ხმაური, სიტყვიერი დაპირისპირება და დაშავებული მორაგბეები და ოპერატორი

ხმაური, სიტყვიერი დაპირისპირება და დაშავებული მორაგბეები და ოპერატორი

რაგბის კავშირის განმეორებითი ყრილობა ხმაურის ფონზე დასრულდა. 

იყო სიტყვიერი და მცირე ფიზიკური შეხლა-შემოხლა. შედეგად მცირე დაზიანება მიიღო რამდენიმე ადამიანმა: მათ შორის ვეტერანებმა "ბორჯღალოსანებმა" სიმონ მაისურაძემ და ირაკლი მაჩხანელმა. ასევე ფეხი დაიზიანა "მთავარი არხის" ოპერატორმა, რომელიც კლინიკაში გადაიყვანეს. 

ირაკლი აბუსერიძის მომხრეები არჩევნებს დე ფაქტოს უწოდებენ და ლეგიტიმურად 30 დეკემბრის არჩევნების შედეგებს მიიჩნევენ, რომელშიც პრეზიდენტად აბუსერიძე იქნა არჩეული, თუმცა ის შემდეგ საჯარო რეესტრმა არ დაარეგისტრირა. ისინი დღევანდელ არჩევნებს აპროტესტებდნენ, ხოლო ექსპო ჯორჯიას ტერიტორიას რამდენიმე ასეული პოლიციელი იცავდა. 

"გარედან მოლით მივაწექით, გვინდოდა, ყრილობა ჩაგვეშალა, მაგრამ ისინი მაინც შეიპანენ და ისე ატარებენ ყრილობას. დარბაზში არ გვიშვებენ. ყრილობა არალეგიტიმურია, რომელსაც არ ვაღიარებთ. ასეთი გზით რაგბში მოსვლა დაუშვებელია.

ჩვენ მომხრე კლუბებზე უამრავი ზეწოლა იყო. ქვეყანაში არის დიქტატურა, ჩრდილოეთ კორეაში ვცხოვრობთ... რაც ხდება რაგბიში, ის ხდება ქვეყანაში, უსამართლობა და განუკითხაობა", - განაცხადა სიმონ მაისურაძემ. 

 

"ქვორუმი შედგა. დაფიქსირდა 25 დელეგატი და 42 ხმა. საქართველოს რაგბის კავშირის განმეორებით ყრილობაზე პრეზიდენტად იოსებ ტყემალაძე აირჩიეს.", - ამის შესახებ რაგბის კავშირის გამგეობის თავმჯდომარემ გოჩა მაჭავარიანმა განაცხადა. 

წინა ყრილობა ქვორუმის არარსებობის გამო ჩაიშალა, ხოლო განმეორებით ყრილობაზე ქვორუმისთვის საჭირო 38 ხმა იყო.

როგორც ცნობილია, ირაკლი აბუსერიძის გუნდი და მომხრეები ამ შედეგებს არ აღიარებენ და ბრძოლის სამართლებრივ ჭრილში გაგრძელებას გეგმავენ. ისინი ლაპარაკობენ ზეწოლის ფაქტზე და ამის შესახებ, "არმიის" პრეზიდენტმა ირაკლი სულთანიშვილმა განაცხადა, რომელმაც გუშინ განაცხადა, რომ თანამდებობის დატოვება მოსთხოვეს და როგორც ცნობილია, მის ნაცვლად დღეს უკვე სხვა დელეგატი იყო მისული.  


კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

🏉 1vs1 რაგბის მსოფლიო სერია – თბილისი 2025
🏖️ პირველი ქვიშის თაჩ-რაგბის ტურნირი დასავლეთ საქართველოში – „ზაფხულის თამაშები 2025“
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)