წინათქმა: სამხრეთ აფრიკა VS საქართველო

წინათქმა: სამხრეთ აფრიკა VS საქართველო

ორივე ნაკრებისთვის ნანატრი დღე დადგა. საქართველოსთვის იმიტომ, რომ აქვს უდიდესი პატივი ეთამაშოს მოქმედ მსოფლიო ჩემპიონს, ხოლო სამხრეთ აფრიკა 2019 წლის მსოფლიო თასის ფინალის, 2 ნოემბრის შემდეგ პირველ შეხვედრას ჩაატარებს, 19-თვიანი პაუზის შემდეგ საერთაშორისო რაგბის დაუბრუნდება და რაც ჩვენთვის მთავარია, ეს სწორედ საქართველოს წინააღმდეგ მოხდება და მატჩს მთელი მსოფლიოს მასშტაბით უამრავი გულშემატკივარი უყურებს.

სამხრეთ აფრიკა

"სპრინგბოკსის" სასტარტო თხუთმეტეულში ორი უკეპო მოთამაშეა და ორივე ფრთაა - როსკო სპეკმანი და აფელელე ფასი, ხოლო კიდევ ერთი დებიუტანტი მესამეხაზელი იასპერ ვიზე მარქაფაშია. სამხრეთ აფრიკის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე დებიუტი ექნება ჟაკ ნინაბერსაც. სხვადასხვა მიზეზების გამო, მსოფლიო ჩემპიონებს მოახლოებულ მატჩში ჩესლინ კოლბი, რაინარდ ელსტადტი, ფაფ დე კლერკი, არხი სნეიმანი, ლუდ დე იახერი, დუეინ ვერმულენი, ვინსენტ კოხი, სბუ ნკოსი და დამიან დე ალენდე არ ეყოლებათ.

 საქართველოსთან მატჩისთვის დასახელებულ 23-კაციან განაცხადში 18 მსოფლიო ჩემპიონია, მათ შორის 12 ისეთი მორაგბეა, რომელთაც 2019 წლის მსოფლიო თასის ფინალში მიიღეს მონაწილეობა. ამ 12 მორაგბიდან 6 ძირითად შემადგენლობაშია.

"ძნელია, თუმცა ჩვენ უნდა ვიყოთ 100%-ით კონცენტრირებულნი პარასკევს საღამოთი, ფიზიკურად ძალიან ძლიერი საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ. ჩვენ ამ კვირაში მთელი ჩვენი ენერგია გვაქვს მომართული, მაგრამ გულის სიღრმეში ბრიტანელი და ირლანდიელი ლომებთან მოახლოებულ სერიაზე გვეფიქრება. ყველაფერი, რასაც ჩვენ ვაკეთებთ, სწორედ ლომების ტურნესთვის მზადებას ემსახურება", - განაცხადა აფრიკელთა მგეზავმა ანდრე პოლარდმა. 

უკანა ხაზი

15. ვილი ლე რუ, 14. როსკო სპეკმანი, 13. ჯესი კრილი, 12. ფრანს სტეინი, 11. აფელელე ფასი, 10. ანდრე პოლარდი, 9. კობუს რეინახი;

შერკინება

1. ოქს ნჩე, 2. ბონგი მბონამბი, 3. ტრევორ ნიაკანე, 4. ებენ ეთზებეთი, 5. ფრანკო მოსტერტი, 6. სია კოლისი (კაპ.), 7. პიტერ-სტეფ დუ ტოი, 8. კვაგა სმიტი; 

მარქაფა

16. მალკოლმ მარქსი, 17. სტივენ კიტშოფი, 18. ფრანს მალჰერბე, 19. მარვინ ორიე, 20. იასპერ ვიზე, 21. ჰერშელ იანტისი, 22. ელტონ იანტისი, 23. დამიან უილემსე.

