ლინ ჯონსი: "საქართველოს ნაკრები მსოფლიო თასის საკვალიფიკაციო ეტაპზე ფავორიტია"

ლინ ჯონსი: "საქართველოს ნაკრები მსოფლიო თასის საკვალიფიკაციო ეტაპზე ფავორიტია"

რაგბი ევროპის ჩემპიონატის მესამე რაუნდის მატჩში რუსეთის ნაკრები 20 მარტს თბილისის დროით 15 საათზე კალინინგრადში საქართველოს მიიღებს.  როგორც იცით, 2021 და 2022 წლების რაგბი ევროპის ჩემპიონატი ამავდროულად 2023 წლის მსოფლიო თასის შესარჩევია. საუკეთესო ორი გუნდი საფრანგეთში გასამგზავრებელ საგზურს მოიპოვებს, ხოლო მესამე ადგილოსანი რეპეშაჟში გადაინაცვლებს.

მიმდინარე ტურნირი ორივე გუნდისთვის კარგად დაიწყო - საქართველომ გასვლაზე პორტუგალია (ბონუსით) და ესპანეთი (ბონუსის გარეშე) დაამარცხა და ორი მატჩის შემდეგ გათამაშებას 9 ქულით ლიდერობს, ხოლო რუსეთმა სოჭში მძიმე ბრძოლაში რუმინეთი 18:13 დაამარცხა და აქტივში 4 ქულა აქვს.

მატჩისწინა პრესკონფერენციაზე რუსეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლინ ჯონსმა განაცხადა, რომ საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის საუკეთესო გუნდია და შესაბამისად, 2023 წლის მსოფლიო თასის საკვალიფიკაციო ეტაპის მთავარი ფავორიტია.

"საქართველო არის ყველაზე ძლიერი გუნდი რაგბი ევროპის ჩემპიონატში, ეს ყველამ იცის. დიდი ხნის განმავლობაში ვემზადებოდით ამ მატჩისთვის და თავდაჯერებულად ვგრძნობთ თავს. ექვსი კვირის წინ თბილისში ძალიან რთული თამაში იყო, მაგრამ ყველა მატჩი განსხვავებულად ვითარდება. საქართველო მსოფლიო თასის საკვალიფიკაციო ეტაპის ფავორიტია, მაგრამ ჩვენ ვაპირებთ, რომ ვაჩვენოთ ყველაფერი რისი შესაძლებლობაც გვაქვს და წინ ოპტიმიზმით ვიყურებით.

მინდა აღვნიშნო, რომ საქართველოსთან მატჩისთვის ორი ძირითადი შემადგენლობის მოთამაშე კირილ გოტოვცევი და ვიქტორ გრესევი დავკარგეთ ტრავმის გამო, ეს დიდი დანაკარგია, მაგრამ ჩვენ ვემზადებოდით მორკინალების მთელი ჯგუფით და მზად ვართ, რომ ახალგაზრდებს მივცეთ შანსი. სტეფან სერიაკოვი, რომან ხოდინი და გერმან სილენკო მზად არიან საერთაშორისო დონეზე თამაშისთვის და ამას შაბათს დაადასტურებენ. გუნდი თავს კომფორტულად გრძნობს და საქმეს კარგად შეასრულებს.

ვიცით, რომ საქართველოსთან მატჩი ძალიან დაძაბული გამოდგება და ფიზიკურად მძიმე ბრძოლას ვიხილავთ, ამიტომაც ვფიქრობდით, რომ მარქაფაში ექვს მორკინალს შევიყვანდით, მაგრამ ამ იდეას შევეშვით, რადგან ასეთი გადაწყვეტილება ძალიან სარისკოა და 100% უნდა ვიყოთ მზად, რომ ვინც შევა მოედანზე, ის თამაშს გააძლიერებს. ამიტომაც, ჩვენ ეს ვარიანტი გადავიფიქრეთ. ჩვენი ამოცანაა, რომ ვაიძულოთ ქართველები არ ითამაშონ ისე, როგორც ისინი გეგმავენ", -
განაცხადა უელსელმა მწვრთნელმა.

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

🏉 1vs1 რაგბის მსოფლიო სერია – თბილისი 2025
🏖️ პირველი ქვიშის თაჩ-რაგბის ტურნირი დასავლეთ საქართველოში – „ზაფხულის თამაშები 2025“
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)