ნიცას დასანანი მარცხი ნასიონალის ნახევარფინალში - დავით ბოლღაშვილის გუნდი პრო დ2-ში ვერ აღზევდა

ნიცას დასანანი მარცხი ნასიონალის ნახევარფინალში - დავით ბოლღაშვილის გუნდი პრო დ2-ში ვერ აღზევდა

გუშინ ნასიონალის (საფრანგეთის ჩემპიონატის მესამე დივიზიონი) ნახევარფინალური მატჩები გაიმართა. 

"ნიცა" საკუთარ მოედანზე "ნარბონს" დაუხვდა, ხოლო "ბურგ-ენ-ბრესმა" "ალბის" უმასპინძლა. 

როგორც მოგეხსენებათ, "ნიცას" მთავარი მწვრთნელი ვეტერანი ბორჯღალოსანი დავით ბოლღაშვილია, რომელსაც 2000-2010 წლებში საქართველოს ნაკრების კვართით 30-ჯერ უთამაშია და 5 ლელოს გატანა მოახერხა, ხოლო რევაზ გიგაური, რომელსაც 2006-2015 წლებში "ბორჯღალოსნების" რიგებში ჩატარებულ 39 მატჩში 2 ლელო აქვს გატანილი, "ნიცას" სარაგბო სკოლის ტექნიკური მენეჯერის თანამდებობას იკავებს. ამ მომენტისთვის "ნიცას" რიგებში ორი ქართველი ბურჯი ირჯება: 36 წლის კახაბერ კობერიძე და 32 წლის ლადო გუნიავა. 

სამწუხაროდ, "ნიცამ" ბრწყინვალე შესაძლებლობა გაუშვა ხელიდან და ულელოო მატჩში შინ 9:12 დამარცხდა. პირველი ნახევარი ფრედ 6:6 დასრულდა. მეორე ტაიმის დასაწყისში მასპინძლები ჯარიმით დაწინაურდნენ, თუმცა ნარბონელებმა ოთხ წუთში აღადგინეს წონასწორობა. ბოლო წუთებამდე ანგარიში აღარ შეცვლილა, ხოლო 77-ე წუთზე "ნიცა" საკუთარი ლელოდან დაახლოებით 30-35 მეტრში მოლში დაჯარიმდა. შეცვლაზე შესულმა ბორის გუტარმა კი მაღალი საშემსრულებლო ოსტატობა და რკინის ნერვები გამოავლინა, რომელმაც მახვილი კუთხიდან ჯარიმა ზუსტად შეასრულა და მატჩის დასრულებამდე წუთნახევრით ადრე "ნარბონი" დააწინაურა. დარჩენილ დროში სტუმრებმა თავი კარგად დაიცვეს და უმძიმეს ბრძოლაში იმარჯვეს. შესაბამისად, ისინი პრო დ2-ში აღზევდნენ, "ნიცას" კი შემდეგი სეზონის გატარებაც ნასიონალში მოუწევს, არადა ეს გუნდი მთელი სეზონის განმავლობაში ძალიან კარგად ასპარეზობდა და რეგულარული გათამაშება "ნარბონზე" მაღლა დაასრულა, თუმცა გადამწყვეტ მატჩში ხმელთაშუა ზღვისპირელებმა თამაში არ წაუვიდათ და დასახულ მიზანს ვერ მიაღწიეს. მარქაფაში მყოფი კახაბერ კობერიძე თამაშში 38-ე წუთიდან ჩაერთო. 

იხილეთ ვიდეო

მეორე ნახევარფინალში "ბურგ-ენ-ბრესმა" საკუთარ კედლებში "ალბი" 36:16 დაამარცხა და ერთწლიანი პაუზის სემდეგ პრო დ2-ში დაბრუნდა. გულშემატკივრებმა ორი განსხვავებული ტაიმი იხილეს. პირველ ნახევარში მასპინძლებს საკმაოდ გაუჭირდათ და 40 წუთის შემდეგ ანგარიში 6:9 იყო. მეორე ტაიმში კი "ბურგ-ენ-ბრესმა" დიდი უპირატესობა მოიპოვა და მეორე ნახევარი 30:7 მოიგო, საბოლოო ჯამში კი 20-ქულიანი სხვაობით იმარჯვა. მასპინძელთა ძირითად შემადგენლობაში იყო მარცხენა ბურჯი ვაჟა კაპანაძე, რომელიც 66-ე წუთზე შეცვალეს, თუმცა თანაგუნდელის ტრავმის გამო ხუთ წუთში მინდორზე დაბრუნება მოუწია. 

ფინალური შეხვედრა "ბურგ-ენ-ბრესსა" და "ნარბონს" შორის 5 ივნისს ქალაქ ბურგონში შედგება და ნასიონალის სადებიუტო სეზონის გამარჯვებული გამოვლინდება. 

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

🏉 1vs1 რაგბის მსოფლიო სერია – თბილისი 2025
🏖️ პირველი ქვიშის თაჩ-რაგბის ტურნირი დასავლეთ საქართველოში – „ზაფხულის თამაშები 2025“
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)