ვეტერანი "ბორჯღალოსანი" სიმონ მაისურაძე სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს, რომელსაც აქვე გთავაზობთ.
"მოგესალმებით ყველას, ერთ მნიშვნელოვან რამეზე მინდა დავაფიქსირო ჩემი აზრი.
რომ გამოდიან და იძახიან: «კარგი მოთამაშე კარგ მენეჯერს არ ნიშნავს » ან « ქართულ რაგბს კარგი მენეჯერი სჭირდება, რომელიც გამოიყვანს რაგბს კრიზისიდან და ყველას გააერთიანებს » ან « აბუს მენეჯერული უნარები არ არის საკმარისი, რომ მართოს რაგბის კავშირი » და ა.შ…
მინდა ვკითხო ამ მენეჯმენტში გაუთვითცნობიერებელ ადამიანებს: ადამიანი, რომელიც 39-ჯერ (რეკორდული მაჩვენებელი) იყო საქართველოს ნაკრების კაპიტანი, იყო ყველაზე წარმატებული კაპიტანი საქართველოს რაგბის ისტორიაში, ვის დროსაც საქართველოს ნაკრები გამოირჩეოდა წარმატებით, სტაბილურობით და გუნდურობით. ასევე ამ პერიოდში 2008-2013 წლებში თამაშობდნენ საქართველოს რაგბის ისტორიაში ყველაზე გამოჩენილი, ლეგენდარული მორაგბეები და ლიდერები (არ ჩამოვთვლი რომ ვინმე არ გამომრჩეს).
ადამიანი, ვის გარშემოც გაერთიანდა დღეს სრულიად სარაგბო სამყარო, ყველა აქტიური თუ ვეტერანი მორაგბე, გულშემატკივარი, საქართველოში თუ მის ფარგლებს გარეთ, მის გვერდით დგანან და კანონიერად მოითხოვენ მის დამტკიცებას პრეზიდენტად ანუ მენეჯერად.
მენეჯერული უნარების გარეშე შეძლებდა ეს ადამიანი ამდენს? რა, ყველა გადაირია გარდა იმ ადამიანებისა, ვინც თავისი ვიწრო ინტერესებიდან გამომდინარე ხან ვის აცხადებენ მესიად და ხან ვის, მხოლოდ იმიტომ რომ აბუ არ მოვიდეს და სამართლიანობა არ აღადგინოს, არ გამოაშკარაოს ვირთხები, რომლებით აგერ უკვე რამდენი წელია რაგბის ფულებით იყორავენ მუცლებს.
« პატარა კაცები » !!! როგორც მათ მსოფლიო ლეგენდა ზირაქა უწოდებს. ყოველთვის მასე ხდება ცხოვრებაში « პატარა კაცებს » უნდათ ხოლმე « დიდკაცობა » ოღონდ დაუმსახურებლად და, « მოკლეზე გადასვლით ».
არ იქნება მასე მე გეუბნებით! ჩაიჩეხებით!
"ლოდი, რომელიც მშენებლებმა დაიწუნეს, ქვაკუთხედად იქცა, ყველა ვინც ამ ლოდზე დაეცემა, დაიმტვრევა, ხოლო ვისაც ის დაეცემა გასრესს" (ლუკ. 20:17-18)
შეგახსენებთ, რომ სიმონ მაისურაძე საქართველოს ნაკრებში 2008-2015 წლებში ასპარეზობდა, 33 კეპი მოიხვეჭა და 2015 წლის მსოფლიო თასზე მიიღო მონაწილეობა.
როგორც იცით, განმეორებითი ყრილობა 10 მარტსაა ჩანიშნული. ირაკლი აბუსერიძის გუნდი და მომხრეები ამ ყრილობას დე ფაქტო არჩევნებს უწოდებენ. ისინი საუბრობენ იმაზე, რომ მუნიციპალურ კლუბებზე ზეწოლა ხდება და კლუბებთან არაფრით დაკავშირებულ პირებზე ხდება მინდობილობების გადაცემა, რაც ზემოხსენებულ განცხადებაში თავად აბუსერიძესაც აქვს ნათქვამი. 10 მარტის ყრილობა ავჭალის სტადიონის ნაცვლად, გამოფენის ტერიტორიაზე მდებარე პავილიონში ჩაინიშნა. ვეტერანი მორაგბეების ბობა კვინიხიძის და მამუკა ნამიჩეიშვილის თქმით, გამგეობამ ეს გადაწყვეტილება იმიტომ მიიღო, რომ კერძო საკუთრებაზე აბუსერიძის მომხრეები არალეგიტიმური არჩევნების გასაპროტესტებლად არ შეუშვან, თუმცა ისინი დანებებას არ აპირებენ.