6 ერი: საფრანგეთმა ბოლო 5 წუთში 10-ქულიანი ჩამორჩენა აღმოფხვრა და ჩემპიონობის შანსი შეინარჩუნა

6 ერი: საფრანგეთმა ბოლო 5 წუთში 10-ქულიანი ჩამორჩენა აღმოფხვრა და ჩემპიონობის შანსი შეინარჩუნა

6 ერის მეხუთე ტურის დასკვნითი მატჩი საოცარი სანახავი გამოვიდა. წესით ეს მატჩი 2021 წლის ტურნირის ბოლო შეხვედრა უნდა ყოფილიყო, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ მესამე ტურში საფრანგეთი - შოტლანდიის მატჩი ეპიდემიოლოგიურის ვითარების გამო ვერ შედგა და 26 მარტისთვის გადაიდო, ასე არ მოხდა.

საფრანგეთის ნაკრებს მხოლოდ მოგება ესაჭიროება, რომ ბოლო ტურისთვის საჩემპიონო შანსი შეენარჩუნებინათ, ხოლო უელსელები იმ შემთხვევაში თუ არ წააგებდნენ ან დამარცხდნენ ისე, რომ 2 ბონუს ქულას აიღებდნენ, მაშინ ჩემპიონობას დღესვე გაინაღდებდნენ. "სტად დე ფრანსზე" მყოფი თითოეული მორაგბე მაქსიმალურად ცდილობდა, რომ საკუთარი გუნდის მიზანი წარმატებით შეესრულებინა, ამიტომაც პირველივე წუთებიდან ცხარე ბრძოლა გაჩაღდა და რაც მთავარია, მატჩი ძალიან სანახაობრივი და უხვქულიანი გამოდგა. 

შეხვედრა ძალიან მხიარულად დაიწყო და გუნდებმა საწყის 20 წუთში ორ-ორი გარდასახული ლელოს გატანა მოახერხეს. მასპინძელთაგან რომან ტაოფიფენუამ და ანტუან დუპონმა იყოჩაღეს, ხოლო სტუმართგან დენ ბიგარმა და ჯოშ ნავიდიმ გამოიჩინეს თავი. ამის შემდეგ გუნდები შედარებით დაწყნარდნენ და ტაიმის ბოლომდე სამ-სამი ქულის გატანაღა შეძლეს. ტაიმი საყაიმო ანგარიშით 17:17 დასრულდა.

მეორე ნახევარი უელსისთვის ბრწყინვალედ დაიწყო: 45-ე წუთზე დენ ბიგარმა გაიტანა ჯარიმა, ოთხ წუთში კი ჯოშ ნავიდიმ დაამიწა ბურთი ლელოში, გარდასახვა ბიგარმა გაიტანა და "დრაკონები" 10 ქულით გავიდნენ წინ. ამის შემდეგ რომან ნტამაკმა ჯარიმით 7 ქულამდე დაიყვანა სხვაობა, თუმცა 58-ე წუთზე საფრანგეთს მოლის ჩაქცევისთვის მოჰამედ აუასი გაუსინბინეს, ჯარიმა კი ბიგარმა კარში დაარტყა და უპირატესობა კვლავ 10 ქულამდე აღადგინა.

მიუხედავად იმისა, რომ "ლე ბლე" 14 კაცით დარჩა, მაინც მძლავრად შეუტია, დიდი ხანი გაატარა მეტოქის 5-მეტრიან ზონაში, თუმცა სტუმრები გმირულად იცავდნენ თავს და რამდენჯერმე თითქოს გარდაუვალი ლელოს გაშვებისგან გადაირჩინეს თავი. 67-ე წუთზე ფრანგებმა ლელო მაინც დადეს და ნტამაკი უკვე გარდასახვის დასარტყმელად ემზადებოდა, როდესაც შეხვედრის მთავარმა მსაჯმა ლუკ პირსიმ თამაში გააჩერა და ვიდეორეფერთან ერთად ეპიზოდის გადამოწმება დაიწყო, რომელშიც ნათლად ჩანდა, რომ პოლ უილემსემ მოწინააღმდეგეს თვალში ჩაარტყა ხელი, რისთვისაც წითელი ბარათით დაისაჯა, ხოლო ლელო გაუქმდა და "ლე ბლე" იმ მომენტისთვის 13 კაცით დარჩა მინდორზე. ამ მომენტისთვის შემდეგ, თითქოს ყველაფერი გადაწყვეტილი იყო და უელსელებს "სტად დე ფრანსზე" ჩემპიონობა უნდა ეზეიმათ, მაგრამ ბოლო წუთებში მოვლენები საოცრად განვითარდა.

დისციპლინამ ამჯერად უელსელები დააღალატა და ორწუთიან მონაკვეთში, 71-ე და 72-ე წუთებზე პირსმა ტაულუპე ფალეტაუ და ლიამ უილიამსი გაასინბინა, ფრანგებს კი გასინბინებული მორაგბე დაუბრუნდათ და ამჯერად ისინი დარჩნენ რიცხობრივ უმრავლესობაში, რაც მათ მალევე გამოიყენეს და უელსელთა გმირული დაცვის მიუხედავად, შარლ ოლივონმა 76-ე წუთზე ლელოს დადება მოახერხა, რომელიც ნტამაკმა წამებში გარდასახა და სხვაობა 3 ქულამდე შეამცირა. 

ფრანგებმა საკუთარი 22-დან დაიწყეს შეტევა, თუმცა მოედნის ცენტრთან დაკარგეს ბურთი და მეტოქეს ისღა დარჩენოდა, რომ დაახლოებით ორწუთნახევარი შეენახა ბურთი, შემდეგ კი აუტზე გადაეგდო, მაგრამ დაახლოებით 1 წუთი იყო დარჩენილი, როდესაც ფრანგებმა მეტოქე დააჯარიმეს და ბურთი აუტში გადაიტანეს და იქიდან სცადეს ბოლო შეტევა. საბოლოოდ, ფრანგებმა მეოთხე და გამარჯვების მომტანი ლელო მაინც დადეს - გაწითლებულ დროში ბოლო ძალებით შეუტიეს, მორკინალებმა ბევრი უელსელი ჩაითრიეს მოკლე დარტყმებში, შემდეგ კი ფრანგებმა ხაზზე გაიტანეს ბურთი, მარცხენა ფრთზე გაშალეს შეტევა, მეტობა შექმნეს და ბრის დულენმა გამარჯვების მომტანი ლელო გაიტანა. გარდასახვა ნტამაკს გაუცუდდა და მატჩი 32:30 დასრულდა.

ამრიგად, "ლე ბლემ" ამ სასწაული გამარჯვებით ჩემპიონობის შანსი შეინარჩუნა: ტიტულისთვის კი, 26 მარტს შოტლანდიასთან შინ გადადებულ მატჩში მინიმუმ 4 ლელოს დადება და 20-ქულიანი სხვაობით მოგება მართებთ. 

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)
ინგლისი - სამხრეთ აფრიკა 27:26 (VIDEO)
ლევან მაისაშვილი: "ეს ორი თამაში საქართველოსთვის ძალიან დიდი აქტივია"