სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1

გასული საუკუნის მიწურულს, საქართველოში იმდროისთვის ჯერ კიდევ ნაკლებად პოპულარული სპორტის აღზევება და განვითარება დაიწყო. ეს სახეობა რაგბია, რომელსაც უკვე დღეისთვის ბევრი ეროვნულ სახეობად მიიჩნევს არამარტო საქართველოში, არამედ ეს მოსაზრებად ბევრ უცხოელ გულშემატკივარშიც არსებობს და მაგალითად, „ვიკიპედიას“ რომ ჩავხედოთ, საქართველოში ეროვნული სპორტის სახეობად სწორედ რაგბია მითითებული.
ელემენტარული პირობების არარსებობის მიუხედავად, 90-იანი წლების ბოლოდან იწყება როგორც საქართველოს ნაკრების აღზევება, ასევე ქართველი მორაგბეების გადინება საფრანგეთში, რასაც მთელი ამ პერიოდის განმავლობაში უდიდესი როლი მიუძღვის ქართული რაგბის განვითარებაში. ქართველმა მორაგბეებმა მალევე შეძლეს და საკუთარი გარჯით, ქცევით და კაცობით პატივისცემა მოიპოვეს საფრანგეთში. 2021 წელსაც სწორედ საფრანგეთში მოთამაშე ქართველი მორაგბეები განაპირობენ საქართველოს ნაკრების წარმატებას და ისეთი პირი უჩანს, რომ უახლოეს წლებშიც ასე იქნება.
მიუხედავად იმისა, რომ საფრანგეთში მაღალ დონეზე უასპარეზიათ სხვადასხვა პოზიციის ქართველ მორაგბეებს, მათ შორის მამუკა გორგოძეს, ვიქტორ კოლელიშვილს და გია ლაბაძეს, უპირველესად ქართულ რაგბს და ქართველ მორაგბეებს ფრანგები და არამარტო ფრანგები, ქართველი ბურჯებით იცნობენ. ქართველი ბურჯები და უძლიერესი შერკინება ერთმანეთთან პირდაპირ ასოცირდებიან. ამიტომაც არის, რომ ქართველი ბურჯები საფრანგეთში დიდი ხანია დაფასებულები არიან, მათ პროფესიონალიზმსა და სანდოობაში ეჭვი აღარავის ეპარება და ამის ლოგიკური შედეგია, რომ დღეისთვის როდესაც ტოპ 14-სა და პრო დ2-ში 80 ქართველ მორაგბეზე მეტი ირიცხება, 50-ზე მეტი მოთამაშე სწორედ ბურჯია. ეს ძალიან ბევრ რამეზე მეტყველებს. ლევან ცაბაძე, გოდერძი შველიძე და დავით ზირაქაშვილი იყვნენ ის ბურჯები, ვინც ერთ-ერთი პირველებმა დაამახსოვრეს ფრანგებს თავი, სწორედ მათ გაუხსნეს გზა მომდევნო თაობის ქართველ ბურჯებს და დღეს უკვე, ზირაქაშვილი და შველიძე უმაღლეს დონეზე მწვრთნელობენ, უძღვებიან იმ გუნდების შერკინებებს, რომელთა ლეგენდებადაც ითვლებიან, სადაც წლები გაატარეს როგორც მორაგბეებმა და კარიერის დასრულების შემდეგ უკვე შერკინების მწვრთნელების რანგში გადაინაცვლეს. ესეც ქართული რაგბის და ქართული შერკინების კიდევ ერთი აღიარებაა.
უკანასკნელი 10-15 წელია, რაც ფრანგული კლუბები ახალგაზრდა ქართველ ბურჯებს განსაკუთრებულად აკვირდებიან, წელსაც არაერთ მოთამაშეს გაეხსნა გზა საფრანგეთისკენ და იქამდეც - ზოგიერთმა მალევე მოახერხა დაწინაურება და ელიტაში გამოჩენა, ზოგიერთმა უფრო გვიან, ხოლო ზოგმა სამწუხაროდ სათანადოდ ვერ წარმოაჩინა საკუთარი შესაძლებლობები და ტოპ 14-ში თამაში ფაქტობრივად არ მოუწია.
