რუმინეთმა ესპანეთი მძიმე ბრძოლაში დაამარცხა - ქართველ მსაჯებს რთული მატჩის განსჯა მოუწიათ

რუმინეთმა ესპანეთი მძიმე ბრძოლაში დაამარცხა - ქართველ მსაჯებს რთული მატჩის განსჯა მოუწიათ

რაგბი ევროპის ჩემპიონატის მესამე რაუნდში რუმინეთის ნაკრები ბუქარესტში ესპანეთი მიიღო და მძიმე ბრძოლაში 22:16 დაამარცხა.

ტაიმი ფრედ 6:6 დასრულდა, მთავარი მოვლენები კი მეორე ნახევარში განვითარდა.

ესპანელებმა მეორე ტაიმი ბრწყინვალე შეტევით დაიწყეს და 42-ე წუთზე გიომ რუემ ამ ჩინებული იერიშის ლელოთი დაგვირგვინება მოახერხა, რომელიც მანუელ ორდასმა გარდასახა და სტუმრები 7 ქულით გავიდნენ წინ. სანტიაგო სანტოსის გუნდმა ყველაფერი საკუთარ თავს უნდა დააბრალოს, რადგან დასკვნით 30 წუთში საოცარი უდისციპლინობა გამოიჩინა და ნიკა ამაშუკელს ესპანელი მორაგბეებისთვის ერთი წითელი და სამი ყვითელი ბარათის ჩვენება მოუწია: მან 56-ე წუთზე ფრედ ქვერსის ვიდეორეფერ სულხან ჩიხლაძესთან კონსულტაციის შემდეგ წითელი ბარათი უჩვენა, რადგან "ლომების" მესამეხაზელმა რუმინელ მორაგბეს სახეში მუხლი ჩაარტყა. მანუელ მორას (50-ე წუთზე), გიომ რუეს (61-ე წუთზე) და შარლი მალის (63-ე წუთზე) კი ყვითელი ბარათები აუფრიალა და დასკვნით 30 წუთში, ესპანელები 12 კაცითაც კი იყვნენ მინდორზე. ნიკამ მოთამაშის გასინბინება რუმინელებისთვისაც მოუწია - 75-ე წუთზე კვაჭი ოვიდიუ კოჟოცარუ მიაბრძანა მოედნიდან. ვახსენეთ ამაშუკელი და ჩიხლაძე და გეტყვით, რომ გვერდითი მსაჯები გიგა მშვენიერაძე და პაპუნა ჭიქაბერიძე იყვნენ. ქართულ სამსაჯო ბრიგადას ძალიან რთული მატჩის განსჯა მოუწია, რადგან ზღვარგადასული უდისციპლინობის და რთული ეპიზოდების გარჩევის გარდა, მუდმივად უწევდათ ესპანელი მორაგბეების კამათთან გამკლავება და ერთ მომენტში ამაშუკელმა ამისთვის მათი კვაჭი მარკო პინტო დააჯარიმა კიდეც, ხოლო ერთ-ერთ მორაგბეს ჰკითხა, თავად ხომ არ სურდა მსაჯობა.

რუმინელებმა რიცხობრივი უპირატესობით ისარგებლეს: ფლორინ ვლაიკუმ ორი ჯარიმა გაიტანა, ხოლო მარიან-ეუჟენ კაპატანამ და იონელ მელინტემ ლელოები დაუდეს ესპანეთს, სტუმრებმა დასკვნით ნახევარ საათში მხოლოდ ერთი ჯარიმა შეასრულეს ზუსტად, თუმცა ბოლო წუთებზე მათ მოგების შანსი მაინც ჰქონდათ: ესპანელებმა მეტოქის 5-მეტრიანში აუტი მოაწოდეს, რომელიც მოიგეს და მოლიც შეკრეს, მაგრამ რუმინელებმა თავი შესანიშნავად დაიცვეს, მოლი ჩაუხურეს და შერკინება დაინიშნა, საიდანაც "მუხებმა" ბურთი გამოიტანეს, მოედნიდან გადააგდეს და მატჩიც დასრულდა. 

რუმინეთს სამი მატჩის შემდეგ 9 ქულა აქვს და მეორე ადგილზე იმყოფება, ხოლო ესპანეთი, რომელსაც დაცვითი ბონუს ქულა ერგო, ორი ქულით მეოთხე საფეხურზეა.

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

🏉 1vs1 რაგბის მსოფლიო სერია – თბილისი 2025
🏖️ პირველი ქვიშის თაჩ-რაგბის ტურნირი დასავლეთ საქართველოში – „ზაფხულის თამაშები 2025“
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)