ლევან მაისაშვილი: "ვიყავით ბრძოლისუნარიანები, მაგრამ ლოგიკურია, რომ მსოფლიოს ჩემპიონთან შეცდომები გვქონდა"

ლევან მაისაშვილი: "ვიყავით ბრძოლისუნარიანები, მაგრამ ლოგიკურია, რომ მსოფლიოს ჩემპიონთან შეცდომები გვქონდა"

საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა სამხრეთ აფრიკასთან პირველი ტესტ-მატჩის შემდეგ პრესკონფერენცია გამართა.

"ბორჯღალოსნების" მესაჭე პირველი ტაიმით კმაყოფილი დარჩა და ფიქრობს, რომ მომდევნო მატჩში მის გუნდს პროგრესი შეეტყობა. 

"35-ე წუთამდე თამაშს ვიგებდით და საწყენია, რომ უდისციპლინობის გამო ორი ლელო გავუშვით. რიგ შემთხვევებში შეცდომის დაშვებას მეტოქე გაიძულებს, თუმცა არის სიტუაციები, როდესაც ეს დაუფიქრებლობით მოგდის. სამწუხაროდ, ეს თანმდევია, როდესაც ასეთი დონის მეტოქეს ეთამაშები. თუ კაცნაკლული რჩები, ის ყოველთვის ახერხებს ქულების აღებას და ორი ლელო მივიღეთ.

მეორე ტაიმში რამდენიმე იძულებითი გადაადგილება მოგვიწია. შეტევაში იყო ეპიზოდები, რომელთა ქულებში ასახვა სამწუხაროდ ვერ მოვახერხეთ. ვიყავით ბრძოლისუნარიანები, მაგრამ ლოგიკურია, რომ მსოფლიოს ჩემპიონთან შეცდომები გვქონდა. ფაქტია, ამ გუნდმა იაპონიაში მხოლოდ ერთი საკუთარი დერეფანი დათმო, ჩვენ კი სამ აუტში შევუშალეთ ხელი და მოლების გაჩერებაც მოვახერხეთ. მთლიანობაში კმაყოფილი ვარ და მომავალ შეხვედრაში, დარწმუნებული ვარ პროგრესი გვექნება.

თამაშის წინ ვთქვით, რომ დაცვა იწყება შეტევით. მიუხედავად იმისა, რომ დებიუტში უხეში შეცდომის გამო ლელო მივიღეთ, გუნდი თამაშში დაღჩა. ვეცადეთ შეტევაში ბურთი გაგვეკონტროლებინა და გარკვეულწილად ეს გამოგვივიდა. შესვენების შემდეგ აფრიკელებმა ჩვენზე უკეთ მოახერხეს ბურთის კონტროლი. სტატიკურ სიტუაციებში რამდენიმე უხეში შეცდომა დავუშვით და ვერ გავუძელით. სწორედ ეს არის, რასაც უნდა შევეგუოთ.

ვფიქრობ, სამხრეთ აფრიკა კმაყოფილი უნდა იყოს ჩვენთან თამაშით. კონტაქტის არეალში, მოლში, შერკინებაში, კონკურენტუნარიანები ვიყავით და ტაიმსაც მოვიგებდით რომ არა უდისციპლინობა", -
ციტირებს მაისაშვილის სიტყვებს რაგბის კავშირის ოფიციალური ვებგვერდი. 

ეს გუნდები 9 ივლისს ერთმანეთს იოჰანესბურგში დაუპირისპირდებიან. 

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

🏉 1vs1 რაგბის მსოფლიო სერია – თბილისი 2025
🏖️ პირველი ქვიშის თაჩ-რაგბის ტურნირი დასავლეთ საქართველოში – „ზაფხულის თამაშები 2025“
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)