ვახსენეთ მალევე დაწინაურება, რაც ახალგაზრდა ბურჯისთვის საკმაოდ რთულია, მითუმეტეს ახალი ჩასულისთვის ისეთ ქვეყანაში, როგორიც საფრანგეთია, რომელიც თავადაც ბურჯების ერთ-ერთ სამჭედლოდ მიიჩნევა. რთულია 20 წლის ბიჭისთვის იმ წნეხის გამკლავება, რაც ტოპ 14-ში და ჩემპიონთა თასზე თამაშთანაა დაკავშირებული, მითუმეტეს, როდესაც სულ რამდენიმე თვით ადრე ამაზე წარმოდგენა მხოლოდ ოცნება იყო, როდესაც ფრანგული ენა სრულყოფილადაც არ გესმის და როდესაც ეს ყველაფერი კვლავ ნახევრად სიზმარს ჰგავს.
დიახ, ნამდვილად რთულია, ამ ყველაფრის ფონზე უცხო გარემოში გახსნა და ადგილობრივებზე მაღლა დადგომა, თუმცა ჩვენ ეს ყველაფერი რამდენიმე სეზონის წინ უკვე ვნახეთ, ვნახეთ სწორედ ტოპ 14-ში, საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში და ვნახეთ 20 წლის ხაშურელი ბიჭის მიერ. ამ ბიჭს დღეს ქართული რაგბის გულშემატკივარი უკვე ძალიან კარგად იცნობს. ეს ბიჭი გურამ გოგიჩაშვილია, რომლის უეცარმა პროგრესმა გააოცა როგორც ქართველი, ასევე ფრანგი გულშემატკივრები და რაგბის ექსპერტები.
ყველაფერი გურამის მშობლიურ ხაშურის მუნიციპალიტეტში დაიწყო, სადაც მან პირველად ითამაშა რაგბი, რაც ძალიან კარგად ახსოვს გოგიჩაშვილის პირველ, აღმზრდელ მწვრთნელს დავით სტეფანოვს, რომელიც წლებია ხაშურის სარაგბო გუნდს "ლეგიონს" ავარჯიშებს და უდიდეს შრომას დებს ხაშურელი ბავშვებისთვის, რომელთაც რაგბის თამაში გულით სურთ, მიუხედავად იმისა, რომ ამ მუნიციპალიტეტში დღემდე არ არსებობს ნორმალური სარაგბო ინფრასტრუქტურა.
„გურამი ძალიან პატარა იყო, როდესაც ჩემთან მოვიდა, ორი საფესტივალო გაიარა ჩემთან, უფროსი და პატარა ასაკის საფესტივალო. თუმცა, როდესაც გუნდში მოვიდა, ის უკვე კაცად ჩამოყალიბებული ადამიანი იყო, რომელთანაც სერიოზულად დალაპარაკება შეგეძლო. ჭიდაობიდან გადმოვიდა რაგბიში, 13-14 წლის იყო. თავიდანვე ძალიან მაგარი ბიჭი იყო, თავისი აქტიურობით გამოირჩეოდა და ძალიან შრომისმოყვარე გახლდათ.
