"ჩემი მიზანია მოვიძიო ფინანსები და კლუბს წინსვლაში დავეხმარო" - ინტერვიუ აკადემიის ახალ პრეზიდენტთან

"ჩემი მიზანია მოვიძიო ფინანსები და კლუბს წინსვლაში დავეხმარო"  - ინტერვიუ აკადემიის ახალ პრეზიდენტთან

დიდი 10-ის 2020/2021 წლების სეზონის ბრინჯაოს მედლების მფლობელ თბილისის "აკადემიას" ახალი პრეზიდენტი ჰყავს. კლუბის ერთ-ერთი დამფუძნებელი გია ღლონტი აღნიშნულ პოსტზე ვახო მჭედლიძემ შეცვალა, რომელიც ამავე კლუბის აღზრდილი გახლავთ და წარსულში საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების წევრი იყო. 

სარაგბო კარიერის დასრულების შემდეგ, მას ახალი გამოწვევები აქვს, რისთვისაც როგორც ამბობს მზად არის და უმიზნებს, რომ "აკადემია" ფინანსურად და სტრუქტურულად უფრო მყარ და სტაბილურ გუნდად აქციოს. მჭედლიძის თქმით, მისი უპირველესი მიზანია, რომ კლუბისთვის ფინანსები მოიძიოს და "აკადემიის" წევრებს შეუქმნას ისეთი პირობები, რომ სხვაგან წასვლა აღარ მოუწიოთ. დანარჩენს კი ჩვენი ინტერვიუდან წაიკითხავთ. 

- პირველ რიგში უთხარით გულშემატკივარს თქვენი სარაგბო წარსულის შესახებ. 

- 1995 წელს დავიწყე რაგბის თამაში, ვცხოვრობდი მუხიანში და ჩემს უბანში ბევრი მორაგბე ცხოვრობდა, ერთერთი იყო ვახტანგ მაჭავარიანი, და ნოდარ ლიპარტელიანი. მე როგორც პატარა ბავშვი მაშინ 12 წლის ვიყავი და ვამაყობდი, ვბაძავდი უფროს თაობას, ვახტანგ მაჭავარიანმა გააკეთა ჩვენი უბნელების სამოყვარულო შეკრება და გვასწავლა ცოტ-ცოტა წესები, შემდეგ ამავე წელს შევედი რაგბის კლუბ "აკადემიაში" და დავიწყე თამაში, სადაც დამხვდა გია ღლონტი, რომელმაც პირველ რიგში მასწავლა კაცობა და შემდეგ რაგბი. 

ერთ წელიწადში კარგად ავითვისე თამაში 8 ნომრის პოზიციაზე ვთამაშობდი და მოყოლებილი 18 წლამდე ვიყავი გუნდის კაპიტანი და თან ჩემს ასაკში ყოველთვის საუკეთესო 8 ნომერი! ერთი წელიც არ ჩამიგდია, რომ არ ვყოფილიყავი საუკეთესო მოთამაშე. დღემდე შენახული მაქვს ეს ტიტულები.

1983-1984 წლიანებში ვთამაშობდი, იყო ბევრი დღეები ჩემი თამაში რომ დამთავრდებოდა, იწყებოდა ჩემზე უფროსების თამაშები სადაც ვემატებოდი, პაატა ნარიმანიშვილი იყო ჩვენი მწვრთნელი და მისი დამსახურებაა მე, რომ ესეთი დატვირთული გრაფიკი მქონდა. შემდეგ მომიწია ახალგაზრდული ნაკრები, სადაც ვითამაშე თან ჩვენი წინა წლის ნაკრება გადმოვიდა ბ ჯგუფიდან ა ჯგუფში და ჩვენი მიზანი იყო დავრჩენილიყავით ა ჯგუფში. 

პაატა ნარიმანიშვილი და ლევან მაისაშვილი იყვნენ მთავარი მწვრთნელები და 8 ნომრის პოზიციაზე დამაყენეს. ლევანს მინდა მალე გამოჯანმრთელება და დაბრუნება უსურვო თავის ოჯახში და რაგბის სამყაროში. პირველი თამაში გვქონდა უელსთან და დღემდე მახსოვს ეს თამაში ძალით წაგვაგებინეს 13-6. შემდეგი თამაში იყო იაპონიასთან, სადაც პირველი ლელო დავდე მე და კარგად მახსოვს ვანო სოხაძის არეკნი, რამაც მოგება მოგვიტანა, შემდეგ რუსეთი დავამარცხეთ და ირლანდიასთან დავმარცხდით. 

