ჯაბა მალაღურაძე: "რაც შემიძლია ცალსახად პლიუსად ჩავუთვალო ჩვენს გუნდს, ეს არის მონდომება და თამაშის ჟინი"

ჯაბა მალაღურაძე: "რაც შემიძლია ცალსახად პლიუსად ჩავუთვალო ჩვენს გუნდს, ეს არის მონდომება და თამაშის ჟინი"

© გოგიტა ბუხაიძე

საქართველოს 7-კაცა ნაკრები მოახლოებული რაგბი ევროპის ჩემპიონატის სერიის პირველი ეტაპისთვის აქტიურად ემზადება.

ტურნირის პირველი ეტაპი პორტუგალიის დედაქალაქ ლისაბონში 5 და 6 ივნისს გაიმართება. ჯგუფურ ეტაპზე საქართველოს 7-კაცა ნაკრების მეტოქეები გერმანია, პორტუგალია და ლიეტუვა იქნებიან. მეორე ჯგუფში ესპანეთის, იტალიის, რუსეთის და პოლონეთის ნაკრებები იასპარეზებენ. ჯგუფის ლიდერები საპირისპირო ოთხეულის ბოლო ადგილოსანს დაუპირისპირდებიან, მეორე და მესამე ადგილოსნები კი ერთმანეთს.

ლისაბონის ეტაპისთვის მოსამზადებელ შეკრებაზე ისაუბრა 7-კაცა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ჯაბა მალაღურაძემ.

"დავასრულეთ პირველი ტურნირისთვის მზადება, რომელიც გაიმართება ლისაბონში - ევროპის ჩემპიონატი, გრან პრის სერია. რაც შეეხება თვითონ მომზადებას, ურთულეს პერიოდში გვიწევს. რაც ყველასთვის ცნობილია პანდემიამ თავის გავლენა იქონია, პლუს ამას ემატება ძალიან აქტიური სარაგბო თვე, სადაც მოთამაშეები გადანაწილებულნი არიან ეროვნულ ნაკრებში, 20-წლამდელთა ნაკრებში და დიდი 10-ის პლეი-ოფში. გვყავს ბევრი გამოუცდელი მოთამაშე, ბევრი ახალბედა, თუმცა რაც შემიძლია ცალსახად პლიუსად ჩავუთვალო ჩვენს გუნდს, ეს არის მონდომება და თამაშის ჟინი", - განაცხადა მალაღურაძემ. 

საქართველოს ნაკრები ლისაბონში დღეს გაემგზავრება. შემადგენლობა კი ასე გამოიყურება:

ლევან ნარიმანიძე (ხარები, რუსთავი), პაატა ბურჭულაძე (ხარები), ალექსანდრე კალმახელიძე (არმაზი, მარნეული), ლუკა მატკავა (არმაზი, მარნეული), ნიკოლოზ გიგაური (არმაზი, მარნეული), გიორგი ყუფარაძე (იუნკერები, კიკეთი), გიორგი შკინინი (ლოკომოტივი, თბილისი), ლევან ქუშაშვილი (ლელო-სარასენსი, თბილისი), ლუკა ხეხელაშვილი (ლელო-სარასენსი, თბილისი), რევაზ ხარაზიშვილი (იუნკერები, კიკეთი), ნიკოლოზ ბაგაშვილი (ლელო-სარასენსი, თბილისი), ნიკო ტაბაღუა (არმაზი, მარნეული). 

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)
ინგლისი - სამხრეთ აფრიკა 27:26 (VIDEO)
ლევან მაისაშვილი: "ეს ორი თამაში საქართველოსთვის ძალიან დიდი აქტივია"