ბობა კვინიხიძე აჭარულ კლუბებზე ზეწოლაში ირაკლი კობახიძეს ადანაშაულებს

ბობა კვინიხიძე აჭარულ კლუბებზე ზეწოლაში ირაკლი კობახიძეს ადანაშაულებს

ირაკლი აბუსერიძის მომხრეებმა ზეწოლის კიდევ ერთი ფაქტორი საჯაროდ დაადასტურეს - სარაგბო კლუბ "არმიას" პრეზიდენტმა ირაკლი სულთანიშვილმა განაცხადა, რომ ის დაიბარეს და თანამდებობის დატოვება მოსთხოვეს, რადგან ირაკლი აბუსერიძის მომხრეა და ხმის მიცემას იოსებ ტყემალაძისთვის არ აპირებს.

აღნიშნულთან დაკავშირებით, აბუსერიძის გუნდმა პრესკონფერენცია გამართა და სხვადასხვა ტელევიზიებთან კომენტარი გააკეთა. მომხდარის შესახებ ვრცლად ისაუბრა "ლოკომოტივის" წარმომადგენელმა ბობა კვინიხიძემ, რომელმაც მუნიციპალურ კლუბებზე ზეწოლაში ირაკლი კობახიძე და მისი მამა დაადანაშაულა. 

"აჭარის ხმებზე როგორც გავიგე ირაკლი კობახიძეს დაურეკია და დამუქრებია დაჭერით იქ გუნდებს და მაგის ხარჯზე მიაღებინა მინდობილობები ტყემალაძისთვის სასურველ ადამიანს. ჩვენ მშვიდობიანად ვაპირებთ ამის გაპროტესტებას, არ გვინდა, რომ გავიდეთ კონსტიტუციური ჩარჩოებიდან, მაგრამ ჩვენ ჩვენ ხმებს დავიცავთ", - განუცხადა "ტელეკომპანია პირველს" ბობა კვინიხიძემ.

იქამდე კი, თბილისის "ლოკომოტივის" და საქართველოს ნაკრების ყოფილმა მგეზავმა პრესკონფერენციაზე ისაუბრა, სადაც კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ზეწოლის ფაქტებს: "ჩვენ არაერთგზის გვისაუბრია ზეწოლაზე, მაგრამ ბოლო დღეებში ველოდებოდით კორიანტელს ორკესტრირებულ შეტევას ყველა მხრიდან, ჩაერთო სუსიც, აქამდე რაღაც ჩუმად იყვნენ, გაჩუმებულები იყვნენ და არ ჩანდნენ, მაგრამ გუშინ, გუშინდელი დღის მერე დავრწმუნდით, რომ მთელი ვერტიკალი ჩართულია ჩვენს წინააღმდეგ. ესე იგი უკვე ისეთ მეთოდებს მიმართავენ, რომ მართლა გაუგონარია.

გუშინ გაჟღერდა რომელიღაც ტელეკომპანიის ეთერში, რომ შვიდი წლის ბავშვს არ დაუფინანსეს ოპერაცია, მაგრამ შეცდომა გაიპარა შვიდი წლის არა, შვიდი თვის ბავშვზე იყო ლაპარაკი, რომელსაც ოპერაცია არ დაუფინანსეს და მერე ჩვენ, ჩვენმა მეგობრებმა დავუფინანსეთ იმის გამო, რომ ირაკლი აბუსერიძეს მისცა ხმა. ნუ ეს გაუგონარია მეთოდებია, ალბათ უფრო ფაშისტები, ბოლშევიკებიც არ აკეთებდნენ ამას. ეს არის ფაშისტური მეთოდებით რაღაცის მოპოვება, რაღაც კეთილდღეობის შექმნა და მერე ფაშისტებს ყველამ კარგად იცით რა მოუვიდა ნიურბერგის პროცესზე. მე არ ვიცი როგორც ვთქვა, მაგრამ ჩვენ ხელსაყრელ მომენტს დაველოდებით, უცხო ადამიანის, უცხო სხეულის ასე შემოჭრა რაგბის ოჯახში ცოტა უცნაურია და მაგიტომ გამოიწვია ასეთი აჟიოტაჟი.

ძალიან დიდი გაუგებრობაა. თანაფარდობა რომ გითხრათ, ამაზე ბატონმა ავთომაც ისაუბრა, ვეტერანი მორაგბეების, ახლანდელი მოთამაშეების და გულშემატკივრების 90% ჩვენს მხარეაა, ხოლო კლუბების მხარდაჭერაზე რომ ვთქვათ, ვთქვათ არის 50 ხმა 24 ხმაზე ჩვენს სასარგებლოდ. ამ გაუგონარი ზეწოლებით, მუქარებით და შანტაჟებით 12 ხმა წაგვართვეს, თუმცა გუშინდელ დღემდე ქვორუმს ვერ ავსებდა ბატონი იოსებ ბესარიონის ძე. თუ ასეთი მეთოდებით მოსვლა უნდა რაგბის კავშირში, აქედანვე ვპირდებით, რომ ის ვერ იმუშავებს, რადგან არ მოვეშვებით, პირდაპირ გეუბნებით ჩვენი გუნდის სახელით. ის ადამიანი ალბათ სპეციალურად გამოაგზავნეს, რომ რაგბი ჩაძირონ. ის არაფრის მომტანი არ არის, არაფერი თანხის. ადამიანი, რომელიც აზარტულ თამაშებზეა დამოკიდებული, რაგბს ვერ ააყვავებს.

