წინათქმა: რუსეთი VS საქართველო

წინათქმა: რუსეთი VS საქართველო

©  TAMUNAPHOTO 

რაგბი ევროპის ჩემპიონატის მესამე რაუნდის მატჩში რუსეთის ნაკრები 20 მარტს თბილისის დროით 15 საათზე კალინინგრადში საქართველოს მიიღებს. 

რუსეთის და საქართველოს ნაკრებების დაპირისპირება გასაგები მიზეზების გამო რომ ყოველთვის პრინციპულ ხასიათს ატარებს, ეს ყველასთვის კარგადაა ცნობილი და ამაზე თავს არ შეგაწყენთ. ვისაუბრებთ უშუალოდ სპორტულ მხარეზე. როგორც იცით, 2021 და 2022 წლების რაგბი ევროპის ჩემპიონატი ამავდროულად 2023 წლის მსოფლიო თასის შესარჩევია. საუკეთესო ორი გუნდი საფრანგეთში გასამგზავრებელ საგზურს მოიპოვებს, ხოლო მესამე ადგილოსანი რეპეშაჟში გადაინაცვლებს.

მიმდინარე ტურნირი ორივე გუნდისთვის კარგად დაიწყო - საქართველომ გასვლაზე პორტუგალია (ბონუსით) და ესპანეთი (ბონუსის გარეშე) დაამარცხა და ორი მატჩის შემდეგ გათამაშებას 9 ქულით ლიდერობს, ხოლო რუსეთმა სოჭში მძიმე ბრძოლაში რუმინეთი 18:13 დაამარცხა და აქტივში 4 ქულა აქვს.

რუსეთი

"დათვებმა" იანვარში სამწვრთნელო შტაბში ორი მაღალი დონის მწვრთნელი კარლ ჰოგი და ბორის სტანკოვიჩი დაიმატეს. მათ 7 თებერვალს თბილისში გამართულ მატჩში თავი ღირსეულად წარმოაჩინეს და მცირე სხვაობით 7:16 დამარცხდნენ, რამაც ისინი ოპტიმისტურ განწყობაზე დააყენა და უფრო მეტი ამბიციები მოეძალათ, რაც მათ კომენტარებში ხშირად შეინიშნება. 

რუსებმა კარგად დაიწყეს 2021 წლის რაგბი ევროპა და შესაბამისად, 2023 წლის მსოფლიო თასის შესარჩევი ეტაპი. ლინ ჯონსის შეგირდებმა ერთ-ერთი მთავარი მეტოქე რუმინეთი დაძაბულ ბრძოლაში 18:13 დაამარცხეს. მათი თამაშის გარკვეულ კომპონენტებში აშკარა წინსვლა შეინიშნებოდა და პირველ რიგში, შეიმჩნეოდა, რომ კარგად იმუშავა ბორის სტანკოვიჩმა, რომლის ხელშიც რუსების შერკინების სტატიკა აშკარად გაუმჯობესდა და წინა მატჩში რუმინეთის ნაკრებს აშკარად აჯობა და არაერთხელ დააჯარიმა. 

თბილისური მატჩისგან განსხვავებით, რუსებს ეყოლებათ მათთვის გამორჩეული მორაგბეები, ინგლისური "სეილ შარქსის" 26 წლის მარცხენა ბურჯი ვალერი მოროზოვი და ფრანგული "გრენობლის" 33 წლის მეორეხაზელი ანდრეი ოსტრიკოვი, რომელსაც იმავე "სეილ შარქსში" 130 მატჩზე მეტი აქვს ჩატარებული. "ბორჯღალოსნებთან" მატჩში კაპიტანი სწორედ ოსტრიკოვი იქნება, რადგან წინა მატჩებში გუნდის კაპიტანი რვა ნომერი ვიქტორ გრესევი ტრავმირებულია, ისევე როგორც კიდევ ერთი მესამეხაზელი ვლადისლავ პერესტიაკი. 

