პატარა ტბად გადაქცეული პატარძეულის სარაგბო მოედანი და კლუბის ირონიული განცხადება (ფოტო+ვიდეო)

პატარა ტბად გადაქცეული პატარძეულის სარაგბო მოედანი და კლუბის ირონიული განცხადება (ფოტო+ვიდეო)

პატარძეულის "ვეფხვების" ინფრასტრუქტურული პრობლემების შესახებ ადრეც არაერთხელ დაგვიწერია. იქიდან გამომდინარე, რომ პატარძეულის სარაგბო მოედანი ვერ აკმაყოფილებს დიდი 10-ის მატჩების მასპინძლობისთვის არსებულ კრიტერიუმებს, "ვეფხვები" საშინაო თამაშების უპირატესობით ვერ სარგებლობენ, მაგრამ ამას ვინ ჩივის, მოედანზე უკვე ვარჯიშიც შეუძლებელია და იანვარში გაუწყეთ, რომ კლუბს თბილისში, ვაზისუბანში არსებულ "არმაზის" სარაგბო ბაზაზე უწევდა ვარჯიში, რომლის ქირაობაშიც თანხის გადახდა უწევდა. 

მას შემდგომ ორი თვე გავიდა და "ვეფხვების" ინფრასტრუქტურულ პრობლემებს არაფერი ეშველა, პირიქით სარაგბო მოედნის მდგომარეობა ბევრად გაუარესდა და მინიმალური პირობებიც აღარ არსებობს, რომ მორაგბეებმა თუნდაც ელემენტარულ დონეზე ივარჯიშონ, რასაც ფოტოზე და ვიდეოზე თქვენი თვალითაც ნახავთ. ხვალ "ვეფხვების" "ბ" ლიგის გუნდს "ხულიგანას" წინააღმდეგ პატარძეულში უნდა ეთამაშა, თუმცა მოედნის საშინელი მდგომარეობის გამო მატჩი "რაგბი ჭალაში" ჩატარდება. 

ჩვენთვის ცნობილია, რომ "ვეფხვებმა" არაერთხელ მიიღო საგარეჯოს მუნიციპალიტეტისგან დაპირება, რომლის თანახმადაც სარაგბო მოედნის მინიმალურ სტანდარტებზე მოწყობა მაინც მოხერხდებოდა, თუმცა ჯერჯერობით მოედანს მუნიციპალიტეტისგან ხელის შევლების არაფერი ეტყობა.

სტადიონის მდგომარეობას "ვეფხვები" ირონიული პოსტით გამოეხმაურა, რომელიც სოციალურ ქსელში წერს, რომ კლუბი გრძელვადიანი თანამშრომლობისთვის ეძებს პარტნიორებს, თევზის მეურნეობის შესაქმნელად. უცვლელად გთავაზობთ პოსტს:


"რ. კ. ვეფხვები გრძელვადიანი თანამშრომლობისათვის ეძებს პარტნიორებს, თევზის მეურნეობის შესაქმნელად. ტბა ჩვენი, თევზი  თქვენი.

ასე გამოიყურება პატარძეულელთა საშინაო მოედანი სადაც ხვალ, 25 მარტს, ჭაბუკთა "ბ" ლიგის მატჩი უნდა გამართულიყო. 

უამრავი მოლაპარაკების, დაპირების,  მიუხედავად პატარძეულის "ვეფხვების" გადაუჭრელ პრობლემად რჩება სარაგბო  ინფრასტრუქტურის არ არსებობა, რაც მნიშნვნელოვნად ამუხრუჭებს კლუბს სამომავლო განვითარების თვალსაზრისით."

იხილეთ პატარძეულის სარაგბო მოედნის ფოტო და ვიდეომასალა

    

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

🏉 1vs1 რაგბის მსოფლიო სერია – თბილისი 2025
🏖️ პირველი ქვიშის თაჩ-რაგბის ტურნირი დასავლეთ საქართველოში – „ზაფხულის თამაშები 2025“
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)