დიდი 10: იუნკერებმა ყოჩები შესანიშნავი ქამბექით დაამარცხა

დიდი 10: იუნკერებმა ყოჩები შესანიშნავი ქამბექით დაამარცხა

© ანი რეხვიაშვილი

დიდი 10-ის მეორე ეტაპის ზედა ექვსეულის მეოთხე ტურში "იუნკერები" ავჭალის სტადიონზე "ყოჩებს" დაუხვდა და უშანსოდ წაგებული პირველი ტაიმის შემდეგ, მეორე ნახევარში სულ სხვა გუნდი გამოვიდა და შესანიშნავი "ქამბექით" იმარჯვა. 

პირველ ნახევარში გუნდებმა თითო ჯარიმა გაიტანეს, ხოლო ლელოები მხოლოდ "ყოჩებმა" დადეს - თავის გამოჩენა ნიკა ჩხიკვაძემ და ლევან გოგოლაშვილმა მოახერხეს, გარდასახვები კი ლაშა მალაღურაძემ გაიტანა. ტაიმი 3:17 დასრულდა.

მეორე ტაიმი "იუნკერებისთვის" ძალიან კარგად დაიწყო - 53-ე წუთზე მასპინძლებმა 5-მეტრიანიდან შესანიშნავი მოლი ააგორეს, რომელიც "ყოჩებმა" წესების დარღვევით ჩააქციეს, რისთვის შოთა თევზაძემ საჯარიმო ლელო ჩათვალა და ზურა ფრუიძე გაასინბინა, რის შემდეგაც სტუმრები 13 კაცით დარჩნენ, რადგან 50-ე წუთზე ლევან გენებაშვილი იქნა გასინბინებული. იქამდე კი, 42-ე წუთზე "იუნკერებიდან" გიორგი მოსულიშვილმა მიიღო ყვითელი ბარათი, რომელიც იმ დროისთვის მინდორზე უკვე დაბრუნებული გახლდათ. 

თითქოს "იუნკერებს" რიცხობრივი უპირატესობით უნდა ესარგებლათ და უმალ წნეხი გაეზარდათ, მაგრამ თამაშის განახლებისთანავე ლელო აქეთ გაუშვეს - მოედნის ცენტრიდან დაკიდებულ ბურთს ლევან გოგოლაშვილი დაეუფლა, რომელმაც თითქმის ლელოს ხაზამდე ირბინა, შეტევა გაგრძელდა და საბოლოოდ ნიკა ჩხიკვაძის ლელოთი დასრულდა, რომელმაც დუბლი გაიფორმა, მალაღურაძემ კი მორიგი გარდასახვა გაიტანა და "ყოჩები" კვლავ 14 ქულით გავიდა წინ.

56-ე წუთზე "იუნკერების" რიგებში მესამეხაზელი გიორგი კურტანიძე შევიდა, რომელიც მატჩის საუკეთესო მორაგბე გახდა. მან პირველი ლელო მოედანზე შესვლიდან სამ წუთში დადო, როდესაც საკუთარი გუნდის მიძალებები დაასრულა ლელოთი, რომელიც რამაზ ხარაზიშვილმა გარდასახა. 63-ე წუთზე ლაშა მალაღურაძემ ჯარიმა გაიტანა და "ყოჩები" მატჩის დასრულებამდე 10 წუთით ადრე 10 ქულით იყვნენ წინ. 72-ე წუთზე ლელოდან დაახლოებით 20 მეტრის მოშორებით "იუნკერებმა" შესანიშნავი ლელო ააგორა, რომელმაც თითქმის მეტოქის ლელოს ხაზამდე იარა, შემდეგ კი მას გიორგი კურტანიძე მოწყდა და დუბლი გაიფორმა, გარდასახვა ხარაზიშვილმა ზუსტად შეასრულა და სხვაობა 3 ქულამდე შემცირდა, ხოლო 75-ე წუთზე "იუნკერებმა" კიდევ ერთი ბრწყინვალე მოლი შემოგვთავაზა, რომელსაც "ყოჩებმა" ვერაფერი მოუხერხეს და მეორე საჯარიმო ლელო ვიხილეთ, რომელიც გადამწყვეტი გამოდგა და "იუნკერებმა" ურთულესი გამარჯვება გაიფორმა - 31:27.

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

🏉 1vs1 რაგბის მსოფლიო სერია – თბილისი 2025
🏖️ პირველი ქვიშის თაჩ-რაგბის ტურნირი დასავლეთ საქართველოში – „ზაფხულის თამაშები 2025“
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)