ლევან მაისაშვილი: "ტაქტიკაში პატარ-პატარა სიურპრიზები მუდმივად გვაქვს"

ლევან მაისაშვილი: "ტაქტიკაში პატარ-პატარა სიურპრიზები მუდმივად გვაქვს"

საქართველოს ნაკრები 28 მარტს რაგბი ევროპის ჩემპიონატზე მეოთხე შეხვედრას გამართავს. "ბორჯღალოსნები" პირველ საშინაო შეხვედრას ჩაატარებენ და "მიხეილ მესხზე" რუმინეთს დაუხვდებიან.

მაისაშვილმა აღნიშნა, რომ რუსეთთან ნაჩვენები თამაშით კმაყოფილია, მითუმეტეს კი იმის გათვალისწინებით, რომ "ბორჯღალოსნებმა" რუსეთთან მატჩამდე მგზავრობაში დიდი დრო გაატარეს და მხოლოდ ერთი სრულფასოვანი ვარჯიში ჰქონდათ. 

"უდაოდ კარგი თამაში იყო და ეს ლოგიკურიცაა. „შემოდგომის ერთა თასის“ შემდეგ, სხვადასხვა მიზეზით მოთამაშეთა დიდი ჯგუფი დაგვაკლდა. პირველ ორ კვირაში მოსამზადებლად ცოტა დრო გვქონდა, შესასრულებელი იყო დიდი მოცულობის სამუშაო და ამას გარკვეული დრო დასჭირდა, თუმცა თამაშიდან თამაშამდე ვუმატებდით. გარდა ამისა, რუსეთთან მუდამ განსაკუთრებული მობილიზებით ვთამაშობთ, მოედანზეც უფრო თავდაჯერებული გავედით და მიუხედავად იმისა, რომ შეცდომები გვქონდა, დაგეგმილი გამარჯვება მოვიპოვეთ და ბონუსიც ავიღეთ. გვქონდა კიდევ არაერთი ლამაზი ლელოს გატანის შანსი, მაგრამ რიგ შემთხვევებში არ გაგვიმართლა, ან შეცდომები დავუშვით, თორემ სხვაობა კიდევ უფრო დიდი იქნებოდა.

ტაქტიკაში პატარ-პატარა სიურპრიზები მუდმივად გვაქვს, თუმცა კალინინგრადში მეტოქე ფიზიკურ ორთაბრძოლებშიც დავჩაგრეთ და მოლშიც დიდი უპირატესობა გვქონდა, რაც ხაზმა კარგად გამოიყენა. სწორედ ძალისმიერი თამაშის შედეგი იყო, რომ ხაზი სწრაფად თამაშობდა. დავალება იყო რაქი სწრაფად გაწმენდილიყო და სწრაფი ბურთი გვქონოდა, რადგან ამას მეტოქე ვერ უძლებდა და გადაწყობა უჭირდა.

რუსეთთან მატჩის წინ მთელი კვირა ფაქტობრივად მგზავრობაში გავატარეთ და მხოლოდ ერთი სრულფასოვანი ვარჯიში გვქონდა დიდი შრომა გასწიეს მწვრთნელებმა, ვიდეო-ანალიტიკოსებმა, ფიზმომზადების მწვრთნელმა და სამედიცინო ჯგუფმა. კალინინგრადიდან დაბრუნების შემდეგ, ბიჭები ორი კვირა დავასვენეთ, სამშაბათს მსუბუქი ვარჯიში გვქონდა, დღეს და ხვალ კი საშუალო და მაღალი ინტენსივობის ვარჯიშები გვაქვს. იმისათვის, რომ ძალების სრულფასოვანი აღდგენა მოხდეს, დასვენება გვექნება პარასკევს, შაბათს კი უკვე კაპიტნის ვარჯიშია", -
ციტირებს მაისაშვილის სიტყვებს რაგბის კავშირის ოფიციალური ვებგვერდი. 

რუმინეთთან მატჩი კვირას თბილისის დროით 15 საათზე დაიწყება. 

საქართველოს ნაკრებმა მიმდინარე რაგბი ევროპის ჩემპიონატზე, რომელიც ამავდროულად 2023 წლის მსოფლიო თასის შესარჩევიცაა, სამივე საგარეო მატჩი მოიგო და ტურნირს დამაჯერებლად 14 ქულით ლიდერობს. როგორც იცით, საფრანგეთში გასამგზავრებელ საგზურს ორი გუნდი პირდაპირ მოიპოვებს, ხოლო მესამე ადგილოსანი რეპეშაჟში გადაინაცვლებს. 


კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)
ინგლისი - სამხრეთ აფრიკა 27:26 (VIDEO)
ლევან მაისაშვილი: "ეს ორი თამაში საქართველოსთვის ძალიან დიდი აქტივია"