არგენტინის ნაკრების კაპიტანი პაბლო მატერა "სტად ფრანსეს" კარიერას "კრუსეიდერსში" განაგრძობს.
ის იქნება პირველი არგენტინელი მორაგბე, რომელიც "ჯვაროსნების" ღირსებას დაიცავს. პაბლო ახალზელანდიაში 2022 წლის სუპერ რაგბის სეზონს გაატარებს.
"ჩვენ ვიცით, რომ პაბლოს სუპერ რაგბიში დაბრუნება სურდა და აღფრთოვანებულნი ვართ იმ პერსპექტივით, რომ კრაისტჩერჩში შემოგვიერთდება 2022 წელს. ჩვენ მოუთმენლად ველით მის დამატებას", - თქვა "კრუსეიდერსის" აღმასრულებელმა დირექტორმა კოლინ მენსბრიჯმა.
"პაბლო არის მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო მესამეხაზელი. ის არის გამოცდილი და თავდაჯერებული მოთამაშე, რომელსაც აქვს ნამდვილი ლიდერის თვისებები. მან შთაბეჭდილება მოახდინა ჩვენზე თავისი ფიზიკური მონაცემებით და სამუშაო ეთიკით. მოხარულნი ვართ, რომ ის მომდევნო სეზონში ჩვენს გუნდს შემოუერთდება და ჩვენს ახალგაზრდა მესამეხაზელებს თავის მდიდარ გამოცდილებას გაუზიარებს", - განაცხადა "კრუსეიდერსის" მთავარმა მწვრთნელმა სკოტ რობერტსონმა.
შეგახსენებთ, რომ არგენტინამ შემოდგომაზე ახალი ზელანდიის ნაკრების ისტორიაში პირველად დაამარცხა, რაშიც უდიდესი წვლილი სწორედ მატერას მიუძღვის, რომელმაც საოცარი შეხვედრა ჩაატარა. პაბლოს "პუმების" კვართით 66-ჯერ უთამაშია და 4 ლელო აქვს გატანილი.
"კრუსეიდერსი" სუპერ რაგბის 10-გზის გამარჯვებულია. სკოტ რობერტსონის შეგირდებმა უკანასკნელი სამი ტურნირი (2017, 2018, 2019) ზედიზედ მოიგეს, ხოლო მას შემდეგ, რაც პანდემიის გამო ჩვეული ფორმატით ვეღარ განახლდა, 2020 წელს სუპერ რაგბი აოტეაროას ჩემპიონები გახდნენ. მატერა 2016-2019 წლებში "ხაგუარესში" თამაშობდა და 52 მატჩში 11 ლელო დადო. არგენტინელები 2019 წლის სუპერ რაგბის ფინალში გავიდნენ, სადაც სწორედ "კრუსეიდერსთან" დამარცხდნენ.