მერე მეორე, ჩვენი მეგობარი, დღემდე "არმიის" სარაგბო კლუბის პრეზიდენტი ირაკლი სულთანიშვილი დაიბარეს და ზემოდან წამოვიდა ასეთი დირექტივა, რომ უნდა მოაწერო ხელი და დატოვო თანამდებობაო, რაზეც ირაკლიმ უარი განუცხადა. სავარაუდოდ, მოხსნიან, ჯერ საჯარო რეესტრში არაა ასახული, მაგრამ სავარაუდოდ გადააყენებენ, რომ ქვორუმი შეავსონ ჩვენი მხარდამჭერის, ჩვენი მეგობრის ხმებით. სხვანაირად შანსი არ აქვს, მიუხედავად დიდი ზეწოლისა, ბიჭები მედგრად იდგნენ და არ გატყდნენ, იმას აღარ ვგულისხმობ, იმ მუნიციპალურ კლუბებს, 12 ხმას, რომლებიც გადატეხეს. მიუხედავად ამისა, ვერ ავსებდნენ ქვორუმს გუშინდელ დღემდე. თუ ასე მოხდა მეტი გაყალბება რაღა არის?

ჩვენ გადაზღვეული გვაქვს ვიდეო, სადაც ნათქვამია, რომ თუ ვინიცობაა და რომელიმე კლუბის ხელმძღვანელი გადააყენეს, მოხსნეს თანამდებობიდან, ისინი მხარს ირაკლი აბუსერიძეს უჭერდნენ და ამას მოგაწვდით ტელევიზიებს და ყველა ყველაფერს კიდევ ერთხელ ნახავს, თუ რა ფორმებით სურს იმ ადამიანს რაგბის კავშირში მოსვლა. ეს არის დე ფაქტო, უკანონო არჩევნები და ამას არ ვაღიარებთ. 

პარალელურად საფრანგეთის ორ დიდ ქალაქში, პარიზში და ნიცაში მიმდინარეობს ვეტერანი "ბორჯღალოსნების" აქცია და ის ბიჭებიც თავის სათქმელს იტყვიან. ისინი ჩვენი სავიზიტო ბარათი არიან, რომლებმაც ქვეყნის ღირსება დაიცვეს. 

დესტრუქციულები ვინ არიან ყველა ხედავს. ქართული საზოგადოება ბრძენია. ჩვენ მორაგბეები ვართ ყველაზე დემოკრატები და ჰუმანურები. რაგბი ლოგიკური თამაშია და პირობას ვაძლევ ქართულ საზოგადოებას, რომ ლოგიკურად დასრულდება ეს ყველაფერი. როგორ შეიძლება რომ უცხო სხეულმა რაგბი განავითაროს? ეს ნონსენსია და გამორიცხულია. კანონი ნაყიდი აქვთ, შეიძლება ის ადამიანი საჯარო რეესტრმა გაატაროს ხვალ, მაგრამ ზეგ სად მიდის? მაზეგ სად მიდის? როგორ უნდა ითანამშრომლოს მართლა იმ დიდ მასასთან, ვინც რაგბი მოიტანა? ერთხმად ვთანხმდებით, რომ ადამიანთან, რომელიც ძალადობით მოდის, დესტრუქციით, თავად არიან დესტრუქციულები და ფაშისტები, მართლა ისეთი მეთოდებით უნდათ ხმები წაიღონ და ისეთი მეთოდებით იბრძვიან, რომ წინა ხელისუფლებისგანაც არ მახსოვს. ერთი ფეხბურთის ფედერაციაში იყო, რომ არჩევნების შემდეგ მეორე დღეს ნემსაძე გადააყენეს, თორე სხვა ამაზე მეტი ზეწოლა რა უნდა იყოს?" 


შეგახსენებთ, რომ რაგბის კავშირის განმეორებითი ყრილობა ხვალ, 10 მარტს 13 საათზეა ჩანიშნული. აბუსერიძის გუნდი და მომხრეები არჩევნებს დე ფაქტოს უწოდებენ, რადგან ისინი პრეზიდენტად ირაკლი აბუსერიძეს აღიარებენ, რომელიც 30 დეკემბერს იქნა პრეზიდენტად არჩეული, მაგრამ საჯარო რეესტრმა არ დაარეგისტრირა. 

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

🏉 1vs1 რაგბის მსოფლიო სერია – თბილისი 2025
🏖️ პირველი ქვიშის თაჩ-რაგბის ტურნირი დასავლეთ საქართველოში – „ზაფხულის თამაშები 2025“
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)