რუმინეთთან მატჩის შემდეგ, რუსეთის შემადგენლობაში სამი ცვლილებაა, სამივე შერკინებაში და სამივე იძულებითი, რომელთაგან ორი იძულებითია და ეს უკვე ვახსენეთ. მესამეხაზელებს გერმან სილენკო და ანტონ სიჩევი შეცვლიან, ხოლო ნიკიტა ვავილინი მარბიელის პოზიციიდან რვა ნომერზე გადაინაცვლებს. რაც შეეხება მესამე შეცვლას, მარჯვენა ბურჯის პოზიციაზე ტრავმირებულ კირილ გოტოვცევს ვლადიმირ პოდრეზოვი ჩაანაცვლებს. კვლავ ტრავმირებულია რუსეთის ერთ-ერთი ლიდერი მესამეხაზელი ტაგირ გაჯიევი, რომელსაც რუმინეთთანაც არ უთამაშია.

რუსეთის შემადგენლობა

უკანა ხაზი


15. ალექსანდრ ბუდიჩენკო, 14. ანდრეი კარზანოვი, 13. გერმან დავიდოვი, 12. კირილ გოლოსნიცკი, 11. ვასილი არტემიევი, 10. რამილ გაისინი, 9. კონსტანტინ უზუნოვი;

შერკინება

1. ვალერი მოროზოვი, 2. სტანისლავ სელსკი, 3. ვლადიმირ პოდრეზოვი, 4. ანდრეი ოსტრიკოვი (კაპ.), 5. ბოგდან ფედოტკო, 6. გერმან სილენკო, 7. ანტონ სიჩევი, 8. ნიკიტა ვავილინი;

მარქაფა

16. შამილ მაგომედოვი, 17. ევგენი მიშნეჩკინი, 18. სტეფან სერიაკოვი, 19. ალექსანდრ ილივი, 20. რომან ხოდინი, 21. დენის ბარაბანცევი, 22. იური კუშნარევი, 23. ხეთაგ ძაბელოვი;

საქართველო

"ბორჯღალოსნებმა" ტურნირი გეგმის მიხედვით დაიწყეს და ორივე მატჩში გამარჯვება მოახერხეს. პირველ მატჩში პორტუგალიას ბონუსით ვძლიეთ, შემდეგ კი უმთავრესი კონკურენტი ესპანეთი დავამარცხეთ მადრიდში, ოღონდ ბონუსის გარეშე. უნდა ითქვას, რომ ორივე მატჩი საკმაოდ რთული გამოვიდა და იდეალური, სასურველი ხარისხისგან შორს იყო. ორივე შემთხვევაში პირველი ტაიმის მოგება ვერ შევძელით, თუმცა მეორე ნახევარში "ბორჯღალოსნებმა" მაინც მოიპოვეს გადამწყვეტი უპირატესობა და ორივე თამაში სასურველი შედეგით დაასრულეს.

სამართლიანობისთვის ისიც უნდა ითქვას, რომ "ბორჯღალოსნებმა" ორივე შეხვედრა საკმაოდ დანაკლისით ჩაატარეს და ამ მხრივ პრობლემები ახლაც მრავლადაა. როგორც ცნობილია, რუსეთთან მატჩში არ იქნებიან ვასილ ლობჟანიძე, ბექა საღინაძე, ნიკა აბულაძე, დემურ თაფლაძე, ხოლო თუ ძველ დანაკლისს მივყვებით, მაშინ ძალიან ვრცელი ჩამონათვალი გამოგვივა. 

ლევან მაისაშვილმა, რუსეთთან გასამართი მატჩისთვის სასტარტო თხუთმეტეულში 4 ცვლილება განახორციელა. სამი ცვლილება შერკინებაში მოხდა, ხოლო ერთი - უკანა ხაზში. მიმდინარე რაგბი ევროპის ჩემპიონატზე პირველად ითამაშებს გიორგი ჭყოიძე, რომელიც ძირითად შემადგენლობაში იქნება. ასევე სასტარტოდან დაიწყებს თამაშს მარჯვენა ბურჯი გიორგი მელიქიძე, რომელმაც მარქაფაში ადგილი გია ხარაიშვილს გაუცვალა, ისევე როგორც მესამე ხაზში გიორგი თხილაიშვილმა ირაკლი ცხადაძეს. უკანახაზში კი, ტრავმირებულ დემურ თაფლაძეს გამოცდილი სანდრო თოდუა შეცვლის. ზედიზედ მესამე მატჩია მარქაფაშია გიორგი ბაბუნაშვილი, რომელსაც წინა ორ შემთხვევაში მოედანზე შესვლის საშუალება არ მიეცა.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ნაკრები კალინინგრადში პირველ შეხვედრას ჩაატარებს. 

