მაისაშვილი: "ზედიზედ ამდენი მაღალი დონის მატჩის ჩატარება, ჩვენთვის ბრწყინვალე შესაძლებლობაა"

მაისაშვილი: "ზედიზედ ამდენი მაღალი დონის მატჩის ჩატარება, ჩვენთვის ბრწყინვალე შესაძლებლობაა"

დღეს ოფიციალურად დადასტურდა, რომ საქართველოს ნაკრები ზაფხულის ტესტებზე მოქმედი მსოფლიო ჩემპიონის სამხრეთ აფრიკის წინააღმდეგ ორ საგარეო ტესტ-მატჩს გამართავს - 3 და 10 ივლისს. 17-ში კი "ბორჯღალოსნები" შოტლანდიას უმასპინძლებენ, რაც რამდენიმე კვირის წინ გახდა ცნობილი.

"სპრინგბოკსთან" ტესტების დადასტურების შემდეგ, კომენტარი გააკეთა საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა. 

"რაგბის კავშირმა ნაყოფიერი სამუშაო ჩაატარა და მოხარული ვარ, რომ 3 და 10 ივლისს სამხრეთ აფრიკას ვეთამაშებით. მანამდე გვაქვს რაგბი ევროპის ჩემპიონატის დასკვნითი შეხვედრა ბელგიასთან, ან ნიდერლანდებთან და მას გამოვიყენებთ ტურნესთვის მოსამზადებლად.

ის, რომ მსოფლიოს ჩემპიონი ზედიზედ ორ ტესტს გვეთამაშება, დიდი პასუხისმგებლობაა და მადლობა მათ დაფასებისთვის. მერე ვმასპინძლობთ შოტლანდიას და ზედიზედ ამდენი მაღალი დონის შეხვედრის ჩატარება, ჩვენთვის ბრწყინვალე შესაძლებლობაა. სამწუხაროდ ‘შემოდგომის ერთა თასის’ შემდეგ ასეთი თამაშები არ გვქონდა, მაგრამ რაგბი ევროპის ჩემპიონატმა კიდევ უფრო წინ წაგვწია, განსაკუთრებით შეტევის კუთხით! საინტერესო იქნება ამ დონის მეტოქესთან როგორ შევძლებთ ამ ნამუშევრის გადატანას და როგორ გაუძლებს ჩვენი სისტემები ამ გამოწვევას.

ძალიან ძნელია იმის ვარაუდი, როგორი იქნება ჩვენი შემადგენლობა ივლისის ტესტებისთვის. ტრავმიდან უკვე გამოვიდა გიორგი ცუცქირიძე და ის აუცილებლად გვეყოლება. ბექა გორგაძე, ოთარ გიორგაძე და გრიგორ ქერდიყოშვილი ამ პერიოდში რეაბილიტაციის დასრულებას ვერ ასწრებენ. ტრავმირებულია სოსო მათიაშვილი და ჯერ არ ვიცით რამდენ ხანს გაგრძელდება მისი მკურნალობა. გვაქვს კიდევ ერთი სამწუხარო ინფორმაცია, მიხეილ ნარიაშვილმა ფეხი მოიტეხა და ამ ტესტებზე ვერ დაგვეხმარება. წინაა ფლეი ოფები დიდ 10-სა და საფრანგეთში. მთავარია ყველანი ჯანმრთელად იყვნენ და იმ მომენტისთვის მაქსიმალურად უძლიერეს შემადგენლობას შევკრებთ", -
ციტირებს ლევან მაისაშვილის სიტყვებს საქართველოს რაგბის კავშირის ოფიციალური ვებგვერდი.  

კავშირის ოფიციალური გვერდის ცნობით, ბორჯღალოსნების ის ნაწილი, რომელთა კლუბები სეზონს დაასრულებენ, ვარჯიშს 24 მაისიდან დაიწყებენ და მათ ეტაპობრივად დაემატებიან მოთამაშეები. მათ დღეში ორჯერადი ვარჯიშები ექნებათ, 14 ივნისიდან კი, გუნდი ზაფხულის მატჩებისთვის შეკრებაზე შევა.

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

🏉 1vs1 რაგბის მსოფლიო სერია – თბილისი 2025
🏖️ პირველი ქვიშის თაჩ-რაგბის ტურნირი დასავლეთ საქართველოში – „ზაფხულის თამაშები 2025“
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)