რაგბი ევროპის ჩემპიონატი: რუსეთმა რუმინეთი დაამარცხა

რაგბი ევროპის ჩემპიონატი: რუსეთმა რუმინეთი დაამარცხა

2021 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის გახსნით მატჩში რუსეთის ნაკრები სოჭში რუმინეთს დაუხვდა და ბრძოლაში 18:13 დაამარცხა.

პირველი ნახევარი 6:10 დასრულდა, მეორე ტაიმში მასპინძლებმა ითამაშეს უკეთ და საბოლოო ჯამში ხუთქულიანი სხვაობით იმარჯვეს. "დათვების" მხრიდან 6 ჯარიმა გაიტანა და შესაბამისად ყველა ქულა რამილ გაისინმა მოიპოვა. სტუმრებმა ერთი ლელოს დადეს, რომელიც მე-7 წუთზე ხაზის გაჭრას მოჰყვა და რუსების ლელო დიმიტრუმ აიღო. გარდასახვა და კიდევ ორი ჯარიმა ვეტერანმა ფლორინ ვლაიკუმ გაიტანა.

ბოლო წუთზე რუმინელებს ლელოს დადების კარგი შანსი ჰქონდათ, თუმცა მეტოქის ხუთმეტრიანში საკუთარი აუტი წააგეს და ეს შანსი ხელიდან გაუშვეს. აღსანიშნავია, რომ რუსებმა შერკინების სტატიკაში ძალიან კარგად ითამაშეს და რუმინელებს აშკარად აჯობეს. ამრიგად, რუსებმა 4 ქულა ჩაიწერეს აქტივში, ხოლო რუმინელებს ნუგეშის ქულა ერგოთ.

შეხვედრის მთავარი მსაჯი შოთა თევზაძე გახლდათ, ერთ-ერთი გვერდითი მსაჯი საბა აბულაშვილი იყო, ხოლო ვიდეორეფერი - თორნიკე გვირჯიშვილი. აღსანიშნავია, რომ ეს იყო პირველი მატჩი, რომელშიც ვიდეორეფერი იყო და ამიერიდან, რაგბი ევროპის ჩემპიონატის სხვა მატჩებზეც იქნება.

როგორც იცით, წლევანდელი და მომდევნო რაგბი ევროპის ჩემპიონატი, ამავდროულად 2023 წლის მსოფლიო თასის შესარჩევი ეტაპიცაა. საუკეთესო ორი გუნდი საფრანგეთში გასამგზავრებელ საგზურს პირდაპირ გაინაღდებს, ხოლო მესამე ადგილოსანი რეპეშაჟში გადაინაცვლებს.

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

🏉 1vs1 რაგბის მსოფლიო სერია – თბილისი 2025
🏖️ პირველი ქვიშის თაჩ-რაგბის ტურნირი დასავლეთ საქართველოში – „ზაფხულის თამაშები 2025“
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)