიონერია: ბურჯები, მესამეხაზელები და ღერძი.

"ბორჯღალოსნების" შემადგენლობა შოტლანდიის წინააღმდეგ ასე გამოიყურება:

შერკინება


1. მიხეილ ნარიაშვილი, 2. ჯაბა ბრეგვაძე, 3. ლექსო ყაულაშვილი, 4. ნოდარ ჭეიშვილი, 5. გრიგორ ქერდიყოშვილი, 6. ოთარ გიორგაძე, 7. ბექა საღინაძე, 8. ბექა გორგაძე;

უკანა ხაზი

9. ვასილ ლობჟანიძე, 10. თედო აბჟანდაძე, 11. სანდრო თოდუა, 12. მერაბ შარიქაძე (კაპ.), 13. დემე თაფლაძე, 14. აკაკი ტაბუცაძე, 15. სოსო მათიაშვილი;

მარქაფა

16. შალვა მამუკაშვილი, 17. გურამ გოგიჩაშვილი, 18. გიორგი მელიქიძე, 19. გიორგი ჯავახია, 20. გიორგი თხილაიშვილი, 21. გელა აფრასიძე, 22. გიორგი კვესელაძე, 23. თამაზ მჭედლიძე;

წინასამატჩო კომენტარები

გრეგორ თაუნსენსი (შოტლანდიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი): "შესანიშნავია, რომ მორაგბეები, სანაკრებო შეკრებას დაუბრუნდნენ. ჩვენთვის მწვრთნელებისთვის ნამდვილად სასიამოვნოა, რომ იძულებითი შესვენების შემდეგ, რომელიც Covid 19-მა გამოიწვია, კვლავ მათთან ერთად გვიწევს მუშაობა.

შემოდგომის სერიებს საქართველოსთან მატჩით ვიწყებთ. ეს ტესტი გვაძლევს ნამდვილ შესაძლებლობას, რომ ვნახოთ სად არიან ამჟამად ჩვენი მორაგბეები, როგორ ფორმაში იმყოფებიან, როგორ კონდიციებში. 

ეს არის პროფესიონალიზმის და შრომისმოყვარეობის დასტური, რომელიც ფრეიზერ ბრაუნმა ბოლო წლებში შოტლანდიის ნაკრებისთვის გაიღო. ის საქართველოსთან მატჩისთვის კაპიტნად ავირჩიეთ, ხოლო ვიცე-კაპიტნები ჯეიმი რიტჩი და ალი პრაისი იქნებიან, რომლებიც ბოლო რამდენიმე სეზონების განმავლობაში ლიდერებად იქცნენ.

საქართველოს ნაკრებს ჰყავს მწვრთნელთა ახალი ჯგუფი, რომლებსაც სურთ, რომ საკუთარი ხელწერა დაატყონ ამ მატჩებისას. ასე რომ, ჩვენ შევარჩიეთ რაც შეიძლება ძლიერი გუნდი ფიზიკურად ძალიან ძლიერი და მოტივირებული მეტოქის წინააღმდეგ."


ლევან მაისაშვილი (საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი): "თუ არ ჩავთვლით ტრავმირებულ მოთამაშეებს, ოპტიმალური შემადგენლობა შევარჩიეთ. ბექა გიგაშვილმა ფინალი ტრავმირებული ფეხით ითამაშა, თუმცა მე არ ვაპირებ ჩემი მორაგბეების რისკის ქვეშ დაყენებას. მას ფეხი ახლაც აწუხებს. დებიუტი ექნება ლექსო ყაულაშვილს, რომელიც ძალიან კარგ ფორმაშია და ამ მოკლე პერიოდში, გუნდის მზადების პროცესში კარგად ჩაერთო. ვარჯიშზე ფეხი დაიზიანა ლაშა ხმალაძემ. ტრავმა სერიოზული არაა, თუმცა ამ თამაშს გამოტოვებს.

გვყავს მობილური და სწრაფი მესამე ხაზი. შეცვლაზეა გიორგი ჯავახია, რომელიც ნაკრებში ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ითამაშებს. ის კარგ ფიზიკურ ფორმაშია. მთლიანობაში, მარქაფაში ისეთი მორაგბეები არიან, რომლებმაც გუნდში ენერგია უნდა შემოიტანონ. მიუხედავად იმისა, რომ მოსამზადებლად მცირე დრო გვქონდა, ვთვლი, რომ ოპტიმალურად მოვახერხეთ შეტევისა და დაცვის სქემების გავლა და თუ უთამაშებლობამ თავი არ იჩინა, კარგი და საინტერესო თამაში გამოგვივა."