გურამი სოფელ ოსიაურთან ცხოვრობდა, ხაშურთან ახლოს, ტრანსპორტი რომ ჭირდა, მეგობრებთან ერთად ველოსიპედით დადიოდა ვარჯიშებზე. ივერიის სტადიონზე, რომელიც დანგრეული იყო, ვავარჯიშებდით და მხოლოდ სამი ბურთი გვქონდა. მიუხედავად ამისა, გურამი და მისი თანატოლი ბიჭები ძალიან მონდომებულნი იყვნენ და ასე დაიწყო ყველაფერი. ამის შემდეგ იყო ჩვენი გუნდი „ბ“ ლიგაში ჩართვა, დასავლეთის ტურნირზე მონაწილეობა და თასის აღება. ამ პერიოდმა მასზე ძალიან კარგად იმოქმედა და მის განვითარებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა. ამის შემდეგ, რაგბიში კიდევ უფრო აქტიურად ჩაერთო“, - იხსენებს გოგიჩაშვილის პირველ ნაბიჯებს დავით სტეფანოვი. ![]()
![]()
ხაშურის „ლეგიონში“ გოგიჩაშვილი გამორჩეული იყო. უდიდესი მონდომების და შრომის ხარჯზე სწრაფად პროგრესირებდა. მან ხაშურის სარაგბო გუნდში წარმატებით ითამაშა „ბ“ ლიგაში და ნათელი იყო, რომ მალე უფრო მაღალ დონეზე საასპარეზოდ უნდა გადასულიყო, რადგან როგორც აღვნიშნეთ, ხაშურში ნორმალური სარაგბო ინფრასტრუქტურა არ არსებობდა (არც ახლა არსებობს) და კაცთა გუნდის ყოლისთვის არანაირი პირობები არ იყო, ხოლო „ბ“ ლიგა გოგიჩაშვილს პროგრესისთვის უკვე ვეღარ წაადგებოდა. „ბ“ ლიგაში თამაშს სულ მალე მოჰყვა საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრებში გამოძახება და თბილისის „ლოკომოტივში“ გადასვლა, რაც ასევე ძალიან კარგად ახსოვს სტეფანოვს.
„იმის წარმოდგენა, რომ ტოპ 14-ში ასე მალე გადავიდოდა, თავიდან ცოტა რთული იყო, მაგრამ როდესაც უკვე ჭაბუკთა ლიგებში გადავიდა, ასეთი ვარიანტები ნელ-ნელა გამოიკვეთა. ის ყოველთვის ძალიან აქტიური და მონდომებული იყო თავის საქმეში, ეტაპ-ეტაპ ვითარდებოდა და უცებ ითვისებდა ახსნილს. თავიდანვე მისი განსაკუთრებული თვისება ის იყო, რომ თამაშის დროს ყველაფერს უცებ უღებდა ალღოს და უცებ ითვისებდა. ძალიან შრომისმოყვარე იყო, 14 წლის ბავშვს შეეძლო, რომ დღეში 2-3-ჯერ ევარჯიშა და როდესაც ჩვენთან მოდიოდა, ერთი ვარჯიში უკვე მოსწრებული ჰქონდა. იმდენად მონდომებული იყო, რომ მარტო რომ ვმჯდარიყავი, მოვიდოდა და მეტყოდა: „დათო მას, წამომყევი რა, ნახეთ ამას სწორად ვაკეთებ თუ არა“. მას დღესაც ეს ხასიათი აქვს.
მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ცუდი პირობები გვქონდა, წყალდიდობისგან დანამულ და ფაქტობრივად დანგრეულ სტადიონზე ვთამაშობდით, სადაც არანაირი პირობები არ გვქონდა, პირიქით, გური და მისი თანაგუნდელები პირიქით, უფრო მოტივირებულნი იყვნენ და მათ თვალებში ჩანდა, რომ მათი მიზანი დიდი რაგბის თამაში იყო, ხოლო ეს ყველაფერი მათთვის გამოწვევა იყო და ცუდი პირობების გამო ხელი არასდროს შეუქნევიათ, რაც მეც დამატებით სტიმულს მაძლევდა. იმის გამო, რომ შხაპი არ გვქონდა, რამდენჯერ ყოფილა, რომ ბიჭებს ბოთლებით მოუტანიათ წყალი და თამაშის მერე ტალახიანებს, ასე გადაუვლიათ წყალი. ასევე ყოფილა, რომ ბურთების არქონის გამო, პლასტმასის ბოთლი გაგვივსია წყლით და ასე გვივარჯიშია, მაგრამ ამ ყველაფრის გამო მათ ხელი არ ჩაუქნევიათ.
