რაგბი, მშვიდობის და გაერთიანების სიმბოლო - პარასკევს ორ ქვეყანას შორის ისტორიული მატჩი შედგება

რაგბი, მშვიდობის და გაერთიანების სიმბოლო - პარასკევს ორ ქვეყანას შორის ისტორიული მატჩი შედგება

რაგბი სპორტის ის სახეობაა, რომლის მატჩების დროსაც, ორივე გუნდის გულშემატკივრები არა სხვადასხვა, არამედ ერთ სექტორში სხედან და ერთად გულშემატკივრობენ თავიანთ საყვარელ კლუბებს.

სწორედ რაგბიში გამოდის ირლანდიელი ერი ერთი ქვეყნის სახელით. პოლიტიკური მდგომარეობა და ის ფაქტი, რომ ამჟამად არსებობს ირლანდიის რესპუბლიკა და ჩრდილოეთ ირლანდია (რომელიც არის გაერთიანებული სამეფოს ნაწილი) მეორე პლანზე გადადის და ისინი ერთი ქვეყნის სახელით გამოდიან მინდორზე. ირლანდიის ოფიციალური ჰიმნი Amhran na bhFiann - ჯარისკაცის სიმღერა გახლავთ, თუმცა როდესაც ირლანდიის სარაგბო ნაკრები თამაშობს, იქიდან გამომდინარე, რომ ზემოხსენებული ჰიმნი პოლიტიკურ შინაარსაც მოიცავს და ირლანდიის ნაკრებში ჩრდილოეთ ირლანდიის ანუ ალსტერის საგრაფოს წარმომადგენლები ასპარეზობენ, ირლანდიის ნაკრების მატჩებზე 1995 წლიდან Ireland's Call სრულდება (როგორც შინ, ასევე გასვლაზე), ხოლო Amhran na bhFiann მხოლოდ საშინაო მატჩებზე ჟღერდება და ირლანდიელები "ავივა სთედიუმზე" ორ ჰიმნით წარდგებიან.  

1995 წლის მსოფლიო თასის მოგებით, სწორედ რაგბიმ გააერთიანა სამხრეთ აფრიკაში მცხოვრები სხვადასხვა რასის და ეთნიკური ჯგუფების ადამიანები. 1995 წლის მსოფლიო თასამდე (რომელსაც სწორედ სამხრეთ აფრიკამ უმასპინძლა) სამხრეთ აფრიკაში, სადაც აპართეიდი ახალი დასრულებული იყო, შავკანიან მოსახლეობას რაგბი ეზიზღებოდა, რადგან ისინი მას თეთრების სპორტად და აპართეიდის სიმბოლოდ მიიჩნევდნენ. ქვეყნის ლეგენდარული პრეზიდენტი ნელსონ მანდელა ყველაფერს აკეთებდა, რომ შავკანიანი მოსახლეობისთვის რაგბისადმი დამოკიდებულება შეეცვალა. 1995 წლის მსოფლიო თასი "სპრინგბოკსმა" შესანიშნავად ჩაატარა და ფინალში გავიდა, სადაც უძლიერეს ახალ ზელანდიას უნდა შეხვედროდა, რომლის რიგებშიც ფორმის პიკში მყოფი ჯონა ლომუ ასპარეზობდა. ფინალური მატჩის დაწყებამდე მოედანზე სწორედ მანდელა გამოჩნდა, რომელსაც "სპრინგბოკსის" 6-ნორმიანი მაისური ეცვა (ეს მაისური შავკანიან მოსახლეობას სძულდა და რადიკალური დაჯგუფებების წარმომადგენლებს ახლაც სძულთ "სპრინგბოკსის" ანუ ქურციკის ლოგოს გამო). პირთამდე გადავსებულმა სტადიონმა მანდელას სახელის სკანდირება დაიწყო, ხოლო როდესაც ეს საოცარი ფინალური მატჩი დამატებით დროში ჯოელ სტრანსკის არეკნით მოიგეს და ჯონა ლომუს "ოლ ბლექსი" დაამარცხეს, მოედანზე კვლავ მანდელა გავიდა და ვებ ელისის თასი სწორედ მან გადასცა გუნდის კაპიტან ფრანსუა პიენაარს, თან კი უთხრა: "დიდი მადლობა იმისთვის, რაც შენ ჩვენი ქვეყნისთვის გააკეთე", რაზეც პიენაარმა მიუგო: "ეს არ შეედრება იმას, რაც თქვენ გააკეთეთ ჩვენი ქვეყნისთვის." ანალოგიურად, უმცირესი რადიკალური დაჯგუფებების გარდა, ყველა რასასა და ეთნიკური წარმომადგენლობაში უდიდესი სიხარული გამოიწვია 2007 და 2019 წლების მსოფლიო თასის მოგებამ და ისინი ერთად ზეიმობდნენ საკუთარი ნაკრების მსოფლიო ჩემპიონობას.

