ჩელენჯ თასის ფინალი: ლესტერ ტაიგერსი - მონპელიე 17:18 (ვრცელი მიმოხილვა)

ჩელენჯ თასის ფინალი: ლესტერ ტაიგერსი - მონპელიე 17:18 (ვრცელი მიმოხილვა)

ჩელენჯ თასის 2020/2021 წლების სეზონის ფინალურ მატჩში ლონდონში, "თვიქნემ სთედიუმზე" ერთმანეთს "ლესტერ ტაიგერსი" და "მონპელიე" დაუპირისპირდნენ.

პირველ რიგში აღსანიშნავია, რომ ფინალურ მატჩს 10 000 გულშემატკივარი დაესწრო და ევროპულ რაგბიში ეს არის დასწრების ყველაზე დიდი რიცხვის პანდემიის დაწყების შემდეგ. ანალოგიურად, ჩემპიონთა თასის დღეს გასამართ ფინალზეც ნებადართული 10 000 ქომაგის დაშვება იქნება. ამდენი ხნის მონატრებულმა გულშემატკივარმა ფინალს სულ სხვა ხიბლი შესძინა. ორივე გუნდმა ბოლომდე იბრძოლა ტიტულისთვის და მატჩი ბოლო წამამდე ისეთი დაძაბული გამოდგა, როგორიც ფინალს შეეფერება.

პირველი ტაიმი ფრედ 10:10 დასრულდა. ანგარიში მე-8 წუთზე ჯარიმით ჯორჯ ფორდმა გახსნა, რასაც მალევე ფრანგებმა ბრწყინვალე ლელოთი უპასუხეს - ენტონი ბუტიემ მარცხენა ფრთაზე შეაცურა ბურთი, რომელსაც ვინსენ რატე ჭკვიანურად ჩაუსაფრდა, ბურთს ფეხი ისე მიარტყა რომ ლელოში შეაცურა, შემდეგ კი არგენტინელ შუამარბ მატიას მორონის აჯობა და ბურთის დამიწება მოახერხა. გარდასახვა ბენუა პაიოგიმ გაიტანა, რომელმაც ორიოდე წუთში ჯარიმაც ზუსტად შეასრულა და "მონპელიე" შვიდი ქულით გავიდა წინ. 30-ე წუთზე ფრანგებს რვა ნომერი ალექსანდრე ბეკონი გაუსინბინეს, რითაც ინგლისელებმა ისარგებლეს და სამ წუთში ჰარი ველშმა საპასუხო ლელო დადო, რომელიც ფორდმა გარდასახა.

მეორე ნახევარი "ლესტერ ტაიგერსისთვის" მშვენივრად დაიწყო: 44-ე წუთზე "მონპელიეს" კიდევ ერთი მორაგბე, ამჯერად კაპიტანი გიიომ გირადო გაუსინბინეს, აქედან ორიოდე წუთში კი მოლიდან იასპერ ვიზემ დაალელოვა ფრანგული კლუბი, გარდასახვა კი ფორდმა გაიტანა. კაცნაკლულმა "მონპელიემ" 3 ქულის აღება მოახერხა - პაიოგიმ 50-ე წუთზე ჯარიმა გაიტანა და სხვაობა ოთხ ქულამდე შეამცირა, ხოლო 57-ე წუთზე ფრანგების ბრწყინვალე კონტრშეტევა იოჰან გუსენის ჩინებული ლელოთი დასრულდა და წინ კვლავ "მონპელიე" გავიდა, ერთი ქულით.

დრო ბევრი იყო დარჩენილი, თუმცა არაერთი მცდელობის მიუხედავად, გუნდებმა ქულების მოპოვება ვეღარ მოახერხეს. ბოლო წუთებში "მონპელიემ" ბურთი მოიპოვა, მოკლე დარტყმებით დრო ოსტატურად გაიყვანა და როგორც კი დრო გაწითლდა, ფრანგებმა ბურთი მაშინვე ტრიბუნებისკენ გადააგდეს - 17:18.

"მონპელიემ" ჩელენჯ თასის ტიტული მეორედ მოიპოვა. მათ პირველად ამის გაკეთება 2016 წელს მოახერხეს. 

წლევანდელ ჩელენჯ თასზე "მონპელიეს" რიგებში ქართველ მორაგბეს არ უთამაშია, თუმცა მიხეილ ნარიაშვილმა და "კასტრში" გადასულმა ლევან ჩილაჩავამ ჩემპიონთა თასზე 1 შეხვედრა ჩაატარეს, საიდანაც "მონპელიე" სწორედ ჩელენჯ თასზე გადაერთო.

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)
ინგლისი - სამხრეთ აფრიკა 27:26 (VIDEO)
ლევან მაისაშვილი: "ეს ორი თამაში საქართველოსთვის ძალიან დიდი აქტივია"