ოფიციალურად: იტალიის ნაკრები ახალზელანდიელმა მწვრთნელმა ჩაიბარა

ოფიციალურად: იტალიის ნაკრები ახალზელანდიელმა მწვრთნელმა ჩაიბარა

იტალიის ნაკრებს ახალზელანდიელი კირან ქროული გაწვრთნის, რომელიც მთავარი მწვრთნელის პოსტზე სამხრეთაფრიკელ ფრანკო სმიტს ჩაანაცვლებს. აღნიშნული ინფორმაცია ცოტა ხნის წინ იტალიის რაგბის კავშირის ოფიციალურმა ვებგვერდმა დაადასტურა.

59 წლის სპეციალისტმა იტალიის რაგბის კავშირთან სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა და ახალ სამუშაოს 1 ივლისიდან შეუერთდება. იქამდე კი, "ბენეტონს" პრო 14-ის "ცისარტყელას თასზე" უძღვება, სადაც იტალიელებს სამიდან სამი მოგება აქვთ და პირველ ადგილზე იმყოფებიან. 

ქროული 2016 წლიდან იტალიურ "ბენეტონში" მუშაობდა და მისი ხელმძღვანელობით იტალიური ფრენჩაიზი პირველად გავიდა პრო 14-ის პლეი-ოფში, როდესაც 2018/2019 წლების სეზონში "ბ" კონფერენციაში მხოლოდ "ლენსტერს" და "ალსტერს" ჩამორჩა, მესამე ადგილი დაიკავა და აჯობა ისეთ გუნდებს, როგორებიც არიან: "სკარლეტსი", "ედინბურგი", "დრაგონსი" და "საუზერნ კინგსი". მეოთხედფინალში კი "მანსტერთან" 76-ე წუთზე გაშვებული ჯარიმით 13:15 დამარცხდა. ქროული პრო 14-ის 2018/2019 წლების სეზონის საუკეთესო მწვრთნელად დაასახელეს.  

"მოხარული ვარ, რომ იტალიის რაგბის კავშირმა მომცა შესაძლებლობა გავიყვანო იტალიის ნაკრები მსოფლიო თასზე. "ბენეტონში" ხუთწლიანი მუშაობისას მე შევძელი გავცნობოდი ამ ქვეყანას, მის სარაგბო კულტურას. მოუთმენლად ველი ახალი სამუშაოს დაწყებას", - განაცხადა ქროულიმ.

შეგახსენებთ, რომ ქირან ქროული 1983-1991 წლებში ახალი ზელანდიის ნაკრების წევრი იყო, 35 კეპი მოიხვეჭა და 316 ქულა გაიტანა. ის პირველი, 1987 წლის მსოფლიო თასის გამარჯვებული გახდა. საკლუბო დონეზე კი 1980-1994 წლებში "ტარანაკის" ღირსებას იცავდა და 199 მატჩში 1723 ქულა გაიტანა. 

მან სამწვრთნელო კარიერა სწორედ "ტარანაკში" დაიწყო და 1998-2002 წლებში ასისტენტი იყო, 2003-2007 წლებში კი მთავარი მწვრთნელი გახლდათ. 2007 წელს ახალი ზელანდიის 19-წლამდელთა ნაკრების მთავარ მწვრთნელად დაინიშნა, 2008 წელს კი კანადის ნაკრებს ჩაუდგა სათავეში, სადაც რვა წელი იმუშავა და "ბენეტონს" მიაშურა, რომელსაც აქამდე ხელმძღვანელობდა.

როგორც ცნობილია, ფრანკო სმიტი იტალიის რაგბის კავშირის სარაგბო დირექტორის თანამდებობაზე გადაინაცვლებს, ხოლო იტალიის ნაკრებში ქროულის ასისტენტები ანდრეა მორეტი, მარიუს გუსენი, კორადო პილატი და ჯოვანი სანგუინი იქნებიან.

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)
ინგლისი - სამხრეთ აფრიკა 27:26 (VIDEO)
ლევან მაისაშვილი: "ეს ორი თამაში საქართველოსთვის ძალიან დიდი აქტივია"
საქართველო - ფიჯი 15:15 (VIDEO)