ოფიციალურად: ნიცამ პრო დ2-დან ქართველი ბურჯი დაიმატა

ოფიციალურად: ნიცამ პრო დ2-დან ქართველი ბურჯი დაიმატა

"გრენობლის" აწ უკვე ყოფილი მარცხენა ბურჯი ნიკა ნეფარიძე კარიერას ნასიონალის "ნიცაში" განაგრძობს. აღნიშნული ინფორმაცია ზღვისპირა ალპური კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა დაადასტურა.

ნეფარიძე 2015-2018 წლებში "კლერმონის" ესპუარებში ასპარეზობდა, 2018-2020 წლები "ვანში" გაატარა, რომლის რიგებშიც პრო დ2-ში 28 შეხვედრა ჩაატარა, ხოლო განვლილ სეზონში "გრენობლის" მაისურით 18-ჯერ ითამაშა და 1 ლელო გაიტანა.

აღნიშნული ტრანსფერით კმაყოფილი დარჩა "ნიცას" მთავარი მწვრთნელი, ვეტერანი ბორჯღალოსანი დავით ბოლღაშვილი: "ნიკა არის პრო დ2-ის დონის მოთამაშე. მან იცის თუ რა არის ამ დონეზე სათამაშოდ საჭირო, რა უნდა გვქონდეს, რომ იქამდე მივაღწიოთ. მას აქვს შესანიშნავი სათამაშო თვისებები, მათ შორის ძალიან კარგია შერკინებაში. გარდა ამისა, ის საკმაოდ ახალგაზრდაა და მომატება კიდევ შეუძლია."

როგორც იცით, "ნიცა" წლევანდელ სეზონში ძალიან ახლოს იყო პრო დ2-ში აღზევებასთან. კლუბმა რეგულარული ჩემპიონატი შესანიშნავად ჩაატარა და ნასიონალის ნახევარფინალში გავიდა, სადაც "ნარბონთან" საკუთარ მოედანზე ძალიან დასანანახი მარცხი განიცადა - "ნიცა" 9:12 დამარცხდა და გადამწყვეტი ჯარიმა 79-ე წუთზე გაუშვა. 

ბოლღაშვილის გარდა, "ნიცაში" მუშაობს რევაზ გიგაური, რომელსაც 2006-2015 წლებში "ბორჯღალოსნების" რიგებში ჩატარებულ 39 მატჩში 2 ლელო აქვს გატანილი - ის "ნიცას" სარაგბო სკოლის ტექნიკური მენეჯერის თანამდებობას იკავებს. გასულ სეზონში ხმელთაშუა ზღვისპირა კლუბში ქართველი ბურჯები, 36 წლის კახაბერ კობერიძე და 32 წლის ლადო გუნიავა ასპარეზობდნენ, რომელთაც რამდენიმე დღის წინ "ნიცა" დატოვეს. სამაგიეროდ, კლუბმა რამდენიმე დღის წინ ბორჯღალოსანი კვაჭი ბადრი ალხაზაშვილი გაიფორმა. 

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

🏉 1vs1 რაგბის მსოფლიო სერია – თბილისი 2025
🏖️ პირველი ქვიშის თაჩ-რაგბის ტურნირი დასავლეთ საქართველოში – „ზაფხულის თამაშები 2025“
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)