ამგვარი მაგალითები კიდევ არაერთია, როდესაც რაგბიმ კონკრეტული ქვეყანა ან საზოგადოება გააერთიანად და ეს ორი ზემოხსენებული მაგალითიც სწორედ იმიტომ მოგიყვანეთ, რომ მესამეს შესახებ მოგითხოთ, რომელიც ჯერ არ მომხდარა, მაგრამ ორ დღეში მოხდება და სამუდამოდ შევა ისტორიაში. 

ამჯერად, მოედანზე არ გავლენ ძლიერი სარაგბო ქვეყნის წარმომადგენლები, მეტიც შეიძლება ამ ქვეყნების სარაგბო აქტივობების შესახებ არც კი გაგიგიათ და უდიდესი ალბათობით, ვერც მათ მორაგბეებს იცნობთ, მაგრამ ამ შემთხვევაში მთავარი ის არის, რომ რაგბი კიდევ ერთხელ გამოავლენს თავის როლს, როგორც მშვიდობის ელჩის და გაერთიანების სიმბოლოსი. 

საქმე იმაშია, რომ 19 მარტს ერთმანეთის წინააღმდეგ მინდორზე ორი ისეთი ქვეყანა წარსდგება, რომლებიც ათწლეულების მანძილზე მოსისხლე მტრები იყვნენ, მათ შორის არანაირი დიპლომატიური ურთიერთობა არ არსებობდა და ამ ორი ქვეყნის ერთად მოხსენიება მხოლოდ რაიმე კონფლიქტთან, საომარ მოქმედებასთან და ნეგატიურ ასპექტთან ასოცირდებოდა. საუბარია, ისრაელზე და არაბეთის გაერთიანებულ საამიროებზე.

შესავალი - ისრაელის და არაბეთის გაერთიანებული საამიროების ურთიერთობების შესახებ

ისრაელის სახელმწიფოს 1948 წელს დაარსების შემდეგ, ისრაელს და არაბულ სამყაროს შორის ურთიერთობები მუდმივად დაძაბული იყო. ეს ურთიერთობები განსაკუთრებით 1967 წლის ექვსდღიანი ომის შემდეგ გამწვავდა, რომლის შედეგადაც ისრაელმა გოლანის მაღლობი დაიკავა. მოკლედ, ისტორიით თავს არ შეგაწყებთ, მხოლოდ იმას გეტყვით, რომ ისრაელს სპარსეთის ყურის და არაბეთის ნახევარკუნძულის ქვეყნებთან არანაირი ურთიერთობები არ გააჩნდა და არაბული სამყაროდან მხოლოდ ეგვიპტესთან და იორდანიასთან ჰქონდა დიპლომატიური ურთიერთობები. 2020 წლის 13 აგვისტოს კი ქვეყნები შეთანხმდნენ, რომ ურთიერთობების ნორმალიზება მოხდებოდა, ეს მოლაპარაკებები წარმატებით გაგრძელდა, რასაც 31 აგვისტოს ისრაელიდან არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში პირდაპირი რეისის შესრულება მოჰყვა. მხარები შეთანხმდნენ, რომ ქვეყნებს შორის ჩამოყალიბდება ეკონომიკური, სავაჭრო და კულტურული ურთიერთობები.

აღნიშნულ შეთანხმებას არაბული სამყაროს დიდი ნაწილი მტრულად შეხვდა და არაბეთის გაერთიანებულ საამიროებსა და ბაჰრეინს, რომელიც აღნიშნულ მოლაპარაკებებს 12 სექტემბერს შეუერთდა, მოღალატეები უწოდეს. ამ შეთანხმების განსაკუთრებული მოწინააღმდეგე პალესტინაა. შეთანხმებით ასევე უკმაყოფილონი დარჩნენ თურქეთი და ირანი. და ასევე, როგორც არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში, ასევე ისრაელში ამ შეთანხმებას ბევრი მოწინააღმდეგე ჰყავს, რადგან ერთმანეთს კვლავ მტრად მიიჩნევენ, თუმცა ფაქტია, რომ შეთანხმება წინ მიიწევს - სექტემბერში ქვეყნებმა ერთმანეთთან პირველად დაამყარეს სატელეფონო კომუნიკაცია, ხოლო 2021 წლის 24 იანვარს მოხდა ისრაელის საელჩოს გახსნა არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში. 

