ლევან მაისაშვილი: "ვცდილობთ შემადგენლობა ისე დავაბალანსოთ, რომ ყველას მივცეთ სათამაშო დრო"

ლევან მაისაშვილი: "ვცდილობთ შემადგენლობა ისე დავაბალანსოთ, რომ ყველას მივცეთ სათამაშო დრო"

საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა, რაგბი ევროპის ჩემპიონატის მეორე ტურის მატჩამდე კომენტარი გააკეთა. 

მაისაშვილმა ესპანეთთან გასამართი მატჩისთვის სასტარტო თხუთმეტეულში 10 ცვლილება განახორციელა, რის მიზეზებზეც ისაუბრა. 

"გაფართოებულ რაზმში 32 მორაგბე გვყავს და ვცდილობთ შემადგენლობა ისე დავაბალანსოთ, რომ ყველას მივცეთ სათამაშო დრო. არაერთხელ აღვნიშნე, რომ ჩვენი მიზანია მოთამაშეების გამოცდა, სხვადასხვა რგოლების გადანაცვლება და თანაც ისე, რომ ბალანსი არ დაირღვეს.

ჯალაღონია დავასვენეთ, გუშინ გუნდთან ერთად ივარჯიშა, ყველაფერი კარგადაა და თამაშს იწყებს. პირველ ხაზში ის მორაგბეები იწყებენ, რომლებმაც პორტუგალიასთან შეცვლაზე ითამაშეს და თავი კარგად წარმოაჩინეს. ჩვენ თანაბარი ძალის, დაბალანსებული პირველი ხაზი გვყავს და როტაცია მუდმივად გვექნება, რაც ერთგვარი კოზირია. მარქაფიდან თამაშში ჩართვა ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც სასტარტო შემადგენლობაში მოხვედრა და ეს გუნდში ყველას კარგად ესმის.

რამდენიმე ცვლილება გვაქვს ხაზში, ასევე განსხვავებულია ნახევარდაცვა. კვლავ მარქაფაშია ბაბუნაშვილი. სამწუხაროდ, პორტუგალიასთან თამაში ისე წავიდა, რომ მისი შეყვანა ვერ მოვახერხეთ და ახლა ვეცდებით სათამაშო დრო მივცეთ. ის ძალიან კარგად ვარჯიშობს, საინტერესო მოთამაშეა და დარწმუნებული ვარ თავს გამოიჩენს", -
ციტირებს მაისაშვილს სიტყვებს რაგბის კავშირის ოფიციალური ვებგვერდი.

შეგახსენებთ, რომ ესპანეთის და საქართველოს ნაკრებების მატჩი 14 მარტს თბილისის დროით 15:45 საათზე დაიწყება. 


კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

🏉 1vs1 რაგბის მსოფლიო სერია – თბილისი 2025
🏖️ პირველი ქვიშის თაჩ-რაგბის ტურნირი დასავლეთ საქართველოში – „ზაფხულის თამაშები 2025“
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)