ქართველების პერპინიანმა პრო დ2-ის ნახევარფინალის საგზური სამი ტურით ადრე გაიფორმა

ქართველების პერპინიანმა პრო დ2-ის ნახევარფინალის საგზური სამი ტურით ადრე გაიფორმა

© Icon Spor

პრო დ2-ის 27-ე ტურის პირველ სათამაშო დღეს "ბეზიე" საკუთარ მოედანზე "პერპინიანს" დაუხვდა და 14:19 დამარცხდა.

ამ გამარჯვებით "პერპინიანმა" 98 ქულა დააგროვა, პირველ ადგილზე გადაინაცვლა და რაც მთავარია, პრო დ2-ის ნახევარფინალის საგზური ოფიციალურად გაიფორმა. მართალია, მესამე ადგილზე მყოფ "ბიარიცს" ოთხი შეხვედრა აქვს ჩასატარებელი, მაგრამ გუნდებს შორის სხვაობა 21 ქულაა და კატალონიელებს ვეღარ დაეწევიან. 

"პერპინიანისთვის" გასარკვევი მხოლოდ ის გახლავთ, პირველ ადგილს დაიკავებს თუ მეორეს. "ვანს" 95 ქულა აქვს, დღეს შინ "რუანს" ეთამაშება და დიდი ალბათობით, ნახევარფინალის საგზურს ისინიც გაიფორმებენ. როგორც იცით, პირველ და მეორე ადგილოსანი გუნდები პრო დ2-ის პლეი-ოფის პირველ ანუ მეოთხეფინალურ ეტაპს გამოტოვებენ და პირდაპირ ნახევარფინალში ჩაერთვებიან. გასარკვევი მხოლოდ ის იქნება, თუ ადგილის მიხედვით რომელ გუნდებს შეერკინებიან მეოთხედფინალიდან. 

როგორც იცით, "პერპინიანის" ძირითადი გუნდის ღირსებას იცავენ ბურჯები დავით ქუბრიაშვილი და ვახტანგ ჯინჭარაძე. ქუბრიაშვილი სეზონი დაწყებული იყო, როდესაც კატალონიურ კლუბს შეუერთდა, 20 მატჩის ჩატარება მოასწრო და 1 ლელო გაიტანა, ხოლო ჯინჭარაძემ 14 მატჩში მიიღო მონაწილეობა. ესპუარებში ასპარეზობს 18 წლის ბურჯი ნოდარ შენგელია, ხოლო კიდევ ერთი ბურჯი გიორგი თეთრაშვილი "აჟენიდან" ივლისში შეუერთდება. გუშინდელ მატჩში ქართველ მორაგბეებს არ უთამაშიათ. 

მეორე მატჩში ერთმანეთს პლეი-ოფის საგზურისთვის მებრძოლი კლუბები "ნევერი" და "ოიონა" დაუპირისპირდნენ. მასპინძელთა ძირითად შემადგენლობაში იყო მარჯვენა ბურჯი გურამ პაპიძე, რომელმაც ერთი საათი ითამაშა. სტუმართა სასტარტო თხუთმეტეულში კი ორივე ბურჯი ჩვენებური გახლდათ: ბექა კაკაბაძე და ირაკლი მირცხულავა. ეს უკანასკნელი 52-ე წუთზე შეცვალეს, ხოლო კაკაბაძე შვიდ წუთში. მატჩი 15:20 დასრულდა, რითაც "ოიონამ" ექვსეულში ადგილი გაიმყარა, ხოლო "ნევერი" მეშვიდე ადგილზე დარჩა და თუ "გრენობლი" კვირას გასვლაზე "ვალანს რომანსს" დაამარცხებს, პლეი-ოფის შანსები საგრძნობლად შეუმცირდება.

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

🏉 1vs1 რაგბის მსოფლიო სერია – თბილისი 2025
🏖️ პირველი ქვიშის თაჩ-რაგბის ტურნირი დასავლეთ საქართველოში – „ზაფხულის თამაშები 2025“
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)