რუსეთთან გასამართი მატჩისთვის "ბორჯღალოსნების" შემადგენლობა ასე გამოიყურება:

უკანა ხაზი

15. დავით ნინიაშვილი (4 კეპი), 14. აკა ტაბუცაძე (9 კეპი, 35 ქულა), 13. გიორგი კვესელაძე (31 კეპი, 25 ქულა), 12. მერაბ შარიქაძე (74 კეპი, 60 ქულა), 11. სანდრო თოდუა (91 კეპი, 65 ქულა), 10. თედო აბჟანდაძე (22 კეპი, 139 ქულა), 9. გელა აფრასიძე (32 კეპი, 24 ქულა);

შერკინება

1. ბექა გიგაშვილი (21 კეპი, 5 ქულა), 2. გიორგი ჭყოიძე (14 კეპი, 5 ქულა), 3. გიორგი მელიქიძე (25 კეპი, 15 ქულა), 4. ლაშა ჯაიანი (9 კეპი), 5. დავით გიგაური (9 კეპი, 5 ქულა), 6. მიხეილ გაჩეჩილაძე (14 კეპი, 10 ქულა), 7. გიორგი თხილაიშვილი (63 კეპი, 60 ქულა), 8. თორნიკე ჯალაღონია (7 კეპი, 10 ქულა);

მარქაფა

16. ჯაბა ბრეგვაძე (64 კეპი, 25 ქულა), 17. გურამ გოგიჩაშვილი (20 კეპი, 5 ქულა), 18. გია ხარაიშვილი (2 კეპი), 19. ნოდარ ჭეიშვილი (28 კეპი), 20. ირაკლი ცხადაძე (2 კეპი); 21. მიხეილ ალანია (3 კეპი), 22. გიორგი ბაბუნაშვილი (უკეპო), 23. სოსო მათიაშვილი (31 კეპი, 156 ქულა).  

წინასამატჩო კომენტარები

ბორის სტანკოვიჩი (რუსეთის ნაკრების შერკინების მწვრთნელი): "საქართველოსთან მატჩი უკეთესად უნდა დავიწყოთ, ვიდრე ეს რუმინეთთან შევძელით. ჩვენ ვიმუშავებთ იმაზე, რომ გავაუმჯობესოთ საკუთარი თამაში და ვითამაშოთ ისე, როგორც ეს გვსურს. ზოგჯერ უნდა ვიყოთ უფრო ზუსტები, რომ მოწინააღმდეგეს არ მივცეთ იმპულსი ჩვენი შეცდომების ან უდისციპლინობის ხარჯზე.

რუმინეთთან მატჩის დასაწყისში ჩვენ ნელები ვიყავით. რუმინელებმა სწრაფად შეძლეს ქულების მოპოვება და დაწინაურება, მაგრამ რუსეთის ნაკრებმა დიდი გამძლეობა და სიმშვიდე გამოავლინა, რომ გამარჯვებისთვის მიეღწია. ჩვენმა მორაგბეებმა გაუძლეს სირთულეებს და ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია რაგბიში წარმატების მისაღწევად." 

ლევან მაისაშვილი (საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი): "წინასწარ ვიცოდით, რომ რუსეთთან მატჩისთვის, თამაშებს შორის 6-დღიანი სხვაობის და გადაფრენების გათვალისწინებით, მოსამზადებლად შედარებით მცირე დრო გვექნებოდა და ამისათვის მზად ვიყავით. ფიზმომზადებისა და სამედიცინო შტაბმა ფასდაუდებელი სამუშაო გაწია, რათა რეაბილიტაცია და აღდგენა მომხდარიყო. კვირის განმავლობაში სულ ორი ვარჯიში გვქონდა – სამშაბათს დატვირთვის გარეშე და ოთხშაბათს დაბალი ინტენსივობის, რადგან ამდენი გადაფრენის ფონზე, დიდი იყო ტრავმის მიღების საფრთხე. სამაგიეროდ, ეს კვირა დატვირთული იყო ანალიტიკური კუთხით.