მოთამაშეები, რომლებსაც თვალი უნდა ადევნოთ

დ'არსი გრემი - ერთადერთი მორაგბე, რომელმაც 2019 წელს საქართველოსთან ჩატარებულ ორივე ტესტ-მატჩში შეძლო ლელოების გატანა. 23 წლის მორაგბე შესანიშნავი სისწრაფით გამოირჩევა. 


ბექა გორგაძე - 2019 წლის საუკეთესო ქართველი მორაგბე, რომელმაც წლევანდელ რაგბი ევროპის ჩემპიონატში საქართველოს ნაკრებს უკაპიტნა. ის ფიზიკურად ძალიან ძლიერი მორაგბეა, აქვს კარგი კონტაქტი და არც სალელოვე ალღო დაეწუნება. 


ურთიერთშეხვედრები

საქართველოს და შოტლანდიის ნაკრებებს აქამდე ერთმანეთის წინააღმდეგ ოთხჯერ უთამაშია. პირველად ამ გუნდების გზები 2011 წლის მსოფლიო თასზე გადაიკვეთა, რომელშიც ულელოო მატჩში "ნარშავებმა" 15:6 იმარჯვეს. მომდევნო მატჩი 2016 წლის ნოემბრის ტესტებზე კილმარნოკში შედგა: შოტლანდიამ 43:16 იმარჯვა, საქართველოს ნაკრების რიგებიდან კი ორივე ლელო ვასილ ლობჟანიძემ გაიტანა. 2019 წელს კი ამ გუნდებმა ზედიზედ ორი ტესტ-მატჩი გამართეს: 31 აგვისტოს თბილისში დაუპირისპირდნენ ერთმანეთს და ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც საქართველოს პირველი დონის ქვეყანა ესტუმრა. შოტლანდიამ 43:10 მოიგო, ქართველთაგან ერთადერთი ლელო კახა ასიეშვილმა დადო. ამ მატჩიდან 1 კვირაში შოტლანდიამ "მარიფილდზე" 36:9 მოგვიგო. 

ამ ოთხ მატჩში შოტლანდიელებმა ჯამში 138 ქულის გატანა მოახერხეს, ხოლო ქართველებმა 41 ქულის მოპოვება შეძლეს.

მსაჯები

შეხვედრას 33 წლის ფრანგი მსაჯი ალექსანდრე რუისი განსჯის, რომელიც ტესტ-მატჩებს 2014 წლიდან უძღვება. ის ტოპ 14-ში 2013 წლიდან მსაჯობს, ხოლო ჩემპიონთა თასის მატჩები 2016 წლიდან ანდეს. ასევე მსაჯობდა 7-კაცას მსოფლიო სერიებს და 2016 წლის რიო დე ჟანდეიროს ოლიმპიადაზე იმუშავა, რომელშიც რაგბი 7-კაცათი გახლდათ წარმოდგენილი. რუისი საქართველოს ნაკრებისთვის უცხო მსაჯი არ გახლავთ - ფრანგმა მსაჯმა საერთაშორისო 15-კაცა რაგბიში პირველად 2014 წელს იმსაჯა, როდესაც საქართველომ რაგბი ევროპის ჩემპიონატის მატჩში რუსეთი 36:10 დაამარცხა. 2015 წელს მადრიდში ესპანეთი-საქართველოს მატჩი განსაჯა, რომელშიც "ბორჯღალოსნებმა" 26:13 გაიმარჯვეს, ხოლო 2016 წლის ნოემბრის ტესტებზე საქართველოს და სამოას დაპირისპირებას გაუძღვა, რომელშიც სამოას 20:16 ვძლიეთ.

გვერდითი მსაჯები ფრანგი მატიო რეინალი და ბენ უაითჰაუსი იქნებიან, ხოლო ვიდეორეფერი იტალიელი მარიუს მიტრეა იქნება.

სად ვუყუროთ?

მატჩი თბილისის დროით 22:30 საათზე დაიწყება და ტელეკომპანია "იმედის" პირდაპირ ეთერში იხილავთ.

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)
ინგლისი - სამხრეთ აფრიკა 27:26 (VIDEO)
ლევან მაისაშვილი: "ეს ორი თამაში საქართველოსთვის ძალიან დიდი აქტივია"