შემდეგ მიმიწვიეს საფრანგეთში, ყველაზე პატარა ვიყავი ჩვენი მორაგბებიდან ვინც საფრანგეთში თამაშობდა ელიტა ერთში და მე მიმიწვია "ბრივმა", სადაც მალევე უნდა წავსულიყავი და მოვიტეხე ამხანაგურ თამაში ლავიწის ძვალი. და ვერ წავედი, შემდეგ გავაგრძელე "აკადემიაში". ვითამაშე 7-კაცა რაგბი საქართველოს ნაკრებში და დაახლოებით 21 წლის ასაკში წავედი პრაღის "სპარტაში" და ვთამაშობდი 28 წლამდე. ვარ ჩეხეთის ჩემპიონი და საუკეთესო 8 ნომერი.

- როგორ მოხდა თქვენი არჩევა "აკადემიის" პრეზიდენტად?

- რაც შეეხება პრეზიდენტად არჩევას, დამიკავშირდნენ ლევან ობოლაძე, გიგი კოპილაშვილი, მიხეილ კობახიძე, გია ღლონტი და პაატა ნარიმანიშვილი და მითხრეს როგორი პრობლემები არსებობს გუნდში და მთხოვეს, რომ მე ჩავრთულიყავი "აკადემიის" წინსვლაში.

- გასულ წელს "აკადემიამ" მე-3 ადგილი დაიკავა და ბრინჯაოს მედლებს დაეუფლა. ასევე წარმატებულად ითამაშა "ბ" ლიგის გუნდმა, რომელმაც "ლელო სარასენსს" ღირსეული წინააღმდეგობა გაუწია და მეორე ადგილზე გავიდა. როგორია თქვენი მიზნები მომავალ სეზონთან დაკავშირებით?

- მოგეხსენებათ რა რთული მდგომარეობაა რაგბში ფინანსურად, ჩემი მიზანია მოვიძიო ფინანსები და მთელ "აკადემიას" ხელი შეუწყო, რომ გააგრძელონ ვარჯიში და ჰქონდეთ ყველანაირი პირობა იმისა, რომ არ დატოვონ ჩვენი კლუბი. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ჩემპიონთა აკადემიას, რომელმაც უკვე მოგვიწერა ხელი 1-წლიან კონტრაქტზე და უმაღლესი ლიგის გუნდს ავარჯიშებენ უფასოდ.

ასევე 3 სექტემბერს მივემგზავრებით სანკტ-პეტერბურგში, სადაც გაიმართება 7-კაცა რაგბის ევროპის ჩემპიონატი და დიდი იმედი გვაქვს წარმატების. ლევან ობოლაძე არის საუკეთესო მწვრთნელი, რომელიც 24 საათი ჩართულია ბიჭების მომზადებაში და დიდი იმედი გვაქვს წარმატებების 7-კაცას ჩემპიონატში კლუბებს შორის, სადაც "აკადემია" არის მიწვეული.

- დიდი 10-ისთვის განსაკუთრებული პრობლემაა კერძო სექტორის ჩართვა. რომ გადავხედოთ კლუბებს, უმრავლესობა სახელმწიფო ბიუჯეტისგან და მუნიციპალიტეტებისგან ფინანსდება მხოლოდ. თქვენ როგორ გესახებათ ამ პრობლემის გადაჭრის გზები? შეუძლია "აკადემიას" ახლო მომავალში ასეთი სპონსორის გამონახვა, რომელიც კლუბს ფინანსურად და ასევე სხვადასხვა აქტივობებში დაეხმარება?

- მე დიდი იმედი მაქვს სახელმწიფოს ჩართულობის და რა თქმა უნდა კერძო სექტორის! რომლებთანაც მაქვს უკვე მოლაპარაკება და მემგონი იმ მინიმუმს მივაღწევთ კერძო სექტორთან რა ჩანაფიქრიც გვაქვს, კერძო სექტორი ძალიან ძნელია დააინტერესო სპონსორობით, მაგრამ დარწმუნებული ვარ არიან ადამიანები, ვისაც აინტერესებს მომავალ ზრუნვა და ჯანსაღი ახალგაზრდების გვერდზე დგომა, ეს ყველას ვალია ვზარდოთ მომავალი თაობა, რაც შეიძლება ჯანსაღები.