ვიცოდით, რომ დრო არ გვექნებოდა და ამიტომ, მოსამზადებელ ეტაპზე ძირითადი დატვირთვა ესპანეთთან მატჩის კვირაში გვქონდა. გუნდში მრავლად გვყავს ახალგაზრდები, რომლისთვისაც ესაა შანსი, რომელიც უნდა გამოიყენონ. არაერთი მაგალითია იმისა, რომ ტრავმების, თუ სხვა მიზეზით დანაკლისის გამო, ძირითადში დაწინაურებულ მორაგბეებს თავი გამოუჩენიათ და გუნდში ადგილი დაუმკვიდრებიათ. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ბიჭები იბრძოლებენ და მეტოქეს არაფერს დაუთმობენ.

რუსეთი მუდამ ცდილობს, რომ თავისთვის უსიამოვნო ტრადიცია დაარღვიოს და ეს ჩვეულებრივი მომენტია. თბილისში, თვენახევრის წინ, პირველი ტაიმის 0:0 დასრულების შემდეგ, მათ თავდაჯერებულობა მოემატათ. ისინი შემადგენლობაში ახალ სახეებს ხედავენ და საკუთარ კედლებში თამაშს ოპტიმიზმით ხვდებიან, მაგრამ ჩვენ ჩვენი საქმე გვაქვს. ყველა მოთამაშეს გათვითცნობიერებული აქვს ამ თამაშის მნიშვნელობა და მზად ვართ იმისთვის, რომ შინ გამარჯვებულები დავბრუნდეთ.

ახალგაზრდული გუნდი გვყავს, თუმცა კარგად ვართ შეთამაშებული. რაგბი ევროპის ჩემპიონატის მოგების პარალელურად, ჩვენი მიზანი ახალი მოთამაშეების გამოცდაა. ამ ტურნირზე აქცენტს შეტევაზე ვაკეთებთ, მოწინააღმდეგეებიც განსაკუთრებულად მონდომებული არიან პორტუგალიასა და ესპანეთისგან თითო ლელო გავუშვით.

რუსეთს მომატებული აქვს, განსაკუთრებით შერკინებაში, რაც ჩვენთანაც გამოჩნდა და რუმინეთთანაც. რაც შეეხება ამინდს, მას ჩვენ ვერ ვუკვეთავთ და ის ორივე გუნდისთვის ერთნაირი იქნება."  

ურთიერთშეხვედრები

საქართველოს და რუსეთის ნაკრებებს ერთმანეთის წინააღმდეგ 24-ჯერ უთამაშიათ, საიდანაც 22 შემთხვევაში საქართველომ იმარჯვა, ერთხელ რუსეთმა, ერთი მატჩი კი ფრედ დასრულდა. "დათვებმა" ერთადერთი მატჩი შორეულ 1993 წელს სოპოტში (პოლონეთი) მოიგეს, როდესაც ეს ორი გუნდი პირველად შეხვდა ერთმანეთს. 2002 წელს გამართული რკენა ფრედ დასრულდა, ხოლო ყველა სხვა მატჩში "ბორჯღალოსნებმა" იმარჯვეს და მათ შორის 19 გამარჯვება ზედიზედ მოდის. საქართველომ რუსეთს ყველაზე დიდი სხვაობით 2012 წელს "მიხეილ მესხზე" სძლია - 46:0. 

მსაჯები

მატჩს იტალიური სამსაჯო ბრიგადა მოემსახურება. მთავარი მსაჯი 28 წლის ანდრეა პიარდი იქნება, რომელიც პრო 14-ის და ჩელენჯ თასის მატჩებს ემსახურება. ის უცხო საქართველოს ნაკრებისთვისაც არ გახლავთ, რადგან შემოდგომის ერთა თასზე ირლანდიასთან და ფიჯისთან მატჩებში გვერდითი მსაჯი იყო. გვერდითი მსაჯები ბოტინო და ფრანკო იქნებიან, ხოლო ტელეეკრანებთან ლიპერინი იმუშავებს.

სად ვუყუროთ?

მატჩის პირდაპირ ტრანსლაციას ტელეკომპანია "იმედი" და "რაგბი ტვ" შემოგვთავაზებენ. საზღვარგარეთ მყოფ გულშემატკივრებს კი მატჩის ყურება "რაგბი ევროპის" ოფიციალურ ვებგვერდზე შეეძლებათ. 

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)
ინგლისი - სამხრეთ აფრიკა 27:26 (VIDEO)
ლევან მაისაშვილი: "ეს ორი თამაში საქართველოსთვის ძალიან დიდი აქტივია"