საფესტივალო და „ბ“ ლიგის გუნდების გამოვლის შემდეგ, როდესაც უკვე „ა“ ლიგაში უნდა გადასულიყო, ის პირველად გამოიძახეს 18-წლამდელთა ნაკრებში. ქუთაისში სამხრეთ აფრიკასთან ამხანაგური მატჩი იყო, პირველი მისი ტრიუმფი სწორედ ამ მატჩში შედგა, რითაც ძალიან გაგვახარა. მოედანზე შესვლისთანავე იმდენად მაგრად დადგა, რომ მოწინააღმდეგეთა ბურჯმა ვერ გაუძლო და გამოცვალეს, რომელმაც ვერ გაუძლო გურამის წნეხს. ამ თამაშში მან ყველას ძალიან კარგად დაანახა საკუთარი თავი.
გურამს კვლავ უნდოდა, რომ ჩვენს გუნდში დარჩენილიყო და დარჩენილიყო, თუმცა მისი განვითარებისთვის და წინსვლისთვის ჩვენთან შესაბამისი პირობები აღარ იყო, რის გამოც საჭირო იყო, ახალი გუნდი მოეძებნა და ჩვენ, მისი პოზიციის და თამაშის სტილიდან გამომდინარე ვურჩიეთ, რომ კარიერა თბილისის „ლოკომოტივში“ განეგრძო. მას გავუწიეთ რეკომენდაცია და დაახლოებით ორი თვის შემდეგ, ის ახალ გუნდში აიყვანეს. მალევე დაიმკვიდრა ახალ გუნდში თავი, ერთი წელი ითამაშა „ა“ ლიგის გუნდში, შემდეგ კი დიდების გუნდში გადავიდა. მახსოვს, „ლოკომოტივი“ ბაკურიანში შეკრებაზე მიდიოდა და ისე მოხდა, რომ გურამს ვერ დაუკავშირდნენ, ბოლოს გზიდან წაიყვანეს და სწორედ ამ შეკრებაზე მოხდა, რომ თავი დაიმკვიდრა და მთავარ გუნდში გადავიდა. სწორედ ამ ყველაფერს მოჰყვა შემდეგ 20-წლამდელთა ნაკრებში გამოძახება და ნელ-ნელა გაჩნდა უცხოეთის ვარიანტებიც“, - ამბობს გოგიჩაშვილის აღმზრდელი მწვრთნელი. ![]()
საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებში კი გურამ ახალი წარმატებები ელოდა. მან პირველად სწორედ „უმცროსი ბორჯღალოსნების“ რიგებიდან დაამახსოვრებინა თავი გულშემატკივრების ფართო წრეს. 2017 წელს მსოფლიოს 20-წლამდელთა ჩემპიონატს სწორედ საქართველომ უმასპინძლა. გოგიჩაშვილმა ტურნირი უმაღლეს დონეზე ჩაატარა, ხუთივე მატჩში მიიღო მონაწილეობა და ირლანდიას მშვენიერი ლელო დაუდო. ამ ტურნირის შემდეგ, ის უკვე ქართველი გულშემატკივრის დაკვირვების ქვეშ აღმოჩნდა და ყველას აინტერესებდა, თუ როგორ წარიმართებოდა ამ ნიჭიერი მორაგბის კარიერა. ამ ტურნირიდან დაახლოებით ნახევარ წელიწადში მისით ერთ-ერთი გამორჩეული ფრანგული გუნდი „რასინგ 92“ დაინტერესდა, რომელმაც მალევე შეძლო ქართველის გაფორმება, ხოლო გოგიჩაშვილმა 2018 წლის ზაფხულში კიდევ ერთი 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატის თამაში მოასწრო და კვლავ ხუთივე მატჩში მიიღო მონაწილეობა, მან ამჯერად უკვე შოტლანდია დაალელოვა და წარმატებული ტურნირის შემდეგ პარიზში გაემგზავრა, სადაც მისი კარიერის სრულიად ახლებული და განსხვავებული ეტაპი დაიწყო.
