ანგულემი პრო დ2-დან გავარდა, ორიაკმა დრამატულად იმარჯვა და დარჩენისკენ უდიდესი ნაბიჯი გადადგა

ანგულემი პრო დ2-დან გავარდა, ორიაკმა დრამატულად იმარჯვა და დარჩენისკენ უდიდესი ნაბიჯი გადადგა

პარასკევს პრო დ2-ის ბოლოსწინა ტურის ექვსი შეხვედრა გაიმართა. 

ქართველი მორაგბეების სიმრავლით ცნობილმა "ორიკმა" უდრამატულეს მატჩში სტუმრად "კოლომიე" მინიმალური სხვაობით დაამარცხა და პრო დ2-ში დასარჩენად უდიდესი ნაბიჯი გადადგა. "ორიაკი" 72-ე წუთამდე 13:9 აგებდა, რის შემდეგაც ლელოთი ერთი ქულით დაწინაურდა. 75-ე წუთზე საკუთარ 22-თან ცუცქირიძე დაჯარიმდა და ყვითელი ბარათი მიიღო, რომელიც ტომა გირარმა იოლი პოზიციიდან გაიტანა და კვლავ "კოლომიე" გავიდა წინ.

"ორიაკმა" შანსი მაინც მიიღო: 79-ე წუთზე მეტოქე დააჯარიმა, ბურთი აუტში გადაიტანა და მეტოქის ნახევარზე გადავიდა, რითაც ბოლო შეტევის წამოწყება შეეძლო, მაგრამ მასპინძლებმა სტუმართა მოლი შეაჩერეს, წესების დაცვით ჩაუხურეს და შერკინება დაინიშნა. მასპინძლებს შერკინებიდან ბურთი უნდა გამოეტანათ, აუტში გადაეგდოთ და მატჩიც მორჩებოდა, მაგრამ "ორიაკის" შერკინებამ იმძლავრა და მეტოქე მისსავე შერკინებაში დააჯარიმა. ჯარიმა იოლი გასატანი არ იყო, თუმცა სეზონის ყველაზე მნიშვნელოვან მომენტში ტომა სალემ სრული მობილიზება მოახდინა, დარტყმა ზუსტად შეასრულა და "ორიაკს" უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოუტანა - 16:17.

სტუმართა ძირითად შემადგენლობაში იყვნენ მარჯვენა ბურჯი გიორგი ქართველიშვილი, მეორეხაზელი გიორგი ჯავახია და მესამეხაზელი გიორგი ცუცქირიძე, ხოლო ასევე მესამეხაზელი ბექა საღინაძე შეცვლაზე შევიდა. "კოლომიეს" რიგებში ბექა შეყლაშვილმა საწყისი 63 წუთი ითამაშა. 

"ორიაკმა" 53 ქულა დააგროვა და ბოლო ტურის წინ "ვალანს რომანსს" 4 ქულით უსწრებს. სეზონის ბოლო მატჩში "ორიაკი" შინ "პროვანსს" ეთამაშება, ხოლო ვალანსელები გასვლაზე "ოიონას" ეთამაშებიან.
 
"ანგულემი" შინ "ბიარიცთან" 15:31 დამარცხდა და პრო დ2-დან ოფიციალურად გავარდა. შარანტელთაგან ლუკა გოგინავა 41-ე წუთზე შეცვალეს, ხოლო შალვა სუთიაშვილი 46-ე წუთზე შევიდა მინდორზე, ხოლო ბასკურ კლუბში აზარიაშვილმა საწყისი 27 წუთი ითამაშა, უჩა ჭეიშვილი 57-ე წუთზე გამოჩნდა მოედანზე, ხოლო თორნიკე ჯალაღონია 77-ე წუთზე შეცვალეს.

"რუანმა" შინ ლიდერ "პერპინიანს" 31:17 სძლია და პრო დ2-ში დარჩენა ფაქტობრივად გაინაღდა. 

"პროვანსმა" საკუთარ კედლებში "მონტობანი" 36:13 დაამარცხა და პრო დ2-ში ოფიციალურად დარჩა. 

"ვალანს რომანმა" "სტად ჟორჟ-პომპიდუზე" "ნევერს" 36:28 აჯობა და გათამაშებაში დარჩენის მცირე შანსი შეინარჩუნა. ვალანსელთა რიგებში მარჯვენა ბურჯის პოზიციაზე მირიან ბურდული 64-ე წუთზე გიორგი კაკაურიძემ შეცვალა, ხოლო ნევერელთა შორის თორნიკე მატარაძემ 47-ე წუთიდან ითამაშა.

"ბეზიე" საკუთარ კედლებში "მონ-დე-მარსანთან" 13:20 დამარცხდა. 


კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

🏉 1vs1 რაგბის მსოფლიო სერია – თბილისი 2025
🏖️ პირველი ქვიშის თაჩ-რაგბის ტურნირი დასავლეთ საქართველოში – „ზაფხულის თამაშები 2025“
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)