ამ ორ ქვეყანას შორის არ არსებობდა სპორტული კომუნიკაციაც. იყო არაერთი ბოიკოტის შემთხვევა, როდესაც ერთი ქვეყნის წარმომადგენლები არ ჩადიოდნენ მეორეში ჩატარებულ სპორტულ ღონისძიებებზე, იყო შემთხვევები, როდესაც სპორტსმენისთვის არ მიუციათ ვიზა და ისეთი შემთხვევა, როდესაც 2017 წელს ებრაელმა ძიუდოისტმა არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში ტურნირი მოიგო, მაგრამ მასპინძლებმა უარი თქვეს ისრაელის დროშის ფრიალზე და ჰიმნის აჟღერებაზე. მოკლედ, ასეთი შემთხვევები ძალიან ბევრი იყო და შორს წავალთ. 

სპორტში დათბობის პირველი კონტურები 2019 წელს გამოჩნდა, როდესაც საამიეროებმა აზიის საფეხბურთო თასს უმასპინძლეს და ებრაულ ტელეარხს ტურნირის ტრანსლაციის ტელეუფლებები მიყიდეს. ებრაულმა ტელეარხმა კი არაბეთის გაერთიანებული საამიროების და ბაჰრეინის გახსნითი მატჩი აჩვენეს. 2019 წლის 9 მაისს ჩატარდა ამ ორი ქვეყნის ეროვნული გუნდებს შორის პირველი სპორტული მატჩი ნეთბოლში მენის კუნძულებზე. ამის შემდეგ, კიდევ მოხდა გარკვეული სპორტული აქტივობები ამ ორ ქვეყანას შორის და მოვიდა რაგბის დროც. 

რაგბი, როგორც მშვიდობის ელჩი და ერთიანობის სიმბოლო

დიახ, როგორც ვთქვით, სარაგბო კუთხით ამ ორ ქვეყანაზე ძალიან ცოტას თუ ეცოდინება. გეტყვით, რომ ისინი "მსოფლიო რაგბის" 105-გუნდიან რეიტინგში მეზობლად იმყოფებიან: ისრაელი მე-60 ადგილს იკავებს, ხოლო არაბეთის გაერთიანებული საამიროები ერთი პოზიციით ქვემოთაა. არაბეთის გაერთიანებული საამიროები აზიის ჩემპიონშიპის მეორე დივიზიონში ასპარეზობს, ხოლო ისრაელი რაგბი ევროპის პირველ კონფერენციაში ანუ მესამე დივიზიონში თამაშობს.

თუმცა, ეს გუნდები 19 მარტს 7-კაცა ეროვნული ნაკრებებით წარსდგებიან ერთმანეთის წინაშე. როგორც იცით, 2016 წლიდან 7-კაცა რაგბი ოლიმპიურ სახეობებს შორის შედის და როგორც ნათქვამია, მათთვის 7-კაცა მნიშვნელოვანი სახეობაა. 

2021 წლის 19 მარტი ორივე ქვეყნის სპორტის ისტორიაში შევა, როდესაც მათი სარაგბო ნაკრებები დუბაიში შეერკინებიან ერთმანეთს და ამ გზით შეეცდებიან დაანახონ სპორტის გულშემატკივრების და სრულიად მსოფლიოს, რომ მათ შორის მტრობა დასრულდა და მშვიდობის დრო დადგა. როგორც ვთქვით, აქამდე გუნდურ სახეობებში ეს ქვეყნები ნეთბოლში შეხვედრიან ერთმანეთს, ხოლო 2020 წელს დიპლომატიურ ურთიერთობებზე შეთანხმების შემდეგ, ეს იქნება პირველი მატჩი გუნდურ სახეობებში, ეროვნულ ნაკრებებს შორის.

"ისრაელის სარაგბო ნაკრები აპირებს ისტორიის შექმნას. ჩვენ გავემგზავრებით დუბაიში - ისრაელის ეროვნული ნაკრები პირველად წავა ამხანაგური მატჩის გასამართად და ასევე გამართავს ერთობლივ საწვრთნელ პროცესს არაბეთის გაერთიანებულ საამიროებთან. ორივე გუნდი მოუთმენლად ელოდება დაუვიწყარ სანახაობას", - წერს ისრაელის რაგბის კავშირი.

