7-კაცა, ოლიმპიადა - ოქროს მედლებისთვის ბრძოლას ოთხი ნაკრები განაგრძობს

7-კაცა, ოლიმპიადა - ოქროს მედლებისთვის ბრძოლას ოთხი ნაკრები განაგრძობს

დღეს ტოკიოში მიმდინარე ოლიმპიადაზე 7-კაცა რაგბის ჯგუფური ეტაპის დასკვნითი მატჩები და პლეი-ოფის პირველი შეხვედრები გაიმართა.

A ჯგუფში ახალმა ზელანდიამ ავსტრალია 14:12 დაამარცხა და ჯგუფი სამიდამ სამი მოგებით დაასრულა, ავსტრალია კი მესამე ადგილზე გავიდა, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ მესამე ადგილოსნებს შორის საუკეთესო შედეგი აჩვენა, მეოთხედფინალის საგზური მოიპოვა, ისევე როგორც B ჯგუფის მესამე ადგილოსანმა კანადამ, ხოლო C ჯგუფიდან ირლანდია საუკეთესო რვა გუნდში ვერ მოხვდა და 9-12 ადგილოსნებს შორის პლეი-ოფში გავიდა. A ჯგუფის მეორე მატჩში არგენტინამ სამხრეთ კორეა 56:0 გაანადგურა და მეორე პოზიცია დაიკავა.

B ჯგუფში მოქმედმა ოლიმპიურმა ჩემპიონმა ფიჯიმ დიდი ბრიტანეთი 33:7 დაამარცხა და პირველი ადგილი დაიკავა, ხოლო კანადამ მასპინძელ იაპონიას 36:12 სძლია. C ჯგუფში ლიდერთა მატჩში სამხრეთ აფრიკამ აშშ 17:12 დაამარცხა, ხოლო ირლანდიამ კენიას 12:7 აჯობა, თუმცა როგორც ვთქვით, მესამე ადგილოსნებს შორის გატანილ-გაშვებული ქულების სხვაობით მაინც უარესი შედეგი აჩვენა - "სამყურებს" კანადამ მხოლოდ 2 ქულით აჯობა.

ამის შემდეგ, პლეი-ოფის მატჩები გაიმართა. მეოთხედფინალში ახალმა ზელანდიამ კანადა 21:10 დაამარცხა, დიდმა ბრიტანეთმა აშშ-ს 26:21 სძლია, ფიჯიმ ავსტრალიას 19:0 აჯობა, ხოლო სამხრეთ აფრიკამ არგენტინასთან 14:19 წააგო, მიუხედავად იმისა, რომ "პუმებს" მე-3 წუთზე მორაგბე წითელი ბარათით გაუძევეს და თითქმის მთელი მატჩი (11 წუთი) 6 კაცით მოუწიათ თამაში. არგენტინელებს ბოლო წუთზე კიდევ ერთი მორაგბე გაუსინბინიეს და აფრიკელებმა საჯარიმო ლელო მიითვალეს. 

9-12 ადგილებისთვის შეხვედრებში ირლანდიამ სამხრეთ კორეა იოლად 31:0 დაამარცხა, კენიამ კი იაპონიას 21:7 აჯობა.

ნახევარფინალური მატჩები ხვალ გაიმართება. ახალი ზელანდია 06:00 საათზე დიდ ბრიტანეთს ეთამაშება, ხოლო 06:30 საათზე არგენტინა ფიჯის ეთამაშება. 5-8 ადგილების მატჩებში 05:00 საათზე კანადა აშშ-ს შეერკინება, 05:30 საათზე კი სამხრეთ აფრიკა ავსტრალიას შეხვდება. მე-9 ადგილისთვის მატჩში 04:30 საათზე ირლანდია კენიას დაუპირისპირდება, მე-11 ადგილისთვის შეხვედრაში კი 04:00 საათზე მასპინძელი იაპონია სამხრეთ კორეას ეთამაშება.

ფინალური ბლოკი 11:30 საათზე დაიწყება. ბრინჯაოს მედლისთვის მატჩი 12:30 გაიმართება, ხოლო ფინალური შეხვედრა 13:00 საათზე დაიწყება. 

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)
ინგლისი - სამხრეთ აფრიკა 27:26 (VIDEO)
ლევან მაისაშვილი: "ეს ორი თამაში საქართველოსთვის ძალიან დიდი აქტივია"