კვლავ ტოპ 14-ში - ბექა გორგაძის ახალი კლუბი ცნობილია

კვლავ ტოპ 14-ში - ბექა გორგაძის ახალი კლუბი ცნობილია

საქართველოს ნაკრების მესამეხაზელი ბექა გორგაძე მიმდინარე სეზონის ბოლოს "ბორდოს" დატოვებს და კარიერას "პოში" განაგრძობს. აღნიშნული ცნობის შესახებ მთელმა რიგმა ფრანგულმა გამოცემებმა დაწერეს, რის შემდეგაც ინფორმაცია თავად ბექასთან გადავამოწმეთ, რომელმაც ატლანტური პირენეების დეპარტამენტის მთავარი ქალაქის გუნდში გადასვლა დაადასტურა.

გორგაძემ "პოსთან" 2+1 წლიანი კონტრაქტი გააფორმა. 

"კონტრაქტი 2+1 არის, რომელიც 2022 წლის ბოლოს გადაწყდება შევა ძალაში თუ არა.

ჯანმრთელობის საქმე უკეთესადაა, მივიწევ წინ ნელ-ნელა იმ იმედებით, რომ ორ თვეში გუნდთან რაგბის ვარჯიში დავიწყო. მთავარი მიზანი სეზონისწინა მოსამზადებელ ეტაპზე 100%-ით მზად ყოფნაა, რომ სეზონს ყველანაირად მზად შევხვდე", -
გვითხრა ბექამ.

"პო" ამ მომენტისთვის ტოპ 14-ში დარჩენისთვის იბრძვის. კლუბი ამჟამად 36 ქულით მე-13 ადგილზე იმყოფება, რომელიც პლეი-აუტში პრო დ2-ის ფინალში წაგებულ გუნდთან თამაშს ითვალისწინებს. "პო" მის წინ მყოფ "ბაიონს" 3 ქულით ჩამორჩება.  

გორგაძე "ბორდოს" 2018 წელს "მონ-დე-მარსანიდან" შეუერთდა და 25 მატჩში 3 ლელოს გატანა მოახერხა. ბექას ჟირონდულ კლუბთან კონტრაქტი ზაფხულში ეწურებოდა. მას საქართველოს ნაკრების კვართით 31-ჯერ უთამაშია და 2019 და 2020 წლების საუკეთესო ქართველ მორაგბედ დასახელდა. 

ბექამ წლევანდელ ტოპ 14-ში ორი შეხვედრის ჩატარება მოასწრო, ხოლო საქართველოს ნაკრებს შოტლანდიასთან ტესტ-მატჩში და შემოდგომის ერთა თასის სამ შეხვედრაში დაეხმარა. სამწუხაროდ, გორგაძე 29 ნოემბერს ირლანდიასთან მატჩში მძიმედ დაშავდა, ოპერაცია გაიკეთა და წლევანდელ სეზონში ვეღარ ითამაშებს.

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

🏉 1vs1 რაგბის მსოფლიო სერია – თბილისი 2025
🏖️ პირველი ქვიშის თაჩ-რაგბის ტურნირი დასავლეთ საქართველოში – „ზაფხულის თამაშები 2025“
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)