ლევან მაისაშვილი: "ყველა ჩვენი გადადგმული ნაბიჯი იყო წინსვლა და არა უკან გახედვა"

ლევან მაისაშვილი: "ყველა ჩვენი გადადგმული ნაბიჯი იყო წინსვლა და არა უკან გახედვა"

საქართველოს ნაკრებმა "მიხეილ მესხზე" რუმინეთი 25:17 დაამარცხა და 2021 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატზე მეოთხე გამარჯვება მოიპოვა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ლევან მაისაშვილმა კმაყოფილება გამოთქვა იმით, რომ თითქმის მთელი მატჩის განმავლობაში 14-კაციანმა გუნდმა ძალიან კარგად იბრძოლა, მოწინააღმდეგეს არაფერი დაუთმო და დამსახურებული გამარჯვება მოიპოვა. "ბორჯღალოსნების" მთავარმა მწვრთნელმა აღნიშნა, რომ გუნდი მუდმივად პროგრესირებს და მხოლოდ წინ მიიწევს. 

"მადლობა მოლოცვისთვის. თამაში უჩვეულოდ დაიწყო ჩვენთვის. ძალიან ცუდია, როდესაც თითქმის მთელი მატჩი კაცნაკლული გიწევს თამაში და ცოტა აგვრია ამ წითელმა ბარათმა, მაგრამ ასეც უნდა მომხდარიყო ალბათ რეალურად, ეს ძალიან დიდი გაკვეთილია და ძალიან დიდი გამოცდილებაა ბიჭებისთვის, განსაკუთრებით ახალგაზრდებისთვის, თუ როგორ შეიძლება გაართვა წნეხში თამაშს თავი. კარგი იყო მთლიანობაში, გავართვით თავი ტაქტიკურადაც და ტექნიკურადაც ამ წნეხს თავი. 

ძალიან რთულია კიდევ ვიმეორებ, როდესაც 14 კაცით თამაშობ. მე რაც შევხედე გარედან, რეალურად ჩვენ ზუსტად ვიცოდით, რომ მთელი დარჩენილი მატჩი ვერ გავაფუჭებდით თამაშს, ამიტომ დასაკარგი არც არაფერი არ გვქონდა და ვითამაშეთ. ვითამაშეთ და შედეგსაც მივაღწიეთ. მიხარია, დღეს ამაყი ვარ ჩემი ბიჭების გამო, რადგან ჩვენ ვთქვით, რომ ომში ვიყავით რეალურად და ამ ომს გავართვით თავი და გამარჯვებულები გამოვედით. 

ჩვენ ამ მოკლე პერიოდში ძალიან ბევრი რამ გავაკეთეთ. ძალიან დიდი გზა გვქონდა მიუხედავად იმისა, რომ ერთბაშად თავს დაგვატყდა ყველაფერი: პანდემია, გაურკვევლობა, არეულობა რაგბის კავშირში და ამ პერიოდში, სწორად გამიგეთ ხალხო არანაირად არც ჩემი ბიჭების საქებარს არ ვიძახი და არც სამწვრთნელო შტაბის, მაგრამ ჩვენთვის ძალიან რთული იყო, რომ ამისგან დამოუკიდებლად გვეკეთებინა ჩვენი საქმე. იგივე შემოდგომის ერთი თასი, რომელზეც ძალიან ბევრი სკეპტიკური შეხედულება იყო, რომ აი ჩვენ წავაგეთ შოტლანდიის შემდეგ პირველი თამაში დიდი ანგარიში. ყველა ჩვენი გადადგმული ნაბიჯი იყო წინსვლა და არა უკან გახედვა, თან იმ დროს, როდესაც ფაქტობრივად ჩვენ დაშლილი ნაკრები ჩავიბარეთ ხელში, რადგან ძალიან ბევრმა წამყვანმა მოთამაშემ დაანება თავი ნაკრებში თამაშს, ტრავმები, ახალგაზრდა მოთამაშეები. ნაბიჯ-ნაბიჯ გავიარეთ ეს. შემოდგომის ერთა თასზე ვთვლი, რომ ძალიან გაიზარდა გუნდი. ამის შემდეგ იყო ეს მოთხოვნა, რომ ჩვენ თუ აქ ესე ვთამაშობთ, მაშინ ევროპის ერთა თასზე უნდა გავიდეთ და ყველა თამაში 30-40 ქულით მოვიგოთ, ასე არ ხდება ხალხო. 50-55% მოთამაშეების შემოდგომის ერთა თასიდან ჩვენ არ გვყოლია. ანუ ეს პროცესია. 