გოგიჩაშვილის პარიზული კარიერა ელვისებური სისწრაფით აეწყო და ვერავინ წარმოიდგენა, თუ მას ასე სწრაფად ვიხილავდით პარიზული გრანდის ძირითად გუნდში, მაგრამ ნახვით ჩასვლიდან სულ რაღაც ერთ თვეში ვნახეთ, ხოლო მთლიანობაში სადებიუტო სეზონშივე „რასინგ 92“-ის რიგებში 23 შეხვედრა ჩაატარა, რაც 20 წლის ქართველი ბიჭისთვის შესანიშნავი მაჩვენებელი იყო! ბევრი შემთხვევა იყო, როდესაც გურამი თამაშობდა, ხოლო მასზე სკამზე გაცილებით გამოცდილი და ბევრის მნახველნი ედი ბენ არუ და ვასილ კაკოვინი ისხდნენ. პარიზულ კლუბში თამაშს კი ის მოჰყვა, რომ გოგიჩაშვილი 2018 წლის შემოდგომაზე საქართველოს ნაკრებში გამოიძახეს და 20 წლის ასაკში ეროვნულ ნაკრებში დებიუტი ჰქონდა - ეს მოხდა ნოემბრის ტესტებზე სამოასთან ავჭალაში მოგებულ მატჩში.
ამ ამბებს ასე იხსენებს დავით სტეფანოვი: „თავდაპირველად, რაღაც ვარიანტები ჩაიშალა, თუმცა მალევე, 2017/2018 წლების სეზონის შუაში მას „რასინგ 92“ დაუკავშირდა. თავდაპირველად, გურამი „რასინგმა“ ესპუარების გუნდისთვის წაიყვანა, თუმცა ჩავიდა თუ არა, ერთ თვეში უკვე ძირითად გუნდთან შეიყვანეს და თავიდანვე აალაპარაკა ფრანგები, „ეს არის გაუჩერებელი მანქანა, დიდი მომავალი აქვსო“ - თავიდანვე თქვეს და დებიუტიც ძალიან მალე ჰქონდა, თანაც საქართველოში, სადაც „რასინგ 92“ ზაფხულის თასზე სათამაშოდ ჩამოვიდა. მათ სურდათ, რომ გურამი მალევე ენახათ საქმეში და ამის შანსი სწორედ საქართველოში მიეცათ. ეს ყველაფერი განაპირობა მისმა მონაცემებმა და მონდომებამ, რომ ასე მალე მისცეს ფრანგებმა შანსი. შემდეგ კი ედი ბენ არუს ტრავმა იყო და ეს შესაძლებლობა ბრწყინვალედ გამოიყენა, გააოცა ყველა თავისი კარგი თამაშით და ძალიან მოკლე დროში გაიზარდა როგორც მორაგბე, სულ ახალი ჩასული იყო, როდესაც ტოპ 14-ში დადგომა და „რასინგ 92“-ის ძირითად შემადგენლობაში თამაში მოუწია, ამას კი სულ მალე ის მოჰყვა, რომ საქართველოს ნაკრებშიც გაიღო მისთვის კარი და 20 წლის იყო, როდესაც მისი დებიუტი შედგა, ტოპ 14-ში კი პირველივე სეზონის განმავლობაში რამდენ სიმბოლურში მოხვდა. ეს მართლაც წარმოუდგენელი რამ იყო 20 წლის ბიჭისთვის, რისი კულმინაციაც რა თქმა უნდა იაპონიაში მსოფლიო თასზე გამგზავრება იყო.“
© ლევან ვერძეული
სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1
31 აგვისტოს ფოთში გაიმართა ქვიშის თაჩ რაგბის ტურნირი ფოთის მუნიციპალიტეტისა და თაჩ რაგბი ჯორჯიას ორგანიზებით. მონაწილეობა მიიღო რეგიონის 8
როგორც მოსალოდნელი იყო 2024 ის ერთა თასისთვის ახალმა მწვრთნელმა, დატოვებულ შემადგენლობაში ცვლილებები შეიტანა და ერთბაშად 11 დებიუტანტს უხმო
აღსანიშნავია, რომ "ლე ბლემ" "ოლ ბლექსის" დამარცხება 2009 წლის შემდეგ პირველად მოახერხა.