საქართველო

ნიდერლანდებთან მატჩის შემდეგ "ბორჯღალოსნების" სასტარტო თხუთმეტეულში რამდენიმე ცვლილება მოხდა - ფრთაზე მირიან მოდებაძე დემურ თაფლაძემ ჩაანაცვლა, ხოლო შერკინებაში ოთხი ცვლილებაა - მარცხენა ბურჯის პოზიციაზე გურამ გოგიჩაშვილმა ნიკოლოზ ხატიაშვილი შეცვალა, მეორე ხაზში ნოდარ ჭეიშვილი დავით გიგაურმა ჩაანაცვლა, ხოლო მესამე ხაზში ტრავმირებული მიხეილ გაჩეჩილაძის ნაცვლად თორნიკე ჯალაღონია ითამაშებს, რომელმაც წინა მატჩში დაისვენა. ძირითად შემადგენლობაში უნდა ყოფილიყო გიორგი ცუცქირიძე, თუმცა მან ბოლო მომენტში მცირე ტრავმა მიიღო და სასტარტოში კვლავ ილია სპანდერაშვილი იქნება, რომელსაც დებიუტი სწორედ ნიდერლანდებთან მატჩში ჰქონდა. 

აღსანიშნავია, რომ თადარიგში ექვსი მორკინალია და მათგან ორი მეორეხაზელია ნოდარ ჭეიშვილი და გიორგი ჯავახია. აღსანიშნავია, რომ 2019 წლის მსოფლიო თასზე სამხრეთ აფრიკა სწორედ ასეთი სქემით ასპარეზობდა და უმეტეს მატჩებში მარქაფაში ორი მხტომელი ჰყავდა. დებიუტი ექნება მარჯვენა ბურჯ ლუკა ჯაფარიძეს, ხოლო ხაზის მოთამაშეებიდან თადარიგში გელა აფრასიძე და გიორგი ბაბუნაშვილი არიან. 

"მსოფლიოს ჩემპიონთან თამაში ჩვენთვის დიდი შესაძლებლობაა და ვაფასებთ ამ გამოწვევას. გავეცანი სამხრეთ აფრიკის რაგბი დირექტორის, რასი ერასმუსის, მთავარი მწვრთნელის – ჟაკ ნიენაბერისა და მოთამაშეების კომენტარებს. სასიამოვნოა, რომ მეტოქე გვაფასებს და თამაშს სრული სერიოზულობით ეკიდება. ის ფაქტი, რომ მათ შემადგენლობაში 18 მსოფლიოს ჩემპიონია, ჩვენს მოტივაციას აასმაგებს. ეს არის შანსი, რომ გამოვცადოთ საკუთარი შესაძლებლობები მსოფლიოს უძლიერესი გუნდის წინააღმდეგ. დარწმუნებული ვარ ჩვენი ბიჭები ამ გამოწვევას ღირსეულად მიიღებენ, მაქსიმუმს გაიღებენ და მოედანს თავაწეულები დატოვებენ.

ვეცდებით კარგი თამაში ვაჩვენოთ, განსაკუთრებით იმ კომპონენტში, სადაც სამხრეთ აფრიკა განსაკუთრებით ძლიერია. ველოდებით ძალისმიერ თამაშს და მეტოქეც ამის მოლოდინშია. ჩვენც გვაქვს პრეტენზია, რომ კონტაქტის არეალში არავისზე ნაკლებები ვართ და გვაინტერესებს ვნახოთ, როგორ გავუძლებთ ამ გამოწვევას. ეს იმას არ ნიშნავს, რომ არ იქნება გახსნილი და ღია თამაში. აფრიკელებს სწრაფი, მორკინალებზე არანაკლებ საშიში ხაზის მოთამაშეები ყავთ" - 
განაცხადა "ბორჯღალოსნების" მთავარმა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა.