- რომ გადავხედოთ, კერძო სექტორი უფრო მეტად არის ჩართული ქართულ ფეხბურთში, ვიდრე მაგალითად რაგბში, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო 10-20 წლის განმავლობაში ქართულმა რაგბმა არნახულ პროგრესს და განვითარებას მიაღწია მოკლე დროსთან შედარებით. რა გგონიათ ამის მიზეზი?

- რა თქმა უნდა ვერ შევედრებით ფინანსურად ფეხბურთს, სადაც დიდი ფულია. კერძო სექტორისთვისაც უფრო ადვიალია თანხის ჩადება, რადგან მეტი რეკლამა აქვთ და ამით სარგებელს ნახულობენ, რეკლამით. ამიტომ ჩვენი დევიზი უნდა იყოს, რაც შეიძლება მეტი პიარი და მეტი ღონისძიებები თუნდაც თამაშებზე, მეტი ჩართულობა ტელევიზიის, რომ ეს სპორტი უფრო განვითარდეს. რაგბი ყოველ წელს ძლიერდება და ამისთვის კიდე ბევრია სამუშაო, რომ ეს ხალხმა გაიგოს და ზეიმი უნდა იყოს შიდა ჩემპიონატის თამაშებით, ამით მორაგბეებსაც მეტ მოტივაციას მივცემთ და მაყურებელიც უფრო ბევრი იქნება, ეს ყველაფერი როგორც გაიზრდება აუცილებლად კერძო სექტორიც გადმოინაცვლებს რაგის წარმატებაში.

- ახსენეთ რეკლამა, პიარი, სხვადასხვა ღონისძიებები და მედია, თუმცა თუ შევხედავთ დიდ 10-ის ტურნირს და გუნდებს, ამ მხრივ აშკარად უამრავ პრობლემას შევხვდებით. დიდი 10-ის შესახებ გადაცემებები თითქმის არ არსებობს, ასევე არც ბეჭდვურ მედიაშია მაინცდამაინც დიდი გაშუქება და უფრო დაბალი ლიგების რეპორტაჟები, საერთოდ არ გადაიცემა, მათ შორის სოციალურ ქსელებში. გარდა ამისა, კლუბებს არ აქვთ საკუთარი ოფიციალური საიტი და უმრავლესობას, არც სოციალური ქსელი აქვს მოწესრიგებული და სამოყვარულო საქმიანობით შემოიფარგლება. თქვენ როგორ უყურებთ ამ პრობლემებს? როგორც ზოგადად დიდი 10-ის, ასევე კონკრეტულად აკადემიის მხრიდან?

- მე პირადად უკვე დავიწყე მონახაზის გაკეთება "აკადემიის" და "ყოჩების" ბაზაზე "ყოჩებთან" ერთად გავაკეთოდ როგორც ევროპაშია და ყველა თამაშის შემდეგ არის მესამე ტაიმი, სადაც მიირთმევენ გულშემატკივართან ერთად საჭმელ-სასმელს და იმართება სხვადასხვა წამახალისებელი გათამაშებები, მაგალითად მაისურების, სხვადასხვა აქსესუარების და ა.შ. ეს ყველაფერი ხელს შეუწყობს გულშემატკივარის მოყვანას სტადიონზე, სადაც თამაშამდე და თამაშის მერე მუსიკა დაუკრავს და გაერთობა ხალხი. იმედია ყველა აიცრება მანამდე და კორონასაც დავამარცხებთ. 

- შეფუთვის და პიარის გარდა, რომ თქვათ თქვენი აზრი უშუალოდ თამაშის ხარისხზე. რას იტყვით, თუ გაიზარდა ჩემპიონატის დონეზე და თუ გაიზარდა რამდენად, მას შემდეგ, რაც თქვენ საქართველოს ჩემპიონატი დატოვეთ.

