ლევან მაისაშვილი: "პერიოდულად იყო ნერვიულობები, მაგრამ დაგეგმილი გამარჯვება მოვიპოვეთ"

ლევან მაისაშვილი: "პერიოდულად იყო ნერვიულობები, მაგრამ დაგეგმილი გამარჯვება მოვიპოვეთ"

საქართველოს ნაკრებმა 2021 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატი და შესაბამისად, 2023 წლის მსოფლიო თასის შესარჩევი ეტაპი გამარჯვებით დაიწყო. "ბორჯღალოსნებმა" ლისაბონში პორტუგალიის ნაკრები ბრძოლაში 29:16 დაამარცხეს და რთული მატჩის მიუხედავად, ბონუს ქულის აღებაც მოახერხეს.

შეხვედრის დასრულების შემდეგ კომენტარი გააკეთა საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა.

"პერიოდულად იყო ნერვიულობები, მაგრამ დაგეგმილი გამარჯვება მოვიპოვეთ და 5 ქულა ავიღეთ. შეცდომები გვქონდა. თამაშამდეც ვამბობდით, რომ რაგბი ევროპის ჩემპიონატზე თავს უფლებას ვაძლევთ ექსპერიმენტები ჩავატაროთ, რაც ყოველთვის ვერ ამართლებს. ორი ახალგაზრდა მორაგბის დებიუტი შედგა, გვქონდა ცვლილებები შემადგენლობაში და ამავდროულად, დაგეგმილ მიზანსაც მივაღწიეთ.

მატჩის დებიუტში შეტევის კარგი შესაძლებლობები გვქონდა და ამ დროს მოთამაშეებს არ ვზღუდავთ, თუნდაც შეტევა 22-იდან დაიწყონ. როდესაც ეს არ გამოდის, საჭიროა თამაშის გადაწყობა და მართვა. გვქონდა ემოციური პრობლემები დისციპლინაში, დავრჩით კაცნაკლულები და შევცვალეთ ტაქტიკა. გადავედით ისეთ თამაშზე, რაშიც დომინანტები ვიყავით. თავდაჯერებულობა ანგარიშიდან მოდის და გაკეთდა აქცენტი იმაზე, რაც სასურველ შედეგს მოგვიტანდა", -
ციტირებს მაისაშვილის სიტყვებს საქართველოს რაგბის კავშირის ოფიციალური ვებგვერდი.

საქართველოს ნაკრები მომდევნო შეხვედრას 14 მარტს მადრიდში ესპანეთის წინააღმდეგ გამართავს. 

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

🏉 1vs1 რაგბის მსოფლიო სერია – თბილისი 2025
🏖️ პირველი ქვიშის თაჩ-რაგბის ტურნირი დასავლეთ საქართველოში – „ზაფხულის თამაშები 2025“
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)