უკანა ხაზი

15. დავით ნინიაშვილი (6 კეპი, 20 ქულა), 14. აკაკი ტაბუცაძე (12 კეპი, 55 ქულა), 13. გიორგი კვესელაძე (34 კეპი, 25 ქულა), 12. მერაბ შარიქაძე (კაპ. 77 კეპი, 60 ქულა), 11. დემურ თაფლაძე (9 კეპი, 5 ქულა), 10. თედო აბჟანდაძე (25 კეპი, 162 ქულა), 9. ვასილ ლობჟანიძე (58 კეპი, 50 ქულა);

შერკინება

1. გურამ გოგიჩაშვილი (22 კეპი, 10 ქულა), 2. ჯაბა ბრეგვაძე (66 კეპი, 25 ქულა), 3. გიორგი მელიქიძე (28 კეპი, 15 ქულა), 4. დავით გიგაური (11 კეპი, 5 ქულა), 5. კოტე მიქაუტაძე (67 კეპი, 10 ქულა), 6. გიორგი ცუცქირიძე (21 კეპი, 15 ქულა), 7. ბექა საღინაძე (21 კეპი, 15 ქულა), 8. თორნიკე ჯალაღონია (9კეპი, 10 ქულა);

მარქაფა

16. გიორგი ჭყოიძე (16 კეპი, 5 ქულა), 17. ნიკოლოზ ხატიაშვილი (5 კეპი), 18. ლუკა ჯაფარიძე(უკეპო), 19. ნოდარ ჭეიშვილი (31 კეპი), 20. გიორგი ჯავახია (6 კეპი, 5 ქულა); 21. გელა აფრასიძე (34 კეპი, 24 ქულა), 22. გიორგი ბაბუნაშვილი (3 კეპი, 9 ქულა); 23. ილია სპანდერაშვილი (1 კეპი).

ურთიერთშეხვედრები 

ამ გუნდების გზები აქამდე მხოლოდ ერთხელ გადაიკვეთა - 2003 წლის მსოფლიო თასის ჯფუფურ ეტაპზე 24 ოქტომბერს სიდნეიში გამართულ მატჩში სამხრეთ აფრიკამ 46:19 იმარჯვა. "სპრინგბოკსის" შვიდ ლელოს, დავით დადუნაშვილმა უპასუხა საპასუხო ლელოთი, რომელიც საქართველოსთვის პირველი ლელო გამოდგა მსოფლიო თასების ისტორიაში. გარდასახვა და სამი ჯარიმა პალიკო ჯიმშელაძემ გაიტანა, ხოლო ერთი ჯარიმა მერაბ კვირიკაშვილმა შეასრულა ზუსტად. აღსანიშნავია, რომ ამ მატჩში დებიუტი ჰქონდა ლეგენდარულ სხალკ ბურგერს, რომელმაც ლელოს გატანაც მოახერხა.

ამ გუნდებს ერთმანეთის წინააღმდეგ შარშანაც უნდა ეთამაშათ, თუმცა კორონავირუსის გამო ივლისის ტესტები გაუქმდა. 

მსაჯები

შეხვედრის მთავარი მსაჯი 37 წლის შოტლანდიელი მაიკ ადამსონი იქნება, რომელიც პრო 14-ში 2016 წლიდან მსაჯობს, ხოლო 2021 წლიდან 6 ერის მატჩებს უძღვება. მას კიდეებიდან მსოფლიოს ერთ-ერთი გამორჩეული მსაჯი ინგლისელი უეინ ბარნსი და სამხრეთაფრიკელი მარიუს ვან დერ ვესთეიზენი დაეხმარებიან, ხოლო ვიდეორეფერი ასევე სამხრეთაფრიკელი მარიუს იონკერი იქნება. 

სად ვუყუროთ? 

მატჩი 21 საათზე დაიწყება და მას ტელეკომპანიას იმედის და რაგბი ტვ-ის ეთერში იხილავთ.

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)
ინგლისი - სამხრეთ აფრიკა 27:26 (VIDEO)
ლევან მაისაშვილი: "ეს ორი თამაში საქართველოსთვის ძალიან დიდი აქტივია"