რუმინეთი - არგენტინა 17:24 (VIDEO)

რუმინეთი - არგენტინა 17:24 (VIDEO)

კრიზისში მყოფი რუმინეთის ნაკრები განახლებულ "არკულ დე ტრიუმფიზე" არგენტინას დაუხვდა და უაღრესად დაძაბულ ბრძოლაში ძალიან დასანანი მარცხი იწვნია - 17:24.

პირველი ნახევარი 9:17 დასრულდა. არგენტინელთა სამ ლელოს რუმინელებმა სამი ზუსტი ჯარიმით უპასუხეს, მეორე ტაიმის საწყის 20 წუთში კი მასპინძლებმა ლელო (რომელიც ვერ გარდასახეს) და ჯარიმა გაიტანეს, რითაც ანგარიში 17:17 გახდა.

ენდი რობინსონის შეგირდები თავს ძალიან მაგრად იცავდნენ, არაერთხელ დაიცვეს თავი 5-მეტრიანში, გაუძლეს მოწინააღმდეგის შერკინებებს, რამდენჯერმე მოლში ჩაუხურეს ბურთი, მაგრამ 72-ე წუთზე, როდესაც ანტონესკუს გასინბინების გამო 14 კაცით იყვნენ, კონტრშეტევიდან დასანანი ლელო გაუშვეს და "პუმები" 7 ქულით დაწინაურდნენ.

რუმინელთა სასახელოდ უნდა ითქვას, რომ რიცხობრივი უმცირესობის მიუხედავად არ დანებებულან და ბოლო წუთებზე ანგარიშის გათანაბრებასთან ძალიან ახლოს იყვნენ, "სტეჟარებს" ლელომდე სულ რაღაც ერთი მეტრი დააკლდათ, "პუმებმა" თავი წესების დარღვევით დაიცვეს და 78-ე წუთზე გონსალო ბერტრანუ გაუსინბინეს. მასპინძლებმა ბურთი კვლავ აუტში გადაიტანეს და მოლის აგორება სცადნენ, მაგრამ შეტევაში დაჯარიმდნენ და ამით ისტორიული ფრის შანსი დაკარგეს - 17:24.

რუმინეთის ნაკრები მსოფლიო თასს მიღმა პირველი დონის გუნდს 2006 წლის შემდეგ პირველად ეთამაშა, ხოლო შინ ტიერ 1-ის გუნდს 2004 წლის შემდეგ პირველად დაუხვდა და ეს დიდი დაბრუნება, "მუხებისთვის" აშკარად ძალიან წარმატებული გამოდგა - განახლებულ და ძალიან ლამაზ "არკულ დე ტრიუმფიზე" ბევრმა გულშემატკივარმა მოიყარა თავი და სტაჟიან გულშემატკივრებს აუცილებლად გაახსენდებოდათ ის დრო, როდესაც რუმინეთი პირველი დონის გუნდებს უგებდა და ტოლსწორად ეთამაშებოდა, ხოლო ახალგაზრდა ქომაგს ასეთი თამაშის ფონზე რუმინული რაგბის აღორძინების იმედი გაუჩნდებოდა. 

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

🏉 1vs1 რაგბის მსოფლიო სერია – თბილისი 2025
🏖️ პირველი ქვიშის თაჩ-რაგბის ტურნირი დასავლეთ საქართველოში – „ზაფხულის თამაშები 2025“
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)