გიორგი თეთრაშვილი: "მოხარული ვარ, რომ ისეთ დიდ გუნდს შევუერთდი, როგორიც პერპინიანია"

გიორგი თეთრაშვილი: "მოხარული ვარ, რომ ისეთ დიდ გუნდს შევუერთდი, როგორიც პერპინიანია"

ადრეც გაუწყეთ, რომ გიორგი თეთრაშვილი მიმდინარე სეზონის ბოლოს "აჟენს" დატოვებდა და "პერპინიანს" შეუერთდებოდა.

ახლა კი გეტყვით, რომ თეთრაშვილი ახალმა კლუბმა უკვე წარადგინა და შეგვიძლია, რომ კატალონიური კლუბის წევრად ჩავთვალოთ. გიორგიმ "აჟენთან" კონტრაქტის გახანგრძლივება აღარ მოისურვა და "პერპინიანთან" ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა.

"ბედნიერი ვარ, რომ შევუერთდი ისეთ დიდ გუნდს, როგორიცაა "პერპინიანი". ეს არის ჩემი ცხოვრებელი ახალი ეტაპი, ამაღელვებელი გამოწვევა", - განაცხადა "ბორჯღალოსანმა" ბურჯმა.

"გიორგი თეთრაშვილი "ჟიფის" სტატუსის მქონე მოთამაშეა. მას "აჟენის" სარაგბო სკოლა აქვს გამოვლილი და აქვს საკმაო პოტენციალი იმისთვის, რომ ჩვენს გუნდში ადგილი დაიმკვიდროს", - თქვა "პერპინიანის" გენერალურმა მენეჯერმა კრისტიან ლანტამ.

თეთრაშვილი "აჟენში" 2014 წელს "ალბიდან" გადავიდა და 92 მატჩში 1 ლელო გაიტანა. 28 წლის ბურჯს საქართველოს ნაკრების კვართით 10-ჯერ უთამაშია.

"პერპინიანი", რომელიც საფრანგეთის 7-გზის ჩემპიონია, პრო დ2-ს 25 ჩატარებული შეხვედრის შემდეგ 90 ქულით ლიდერობს და ტოპ 14-ში აღზევების ერთ-ერთი მთავარი ფავორიტია. კატალონიური კლუბის ღირსებას იცავენ დავით ქუბრიაშვილი და ვახტანგ ჯინჭარაძე. 

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

🏉 1vs1 რაგბის მსოფლიო სერია – თბილისი 2025
🏖️ პირველი ქვიშის თაჩ-რაგბის ტურნირი დასავლეთ საქართველოში – „ზაფხულის თამაშები 2025“
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)