დავით ბოლღაშვილი: "დარწმუნებული ვარ, რომ ბადრი ალხაზაშვილი ბევრ სარგებელს მოგვიტანს"

დავით ბოლღაშვილი: "დარწმუნებული ვარ, რომ ბადრი ალხაზაშვილი ბევრ სარგებელს მოგვიტანს"

"ნიცას" მთავარი მწვრთნელი, ვეტერანი ბორჯღალოსანი დავით ბოლღაშვილი (2000-2010, 30 კეპი, 5 ლელო), ბადრი ალხაზაშვილის ტრანსფერით კმაყოფილია და დარწმუნებულია, რომ ის ზღვისპირა ალპურ კლუბს ბევრ სარგებელს მოუტანს. 

"მე ბადრის კარგად ვიცნობ. ის იყო "ტულონის" მოთამაშე, რაც ხარისხის გარანტიაა. ის არის ძალიან დინამიური კვაჭი და საკმაოდ სრულყოფილი მოთამაშე თავისი ასაკისთვის: ის არის შერკინებაში ძლიერი და ბურთის მარჯვე ამგდები. მე დარწმუნებული ვარ, რომ ის დაამტკიცებს საკუთარ შესაძლებლობებს ჩვენთან და ბევრ სარგებელს მოგვიტანს", - განაცხადა ბოლღაშვილმა.

როგორც იცით, "ნიცა" წლევანდელ სეზონში ძალიან ახლოს იყო პრო დ2-ში აღზევებასთან. კლუბმა რეგულარული ჩემპიონატი შესანიშნავად ჩაატარა და ნასიონალის ნახევარფინალში გავიდა, სადაც "ნარბონთან" საკუთარ მოედანზე ძალიან დასანანახი მარცხი განიცადა - "ნიცა" 9:12 დამარცხდა და გადამწყვეტი ჯარიმა 79-ე წუთზე გაუშვა. 

ბოლღაშვილის გარდა, "ნიცაში" მუშაობს რევაზ გიგაური, რომელსაც 2006-2015 წლებში "ბორჯღალოსნების" რიგებში ჩატარებულ 39 მატჩში 2 ლელო აქვს გატანილი - ის "ნიცას" სარაგბო სკოლის ტექნიკური მენეჯერის თანამდებობას იკავებს. გასულ სეზონში ხმელთაშუა ზღვისპირა კლუბში ქართველი ბურჯები, 36 წლის კახაბერ კობერიძე და 32 წლის ლადო გუნიავა ასპარეზობდნენ, რომელთაც რამდენიმე დღის წინ "ნიცა" დატოვეს.

შეგახსენებთ, რომ ალხაზაშვილი "ბრივს" 2020 წლის აგვისტოს ბოლოს "ლიონიდან" შეუერთდა და 13 შეხვედრა ჩაატარა, თუმცა საბოლოო ჯამში მხარეებს შორის თანამშრომლობა აღარ გაგრძელდა. ბადრი იქამდე "პროვანს რაგბიში" და "ტულონში" ასპარეზობდა, ხოლო საქართველოს ნაკრების რიგებში 9-ჯერ უთამაშია.

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

🏉 1vs1 რაგბის მსოფლიო სერია – თბილისი 2025
🏖️ პირველი ქვიშის თაჩ-რაგბის ტურნირი დასავლეთ საქართველოში – „ზაფხულის თამაშები 2025“
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)