ჟაკ ნინაბერი: "ჩემგან კომპლიმენტები საქართველოს ნაკრებს"

ჟაკ ნინაბერი: "ჩემგან კომპლიმენტები საქართველოს ნაკრებს"

სამხრეთ აფრიკის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ჟაკ ნინაბერმა საქართველოსთან მოგებული (40:9) მატჩის შემდგომ პრესკონფერენციაზე აღნიშნული შეხვედრა შეაფასა და მოწინააღმდეგე შეაქო.

ნინაბერი, რომელსაც "სპრინგბოკსის" მთავარი მწვრთნელის პოსტზე დებიუტი ჰქონდა, საქართველოს ნაკრების ასპარეზობით გაკვირვებული დარჩა და მისი თამაში მოიწონა, ხოლო საკუთარ გუნდთან მიმართებაში აღნიშნა, რომ მათ 19-თვიანი უთამაშებლობა ეტყობოდათ და საჭიროა, რომ მომდევნო მატჩისთვის მთელ რიგ ასპექტებში თამაში გააუმჯობესონ.

მისი აზრით, "ბორჯღალოსნებმა" მსოფლიო ჩემპიონებს განსაკუთრებული პრობლემები საწყის 30 წუთში შეუქმნეს, როდესაც სტუმრები 5:9 იგებდნენ.

"ჩემგან კომპლიმენტები საქართველოს ნაკრებს. ჩვენ ვიცოდით, რომ ისინი ფიზიკურად ძალიან ძლიერები იყვნენ და მათგან მოველოდით ძალისმიერ თამაშს, თუმცა არ გვქონდა რეალური ნიშანი, თუ როგორ გვეპასუხა ამაზე სათანადოდ. 

მათ საწყის ნახევარ საათში ცოტათი გაგვაოცეს, მაგრამ ამის შემდეგ ჩვენ საკუთარი ხელწერა გვქონდა. ახლა უკვე ვიცით, თუ რას უნდა ველოდოთ მომდევნო პარასკევს მათგან, რაც სათანადოდ არ ვიცოდით ამ მატჩისთვის. 

თავდაპირველად ჩვენი პასუხი იყო სუსტი, დისციპლინაში მოვიკოჭლებდით და ეს საქართველოს დამსახურებაა, რომელმაც ამგვარი წნეხის ქვეშ მოგვაქცია",
- განაცხადა ნინაბერმა.

ნინაბერი მოხარულია, რომ 2019 წლის 2 ნოემბრის შემდეგ სამხრეთ აფრიკა საერთაშორისო რაგბის ასეთი კონკურენტუნარიანი ტესტ-მატჩით დაუბრუნდა.

"დიახ, ჩვენ გვინდოდა, რომ რთული დასაწყისი გვქონოდა. ზუსტად ასეთი რაღაცეებისთვის გვჭირდება ტესტ-მატჩები. საქართველომ ძალისმიერი თამაში შემოგვთავაზა, რაც ჩვენ გვსურდა. მეორე ნახევარში ჩვენ გავაუმჯობესეთ თამაში, რითაც მოხარული ვარ. 

თითქმის 20-თვიანი პაუზის შემდეგ საჭირო იყო ადაპტაცია და ასეთი თამაში მოსალოდნელი იყო, მომავალი კვირისთვის კი ყველა ასპექტი უნდა გავაუმჯობესოთ. 

ჩვენ გვსურდა გარკვეული თანმიმდევრობით თამაში, მაგრამ საქართველომ ითამაშა კარგად საწყის 30 წუთში და ჩვენ ვიყავით წნეხის ქვეშ, ამიტომ, ალბათ ყველაფრის გაუმჯობესება გვესაჭიროება. სასიამოვნოა, რომ რთული სტარტის შემდეგ გუნდმა ერთიანობა აჩვენა მეორე ნახევარში. ეს მნიშვნელოვანი იყო", -
თქვა 48 წლის სპეციალისტმა.

სამხრეთ აფრიკის და საქართველოს ნაკრებები მეორე მატჩს 9 ივლისს იოჰანესბურგში გამართავენ.

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

🏉 1vs1 რაგბის მსოფლიო სერია – თბილისი 2025
🏖️ პირველი ქვიშის თაჩ-რაგბის ტურნირი დასავლეთ საქართველოში – „ზაფხულის თამაშები 2025“
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)