აქედან პოზიტივი რა არის? დასკვნად რისი გამოტანა შეიძლება? დასკვნა არის ის, რომ მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ამდენი ცვლილებები გვაქვს, ამდენი შემოდინება, ამდენი დებიუტანტი და ამდენი ახალგაზრდა მოთამაშე, რაღაც ჩვენი ვიპოვეთ. ვიპოვეთ ის თავდაჯერებულობა, რომელიც საქართველოს ნაკრებს სამომავლოდ ძალიან გამოდგება და ვთვლი, რომ ამ გზას ყველაზე სწორად მივყვებით. 

ვეთანხმები ენდი რობინსონს, რომ ჩვენ გაზრდილები ვართ მსოფლიო თასის შემდეგ და წლიდან წლამდე კიდევ უფრო გავიზრდებით. ამის თავდაჯერებულობას და იმედს მაძლევს ბიჭების ძალიან დიდი შრომა, ენთუზიაზმი და ის მონდომება, ცეცხლი, რომელიც მათში ვხედავ. მე მათ ვუთხარი ერთი რამ შესვენებაზე, რომ ჩვენ ომში ვარ და დამიჯერეთ, ქართველზე მეტად ომში ყოფნა არავის შეუძლია. ჩვენ ყველაზე მაგრად როდესაც გვიჭირს მაშინ ვართ ძლიერები, უბრალოდ უნდა გამოვიდეთ აქედან, არ შეიძლება, რომ სულ გაჭირვებაში ვიყოთ. პირველ რიგში ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ ნებისმიერ მოთამაშეს უკვე გათვითცნობიერებული ჰქონდა, რომ ერთი კაცით მეტის საქმე უნდა გაეკეთებინა. ტაქტიკური გადანაწილება დაცვის კუთხით, აბსოლუტურად სხვა ტაქტიკით ვთამაშობთ, შეტევაში რას ვფიქრობთ, როგორ ვფიქრობთ. ეს ყველაფერი ისეთი დეტალებია, რაზეც საუბარი შორს წაგვიყანს, მაგრამ ყველაზე მთავარი რაც არის, მესიჯი არის ის, რომ თოთხმეტივე მოთამაშეს აქვს გათვითცნობიერებული, რომ ერთი კაცის საქმე არ უნდა გააკეთოს, ორი კაცის საქმე უნდა გააკეთოს. და დამიჯერეთ, გაჭირვებაში ბადალი არ გვყავს ქართველებს და შედეგიც სახეზეა", -
განაცხადა ლევან მაისაშვილმა.

საქართველოს ნაკრებმა ანთიმოზ ივერიელის თასიც მოიპოვა, რომელიც ამ ორ ქვეყანას შორის თამაშდება. რაგბი ევროპის ჩემპიონატი კი "ბორჯღალოსნებმა" 21 ქულა დააგროვეს და ტურნირს 18 ქულით დამაჯერებლად ლიდერობენ.  

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

🏉 1vs1 რაგბის მსოფლიო სერია – თბილისი 2025
🏖️ პირველი ქვიშის თაჩ-რაგბის ტურნირი დასავლეთ საქართველოში – „ზაფხულის თამაშები 2025“
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)