საქართველოს ნაკრებმა რუსეთი უშანსოდ დაამარცხა

საქართველოს ნაკრებმა რუსეთი უშანსოდ დაამარცხა

რაგბი ევროპის ჩემპიონატის მესამე რაუნდის მატჩში რუსეთის ნაკრები კალინინგრადში საქართველოს დაუხვდა და უშანსოდ 6:23 დამარცხდა.

"ბორჯღალოსნებმა" რუსები თითქმის ყველა სათამაშო კომპონენტში დაჯაბნეს და მოწინააღმდეგეს უშანსოდ სძლიეს. ქართველმა მორაგბეებმა მოწინააღმდეგეს სამი უპასუხო ლელო დაუდეს, რომლებიც აკაკი ტაბუცაძის, თედო აბჟანდაძის და დავით ნინიაშვილის ანგარიშზეა, ხოლო ერთი გარდასახვა და ორი ჯარიმა ასევე აბჟანდაძემ გაიტანა. მასპინძელთაგან საპასუხოდ რამილ გაისინმა ორი ჯარიმა შეასრულა ზუსტად.

ლევან მაისაშვილის გუნდმა მატჩი თავიდანვე აქტიურად დაიწყო და პირველსავე წუთებში მიხეილ გაჩეჩილაძემ ლელო გაიტანა, თუმცა შემთხვევითი თამაშგარის გამო ლელო არ ჩაითვალა და საქართველოს ნაკრებს ჯარიმის უპირატესობა დაუბრუნდა, რომელიც თედო აბჟანდაძემ 3 ქულად აქცია. 

მალევე თედომ მეორე ჯარიმაც გაიტანა, ხოლო 29-ე წუთზე "ბორჯღალოსნებმა" ხელდახელ შესანიშნავი შეტევა განახორციელეს, რომელიც აკაკი ტაბუცაძის ლელოთი დასრულდა. ამის შემდეგ, რუსეთის ნაკრებმაც გამოიღვიძა და რამდენიმე წუთის განმავლობაში ჩვენს 5-მეტრიანში იყვნენ, ორჯერ შერკინებაშიც დაგვაჯარიმეს, თუმცა საბოლოო ჯამში ლელოზე თამაში ვეღარ გარისკეს და გაისინი სამი ქულით დაკმაყოფილდა. სამაგიეროდ, ტაიმის მიწურულს ჩვენ მოვახერხეთ ლელოს დადება - თედო აბჟანდაძემ ინდივიდუალურად შესანიშნავად ითამაშა, რამილ გაისინი იოლად გააბითურა და მშვენიერი ლელო დადო. ტაიმი 3:16 დასრულდა.

რუსებმა მეორე ნახევრის დასაწყისში გაიბრძოლეს, თუმცა მხოლოდ 3 ქულის მოპოვება შეძლეს. საქართველომ კი როგორც კი რუსების ეს შეტევები მოიგერია, მაშინვე თავად გადავიდა იერიშზე და მესამე ლელოს დადება შეძლო, რომელიც ასევე საკმაოდ ლამაზი გამოვიდა და ის 18 წლის ფულბექის დავით ნინიაშვილის ანგარიშზეა, რომელმაც პირველი სანაკრებო ლელო დადო და დღეს უდავოდ მატჩის საუკეთესო მოთამაშე იყო. ნინიაშვილს ფაქტობრივად შეცდომა არ დაუშვა, შესანიშნავად ითამაშა, როგორც დაცვაში, ასევე შეტევაში და რაც ყველაზე მეტად აღსანიშნავია, მისი ჰაერში ბრწყინვალე თამაშია. 

ერთადერთი, რაშიც რუსებმა წინააღმდეგობა გაგვიწიეს, შერკინების სტატიკაა, სადაც რუსებს აშკარად დაეტყოთ ბორის სტანკოვიჩის ხელი. საქართველოს ნაკრებმა მოწინააღმდეგე თავიდან ორჯერ დააჯარიმა შერკინებაში, თუმცა შემდეგ რუსებმა ივარგეს და ოთხჯერ დაგვაჯარიმეს, მაგრამ მას შემდეგ, რაც მოედანზე გია ხარაიშვილი და გურამ გოგიჩაშვილი შევიდნენ, უპირატესობა კვლავ საქართველოს ხელში გადავიდა და კიდევ ორჯერ დააჯარიმეს მოწინააღმდეგე.

ამრიგად, საქართველოს ნაკრებმა სამივე საგარეო მატჩი მოიგო და ტურნირს დამაჯერებლად 14 ქულით ლიდერობს. 

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

🏉 1vs1 რაგბის მსოფლიო სერია – თბილისი 2025
🏖️ პირველი ქვიშის თაჩ-რაგბის ტურნირი დასავლეთ საქართველოში – „ზაფხულის თამაშები 2025“
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)