ისრაელის და არაბეთის გაერთიანებული საამიროების ერთობლივი შეკრება დღეს დაიწყო და შეკრებიდან პირველი ფოტოები უკვე გავრცელდა სოციალურ ქსელში. აღნიშნული შეკრების და მატჩის ჩატარების შესახებ შეთანხმებას მიაღწიეს: არაბეთის გაერთიანებული საამიროების რაგბის კავშირის ახალზელანდიაში დაბადებულმა ტექნიკურმა დირექტორმა აპოლო პერელინიმ და ისრაელის რაგბის კავშირის სამხრეთ აფრიკაში დაბადებულმა ტექნიკურმა დირექტორმა კევინ მუსიკანთმა. 

დუბაის შეკრებაზე ისრაელის 7-კაცა ნაკრები მოემზადება ევროპის სერიებისთვის, რომელიც ზაფხულში გაიმართება, რომელიც ზაგრებში 19 ივნისს დაიწყება და 10 ივლისს ბუდაპეშტში გაგრძელდება. ისრაელი ევროპის ალაფაზე (მე-2 დივიზიონი) ასპარეზობს და 2019 წელს მეშვიდე ადგილი დაიკავა. ისრაელთან ერთად ზაფხულის სერიებზე მონაწილეობას მიიღებენ: რუმინეთი, უკრაინა, ბელგია, ხორვატია, ჩეხეთი, შვედეთი, ლუქსემბურგი, დანია, ლატვია, უნგრეთი და თურქეთი. 

ისრაელსა და არაბეთის გაერთიანებულ საამიროებს შორის გასამართმა დაპირისპირებამ გამოეხმაურა ჰპოვა პრესაშიც:

thenationalnews.com: "ისრაელის და არაბეთის გაერთიანებული საამიროების ნაკრებები მონაწილეობას იღებენ "რაგბის მეგობრობის ტურში."  

Gulfnews.Com: "ისრაელი და არაბეთის გაერთიანებული საამიროები პარასკევს მინდორზე დაწერენ ახალ ისტორიას. ეს იქნება ისტორიული სარაგბო მატჩი, როგორც "რაგბის მეგობრობის ტური" და ეს არის კიდევ ერთი ისტორიული ნაბიჯი ამ ქვეყნებს შორის, რომლებმაც ურთიერთობების ნორმალიზებაზე გეზი გასული წლის აგვისტოში აიღეს."

Emirati.News: "ამ ორი ქვეყნის ნაკრებები ერთმანეთს პირველად შეხვდებიან რაგბის მოედანზე. ისრაელი დუბაიში გამართავს "მეგობრულ ტურს" და პარასკევს მინდორზე ისტორია დაიწერება, რისთვისაც ყველაფერი მზადაა."

მოახლოებულ შეხვედრას გამოეხმაურა ბრაზილიის რაგბის კავშირის, რომლის ოფიციალური ფეისბუქ გვერდი წერს: "ისტორიული!!! მსოფლიოსთვის ცნობილია, თუ როგორ გამოიყენა ნელსონ მანდელამ რაგბი, როგორც თავისი ხალხის გაერთიანების საშუალება. ახლა კი, რაგბის კიდევ ერთხელ ექნება მნიშვნელოვანი როლი კიდევ ორი ქვეყნის ისტორიაში. არაბეთის გაერთიანებული საამიროების რაგბის ფედერაციამ გამოაცხადა, რომ გაიმართება პირველი ამხანაგური მატჩი არაბეთის გაერთიანებული საამიროების და ისრაელის ნაკრებებს შორის. ამხანაგური თამაში მიზნად ისახავს სპორტის როლის გარკვევას სხვადასხვა ქვეყნებს შორის ურთიერთობების განვითარებაში, ასევე მშვიდობისა და ტოლერანტობის ფასეულობების გამყარებაში."



ცნობილია, რომ ზემოხსენებულ ისტორიულ დაპირისპირებას სამხრეთაფრიკელი იაკო დე ვიტი იმსაჯებს. 

აქვე გთავაზობთ პირველ ფოტოს, რომელიც არაბეთის გაერთიანებული საამიროების და ისრაელის ნაკრებების ერთობლივი შეკრებიდან გავრცელდა.



კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

🏉 1vs1 რაგბის მსოფლიო სერია – თბილისი 2025
🏖️ პირველი ქვიშის თაჩ-რაგბის ტურნირი დასავლეთ საქართველოში – „ზაფხულის თამაშები 2025“
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)