ირაკლი აბუსერიძე: "ყველა გზას მივმართავთ, რომ ჩვენი სიმართლე დავამტკიცოთ და რაგბის განვითარება სწორ გზაზე დავაყენოთ"

ირაკლი აბუსერიძე: "ყველა გზას მივმართავთ, რომ ჩვენი სიმართლე დავამტკიცოთ და რაგბის განვითარება სწორ გზაზე დავაყენოთ"

დღეს "ლოკომოტივის" სარაგბო ბაზაზე პრესკონფერენცია გაიმართა, სადაც ირაკლი აბუსერიძემ და მისმა გუნდმა განაცხადეს, რომ ისინი სიმართლისთვის ბრძოლას სხვადასხვა მეთოდებით, პირველ რიგში კი სამართლებრივი გზით განაგრძობენ.

მათი თქმით, 10 მარტს ჩატარდა დე ფაქტო არჩევნები, რომელზეც ქვორუმის შევსება ძალადობრივი გზით მოხდა, რადგან კლუბებზე დიდი ზეწოლა იყო, ხოლო "არმიის" შემთხვევაში, წინა დღეს კლუბის პრეზიდენტის თანამდებობიდან გათავისუფლება მოხდა. ირაკლი აბუსერიძე ამბობს, რომ ისინი ყველაფერს გააკეთებენ, რომ სამართლის აღსრულება მოხდეს. 

"გუშინ მოხდა ძალიან სამწუხარო ფაქტი, რაც სამწუხაროა არამარტო ჩვენთვის, არამედ მთელი რაგბის ოჯახისთვის, სარაგბო სამყაროსთვის და გულშემატკივრისთვის. მინდა ვთქვა, რომ არასდროს ყოფილა ისეთი შემთხვევა, რომ ქართველ მორაგბეებს შორის სამართალდამცავები იდგნენ, რომლებიც ზრუნავდნენ უსაფრთხოებაზე. აქ არ არსებობდა კითხვის ნიშანი უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, რადგან ჩვენ არ ვართ მოძალადეები, ჩვენ უბრალოდ ჩვენს სიმართლეს ვიცავთ, არამარტო იმას, რომ ირაკლი აბუსერიძე 30 დეკემბერს გახდა პრეზიდენტი, იმას, რომ უსამართლობაა მთელ სარაგბო სამყაროში, რადგან ძალადობრივი მეთოდებით უნდათ, რომ ხელები გადაუგრიხონ კლუბებს და მის დელეგატებს, რომ დააფიქსირონ პოზიცია მათი ნების საწინააღმდეგოდ, რასაც ჩვენ ვერ შევეგუებით. 

გუშინაც ამას ვაპროტესტებდი. აქ იყვნენ დელეგატები, რომლებიც 24 თებერვალს ჩვენი მომხრეები იყვნენ და სწორედ ძალადობრივი ზეწოლის გამო შეიცვალეს მოსაზრება. მე ვუგებ ამ ადამიანებს. ეს რომ არ მომხდარიყო, ქვორუმი არ შედგებოდა კიდევ ერთხელ გეუბნებით, რადგან რაგბის სამყარო სხვა მხარეს დგას, უმეტესი ნაწილი და რაღაც ჯგუფი, ვიწრო ჯგუფი დგას მეორე მხარეს. 

მინდა გაცნობოთ კიდევ ერთი თემის შესახებ, ჩვენ ვისაუბრეთ იურისტებთან და მოგვივიდა ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენ შევიტანეთ ადმინისტრაციული სარჩელი საჯარო რეესტრში და დღეს გავიგეთ, რომ ადმინისტრაციულმა სარჩელმა გადაინაცვლა სამოქალაქო სარჩელად. აქაც კითხვის ნიშნები უკვე არსებობს. იურისტი არ გახლავართ, ამიტომაც ამ საქმეს იურისტებს ვანდობ და ჯობს იმათ ილაპარაკონ, თუმცა რაღაცეები უნდა ნათლად ჩანს, რაც გულდასაწყვეტია. ჩვენ გავაგრძელებთ ამ სიმართლისთვის ბრძოლას და არ მივცემთ იმის საშუალებას, რომ ქართული რაგბი, მორაგბეები დაიმონონ, რადგან მორაგბეები ღირსული ხალხი ვართ და არავის ჩამოუვარდებით პატრიოტიზმში, ქვეყნის სიყვარულში და იმ უსამართლობას არ დავაკანონებთ, რაც გუშინ იყო.

არსებობს პროტესტის ბევრი მეთოდი. პირველ რიგში ჩვენ მივყვებით სამართლებრივი გზით და ეს პროტესტი გაგრძელდება. მინდა მადლობა გადავუხადო გულშემატკივარს, იმ მორაგბეებს, რომლებიც ჩვენს გვერდით, უფრო სწორად კი ქართული რაგბის გვერდით იდგა და გული შესტკივათ ამ ყველაფერზე. ისინი გვერდში დაუდგნენ სამართალს და მინდა მადლობა გადავუხადო მათ გვერდში დგომისთვის და ჩვენს თანამებრძოლებს, ასევე ლეგიონერებს, რომლებიც ახლა საფრანგეთში არიან და სამწუხაროდ საქართველოში არ იმყოფებიან. იმედია სამართალი იზეიმებს. 

ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ჩვენი სიმართლე დავამტკიცოთ. პირველია, რომ ჩემი პრეზიდენტობის შეწყვეტა გასაჩივრებული გვაქვს. ასევე კლუბებმა ჯერ კიდევ 10 მარტის ყრილობამდე შეიტანეს სარჩელი რეესტრში, რადგან აქ არის დარღვევები ხმების დათვლაში, რომელიც უნდა ითვლებოდეს წინა სეზონის ხმებით, პირობითად ვიტყვი 2019/2020-ის ან 2020/2021-ის, ამ ადამიანებმა, იგივე გამგეობამ დაითვალა 2019/2020 და 2020/2021, რაც უკვე დარღვევაა. ასევე არის რაღაც კითხვის ნიშნები მინდობილობებთან დაკავშირებით, რასაც ასევე იურისტებს მივანდობ. ეს არის ერთ-ერთი ბერკეტი სამართლებრივი ბრძოლის. 

აქ თუ ვერ ვიპოვეთ სამართალი, ვიბრძოლებთ საერთაშორისო კუთხითაც. დღესაც დამიკავშირდნენ ცნობილი ფრანგულ გაზეთ "ეკიპიდან", რომლებსაც აინტერესებთ და შეშფოთებულები არიან იმით, რაც აქ მოხდა. ასეთი ამაზრზენი და გულისამრევი არჩევნები მემგონი არასდროს არ ყოფილა და ამიტომ  ძალიან დიდი დაინტერესებაა და ჩვენ ყველა გზას მივმართავთ, რომ ჩვენი სიმართლე დავამტკიცოთ და რაგბის განვითარება სწორ გზაზე დავაყენოთ", -
განაცხადა საქართველოს ნაკრების რეკორდსმენმა კაპიტანმა ირაკლი აბუსერიძემ. 

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

🏉 1vs1 რაგბის მსოფლიო სერია – თბილისი 2025
🏖️ პირველი ქვიშის თაჩ-რაგბის ტურნირი დასავლეთ საქართველოში – „ზაფხულის თამაშები 2025“
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)