ლევან მაისაშვილი: "ის ფაქტი, რომ მსოფლიო თასის საკვალიფიკაციო წელიწადია, პასუხისმგებლობას აორმაგებს"

ლევან მაისაშვილი: "ის ფაქტი, რომ მსოფლიო თასის საკვალიფიკაციო წელიწადია, პასუხისმგებლობას აორმაგებს"

საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა, პორტუგალიასთან გასამართი მატჩის წინა დღეს, კომენტარი გააკეთა. 

მაისაშვილი საინტერესო თამაშის მოლოდინშია და ფიქრობს, რომ მოწინააღმდეგე სწრაფ თამაშზე გააკეთებს აქცენტს. 

"ნებისმიერ თამაშს ძალიან მონდომებით და ყურადღებით ვეკიდებით, თუმცა თავისთავად ის ფაქტი, რომ მსოფლიო თასის საკვალიფიკაციო წელიწადია, პასუხისმგებლობას აორმაგებს და რა თქმა უნდა მეტად საპასუხისმგებლოა ჩვენთვის. ჩვენ ექსპერიმენტის დრო გვაქვს ყოველთვის ერთა თასზე, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ექსპერიმენტი იყოს ისეთი, რომელმაც შეიძლება დააზიანოს პროცესი. ამიტომ, ჩვენ სხვადასხვა თამაშზე შეიძლება გვქონდეს ეს ცვლილებები. ნაწილობრივ ეს ცვლილებები გამოწვეულია იმით, რომ ვთქვათ იძულებითი ცვლილებებია და არის პროცესი, სადაც ვცდილობთ მოთამაშეების სიღრმეები გავაჩინოთ კონკრეტულ პოზიციებზე. აქედან გამომდინარე, ამ თამაშისთვის დაბალანსებული გუნდი დავაყენეთ, გამოცდილი და ახალგაზრდა მოთამაშეების ნაზავი და ვფიქრობ, რომ საინტერესო თამაში უნდა გამოვიდეს. 

ეცდებიან რა თქმა უნდა, რომ სწრაფი რაქი ჰქონდეთ და სწრაფად ითამაშონ, შარშანდელი თამაშიც პარიზში ხელოვნურსაფარიან სტადიონზე სწორედ ამას ემსახურებოდა, ეს ჰქონდათ მიზნად, რომ სწრაფი თამაში შემოეთავაზებინათ ჩვენთვის. პირველ ტაიმში შარშანდელ მატჩში ჩვენ გვქონდა შეცდომები, რაზედაც ჩვენს შეცდომებზე ისარგებლა პორტუგალიამ და ვიცით, რომ კონტრშეტევებზე საკმაოდ სახიფათონი არიან. ანალიზში გავითვალისწინეთ ის შეცდომები, რაც შარშან დავუშვით. ვეცდებით, რომ იგივე შეცდომები არ დავუშვათ, ვეცდებით, რომ ჩვენ ვმართოთ თამაში და დომინაცია მოვახდინოთ ორთაბრძოლებში და თუ ამას მოვახერხებთ და შეჯგუფებებში და ორთაბრძოლებში დომინაციას მივაღწევთ, დარწმუნებული ვარ, რომ თამაში საჩვენოდ შემოტრიალდება", -
განაცხადა ლევან მაისაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ რაგბი ევროპის ჩემპიონატის პირველი ტურის მატჩი, რომელშიც საქართველო ლისაბონში პორტუგალიას ეთამაშება, კვირას 19 საათზე დაიწყება. 

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

🏉 1vs1 რაგბის მსოფლიო სერია – თბილისი 2025
🏖️ პირველი ქვიშის თაჩ-რაგბის ტურნირი დასავლეთ საქართველოში – „ზაფხულის თამაშები 2025“
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)