ცუცქირიძე ერთწლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა, ქართველების ორიაკი გასავარდნ ზონაში დაეშვა

ცუცქირიძე ერთწლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა, ქართველების ორიაკი გასავარდნ ზონაში დაეშვა

© christian stavel

პრო დ2-ის 26-ე ტურში "ნევერმა" შინ "ორიაკი" მიიღო და 16:3 დაამარცხა.

ხანგრძლივი პაუზის შემდეგ მოედანს დაუბრუნდა საქართველოს ნაკრების მესამეხაზელი გიორგი ცუცქირიძე, რომელიც "ორიაკის" მარქაფაში გახლდათ და თამაშში 52-ე წუთიდან ჩაერთო, როდესაც ანგარიში "ნევერის" სასარგებლოდ 13:3 იყო. ცუცქირიძეს ბოლოს 2020 წლის 28 თებერვალს "პროვანს რაგბის" წინააღმდეგ ჰქონდა ნათამაშები. ამის შემდგომ, პრო დ2 პანდემიის გამო შეწყდა და 2019/2020 წლების სეზონი აღარ განახლდა, აგვისტოში კი გიორგიმ კლუბის ერთ-ერთ ვარჯიშზე ჯვარედინი იოგები გაიწყვიტა, კლერმონში ოპერაცია ჩაუტარდა და ამ დრომდე უქმობდა.

ცუცქირიძის გარდა, "ორიაკის" მარქაფაში იყვნენ მარჯვენა ბურჯი გიორგი ქართველიშვილი, რომელიც თამაშში 41-ე წუთიდან ჩაერთო და მეორეხაზელი გიორგი ჯავახია, ვისაც 52-ე წუთიდან მოუწია თამაში და კვაჭი ლუკა ნიორაძე, რომელიც 54-ე წუთზე გამოჩნდა მინდორზე. ძირითად შემადგენლობაში იყო მესამეხაზელი ბექა საღინაძე, რომელმაც სრულად ითამაშა. "ნევერის" სასტარტო თხუთმეტეულში იყო მარჯვენა ბურჯი გურამ პაპიძე და 59 წუთი ითამაშა. 

ამ მარცხის შემდეგ, "ორიაკს" 44 ქულა დარჩა და გასავარდნ ზონაში დაქვეითდა, რადგან მისმა კონკურენტმა "ვალანს რომანმა" გასვლაზე "კარკასონი" დაამარცხა, ზედიზედ მესამე გამარჯვება მოიპოვა და ქულებით გაუთანაბრდა, ხოლო ურთიერთშეხვედრებში ვალანსელებს უპირატესობა აქვთ. "ნევერი" კი 60 ქულით მეშვიდე ადგილზეა და პლეი-ოფის ზონას 2 ქულით ჩამორჩება.


 

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

🏉 1vs1 რაგბის მსოფლიო სერია – თბილისი 2025
🏖️ პირველი ქვიშის თაჩ-რაგბის ტურნირი დასავლეთ საქართველოში – „ზაფხულის თამაშები 2025“
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)