ესპანეთის ნაკრები საქართველოს დიდი დანაკლისით ეთამაშება

ესპანეთის ნაკრები საქართველოს დიდი დანაკლისით ეთამაშება

დღეს თბილისის დროით 15:45 საათზე რაგბი ევროპის ჩემპიონატის მეორე ტურის შეხვედრა გაიმართება, რომელშიც ესპანეთის ნაკრები მადრიდში საქართველოს დაუხვდება.

იქიდან გამომდინარე, რომ ფორსმაჟორული სიტუაციის გამო ბელგია-ნიდერლანდების მატჩი ვერ შედგა და ჯერჯერობით უცნობია 2021 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის მეექვსე გუნდი, გაზაფხულზე გუნდებს თითო კვირის გამოტოვება მოუწევთ. პირველ სათამაშო კვირას სწორედ ესპანეთის ნაკრებმა დაისვენა და "ბორჯღალოსნების" წინააღმდეგ დასვენებულები ითამაშებენ.

უნდა ითქვას, რომ ესპანეთის ნაკრები საქართველოსთან მატჩში ძალიან დიდი დანაკლისით ითამაშებს - სანტიაგო სანტოსი სხვადასხვა მიზეზებიდან გამომდინარე 15 მორაგბეს მოისაკლისებს. დღევანდელ შეხვედრას გამოტოვებს შვიდი მორკინალი და რვა უკანახაზელი. 

რაც ყველაზე მეტად აღსანიშნია, ესპანელებს ოთხი ისეთი მორაგბე არ ეყოლებათ, რომლებიც ტოპ 14-ში ასპარეზობენ: "ბაიონში" მოასპარეზე ცხრა ცხრა ნომერი გუილამე რუ და მგეზავი მანუელ ორდასი სავარაუდოდ კლუბმა არ გამოუშვა, რომელსაც შაბათს მნიშვნელოვანი გადადებული მატჩი ჰქონდა "აჟენის" წინააღმდეგ და ამ მატჩში რუმ შეცვლაზე ითამაშა და 73-ე წუთზე ლელოც გაიტანა. ამავე კლუბის მესამეხაზელი ასიერ უსარაგა დიდი ხანია, რაც ტრავმირებულია და სარეაბილიტაციო პროცესს გადის. კუნთის ტრავმა აქვს "ლა როშელის" ახალგაზრდა ფრთას მარტინ ალონსოს. 

ასევე პრო დ2-დან არ იქნებიან ბურჯები ხერომ სივილი ("კარკასონი"), მესამეხაზელი გოტიე გიბუნი ("ანგულემი") და შუამარბი ფაბიენ პერინი ("კოლომიე"). დანარჩენი რვა მორაგბიდან, მეორეხაზელი ჯოშუა პიტერსი ფრანგული ნასიონალ ლიგის (მესამე დივიზიონი) "დიჟონში" ასპარეზობს, ხოლო სხვა ხელმიუწვდომელი მორაგბეები ესპანეთის ჩემპიონატიდან არიან. ესენი არიან: ბურჯი ალბერტო ბლანკო, რვა ნომრები აფა ტოული და ფაკუნდო დომინგესი, შუამარბი რიჩარდ სტიუარტი, ფრთა ლექსუს ალკობენდასი, ფრთა/ფულბექი ხულენ გოია და ასევე ფრთა/ფულბექი ჯონ-ვესელ ბელი.

რაც შეეხება ძირითად შემადგენლობას, მთავარი ვარსკვლავი 29 წლის ფულბექი შარლი მალია, რომელსაც ტოპ 14-ში 100 მატჩზე მეტი აქვს ჩატარებული. თადარიგშია კიდევ ერთი ტოპ 14-ის მორაგბე, "ბაიონის" ცხრიანი კერმან აურეკოჩეა. პრო დ2-ში თამაშობენ კვაჭი მარკო პინტო ("ბეზიე"), ჰავბექი ტომას მუნილა ("ბეზიე") და შუამარბი ალვარ ხიმენო ("ბეზიე"). რამდენიმე მორაგბე ფრანგულ ნასიონალში და ფედერალ 1-ში ასპარეზობს, ხოლო უმრავლესობა ესპანეთის ჩემპიონატიდანაა.

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

🏉 1vs1 რაგბის მსოფლიო სერია – თბილისი 2025
🏖️ პირველი ქვიშის თაჩ-რაგბის ტურნირი დასავლეთ საქართველოში – „ზაფხულის თამაშები 2025“
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)