წინათქმა, დიდი 10-ის ფინალი: აია VS ბათუმი

წინათქმა, დიდი 10-ის ფინალი: აია VS ბათუმი

© არჩილ გეგენავა

დღეს 17 საათზე "აია არენაზე" საქართველოს ჩემპიონი გამოვლინდება - დიდი 10-ის 2020/2021 წლების სეზონის ფინალურ მატჩში "აია" შინ "ბათუმს" დაუხვდება.

ფინალი ყოველთვის განსაკუთრებულია, რადგან საქმე ტიტულს ეხება, მაგრამ ამ შემთხვევაში ამ მატჩს კიდევ უფრო დიდი ფასი ადევს - ქუთაისში 30-წლიანი პაუზის შემდეგ საქართველოს ჩემპიონატის ფინალი პირველად ტარდება, ხოლო "აია" 1995 წლის შემდეგ ჩემპიონი აღარ გამხდარი და შანსი აქვს, რომ 26-წლიანი უიღბლო სერია საშინაო არენაზე შეწყვიტოს. მეორე მხრივ კი, "ბათუმი" მოქმედი ჩემპიონია და ყველანაირად შეეცდება, რომ ტიტული შეინარჩუნოს და ზედიზედ მეორედ იჩემპიონოს. 

"აია" ფინალურ მატჩს ზუსტად იმ თხუთმეტეულით ითამაშებს, რომლითაც გასულ კვირას შინ "ყოჩები" 31:12 დაამარცხა. ქუთაისელთა ყველაზე დიდი დანაკლისი მირიან მოდებაძეა, რომელსაც პლეი-ოფში არ უთამაშია და შესაბამისად, ფინალური მატჩის მასპინძლები ფაქტობრივად ოპტიმალური შემადგენლობით იქნებიან.

"აკადემიასთან" მოგებული (28:13) ნახევარფინალის შემდეგ "ბათუმის" ძირითად შემადგენლობაში სამ ცვლილებას ვხედავთ: ორს პირველ ხაზში და ერთს ათი ნომრის პოზიციაზე. ალექსანდრე შამილიშვილის და ბექა მამრიკიშვილის ნაცვლად, სასტარტოში გოგა ქადარია და ვაჟა თაგაური იქნებიან, ხოლო მგეზავის პოზიციაზე გამოცდილს ბორჯღალოსანს ლაშა ხმალაძეს ვიხილავთ, რომელმაც ნახევარფინალში ტრავმის გამო ვერ ითამაშა. შესაბამისად, მამუკა ნინიძე ფულბექის პოზიციაზე გადაიწევს, სანდრო თოდუა ცენტრში დადგება, გურამ ქანდაურიშვილი - ფრთაზე, ხოლო დავით ტრაპაიძე თამაშში მარქაფიდან ჩაერთვება. აჭარელთა ყველაზე სერიოზული დანაკლისი მესამეხაზელი საბა შუბითიძეა.

მიმდინარე ჩემპიონატის პირველ ეტაპზე ეს გუნდები ერთმანეთს ორჯერ დაუპირისპირდნენ: მეხუთე ტურში "აიამ" შინ 27:19 იმარჯვა, ხოლო მეათე ტურში "ბათუმმა" რევანში აიღო და მეტოქე 22:13 დაამარცხა.

ორივე გუნდს აქამდე სამ-სამჯერ უჩემპიონიათ და გამარჯვების შემთხვევაში ოქროს მედლებს მეოთხედ დაეუფლებიან.

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)
ინგლისი - სამხრეთ აფრიკა 27:26 (VIDEO)
ლევან მაისაშვილი: "ეს ორი თამაში საქართველოსთვის ძალიან დიდი აქტივია"