- რა თქმა უნდა გაიზარდა, მაგრამ ეს ის გაზრდის ტემპი არ არის, რასაც ვიმსახურებთ - სანაკრებო დონეს ვგულისხმობ. თუ ავიღებთ ჩვენი დონის გუნდებს ნახავთ შიდა ჩემპიონატი რა დონეზე არის გაზრდილი და რამხელა თანხები აქვთ კლუბებს! ამიტომ მეტი ჩართულობა სახელმწიფოდან ახლა უფრო გვჭირდება, რომ არ გავჩერდეთ და წინ წავიწიოთ! არცერთი ლეგიონერი არ თამაშობს დიდ 10-ში, რაც ძალიან ცუდია, ვერ გავიზრდებით მარტო შიდა კონკურეციაში, აუცილებელია გაზრდა ფინანსურად, რომ რაგბმა საქართველოში წინსვლა განაგრძოს.

- აღნიშნეთ, რომ ლეგიონერები არ თამაშობენ ჩვენს ჩემპიონატში. ცნობილია, რომ კუნძულელი - ტონგელი, ფიჯელი და სამოელი მორაგბეების ჩამოყვანა განსაკუთრებულ დიდ თანხებს არ უკავშირდება, თუმცა ამის მიუხედავად, მათ დიდ 10-ში ვერ ვხედავთ, თუმცა ალბათ ყველა თანხმდება, რომ დიდ 10-ს მათი თამაშის სტილი და სილაღა სანახაობას შემატებდა და გულშემატკივრისთვის უფრო კარგი სანახავი გახდებოდა თამაში. თქვენ თუ გაქვთ სამომავლოდ გეგმაში კუნძულელების დამატებაზე მუშაობა და რამხელა ხარჯია ამისთვის დაახლოებით საჭირო? ასევე რა სარგებელს მოუტანდა ლეგიონერები დიდ 10-ს თქვენი აზრით?

- რა თქმა უნდა ვცდილობ, რომ მომავალ წელს მივაღწიოთ იმდენს, რომ 3-4 მოთამაშე მაინც ჩამოვიყვანოთ, ეს რაგბს უფრო სანახაობრივს გახდის და საინტერესოს. ჩემი აზრით, ცდად ღირს, რადგან არ ჯდება მე როგორც გავიგე დიდი თანხები, სადღაც 1000 ევროზეა საუბარი მაქსიმუმ ერთი მორაგბის ანაზღაურება. ასევე ამით არ უნდა დაიჩაგრნონ ქართველი მოთამაშეები, რადგან ჩვენი ბიჭებიც იმსახურებენ უფრო მეტს და სამწუხაროდ ეს დაფინასება არ აქვთ და ჩემი მიზანია, ჩვენ ბიჭებს მოვუმატო ხელფასი და კონკურენციაც გავზარდო, ეს ხელს შეუწყობს რაგბის განვითარებას. მე შევეცადე ჩემი მოსვლით მწვრთნელებისთვისაც და მოთამაშეებისთვისაც გამეზარდა ხელფასი. წარმოიდგინეთ 300 ლარად როგორ უნდა ივარჯიშოს ახალგაზრდამ, რომელიც უმაღლეს ლიგაში თამაშობს. შევეცადე და უკვე გავუზარდე ანაზღაურება, ვინც უმაღლესში უკვე დიდიხანია თამაშობს.

- და ბოლოს გკითხავთ, რა არის თქვენი მიზანი აკადემიასთან ერთად როგორც ახლო, ასევე გრძელვადიან პერსპექტივაში და რას ეტყოდით როგორც "აკადემიის", ასევე ზოგადად ქართული რაგბის გულშემატკივარს, თქვენ როგორც "აკადემიის" ახალი პრეზიდენტი?

- მნიშვნელოვანია პირველ ეტაპზე კლუბი გაიმართოს სტრუქტურულად, რომ "აკადემია" ჩამოყალიბდეს საქართველოში ერთ-ერთ საუკეთესო კლუბად. გარდა ამისა, ჩვენი სურვილი და მიზანია, რომ "აკადემია" საერთაშორისო ტურნირებზეც ასპარეზობდეს და ასახელოს საქართველო, როგორც 15-კაცა, ასევე 7-კაცა რაგბში. 

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

🏉 1vs1 რაგბის მსოფლიო სერია – თბილისი 2025
🏖️ პირველი ქვიშის თაჩ-რაგბის ტურნირი დასავლეთ საქართველოში – „ზაფხულის თამაშები 2025“
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)