სარაგბო კლუბები საქართველოს პრემიერ-მინისტრს წერილით მიმართავენ

სარაგბო კლუბები საქართველოს პრემიერ-მინისტრს წერილით მიმართავენ

საქართველოს რაგბის კავშირის ნამდვილი წევრები (20 სუბიექტი), რომლებსაც ყრილობაზე ხმის უფლება გააჩნიათ, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს ღია წერილით მიმართავენ. უცვლელად გთავაზობთ ამ წერილს.

"საქართველოს პრემიერ მინისტრს, ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს
 
ბატონო ირაკლი
 
საქართველოს რაგბის კავშირის სუბიექტები - რაგბის კლუბები მოგმართავთ თხოვნით საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტის არჩევნებისას შექმნილი რთული ვითარების განმუხტვისადა ხელოვნურად არსებული, თავსმოხვეული პრობლემების მოგვარების მიზნით დაინტერესდეთ და ქმედითი დახმარება აღმოუჩინოთ ქართულ რაგბს. 

პრობლემის არსი შემდეგია: ქართული სარაგბო კლუბები ვითხოვთ საქართველოს რაგბის კავშირის არჩევნებში გარედან ჩაურევლობას. სპორტის ავტონომიას და თვითმართველობას იცავს მთელი ცივილიზებული სამყარო, ვინაიდან ეს გახლავთ ერთადერთი სწორი გზა, მიმართული შეუქცევადი განვითარებისკენ. ავტორიტარული რეჟიმები სისტემატურად ხელყოფენ სპორტის რომელიმე სახეობის ავტონომიას და განსაკუთრებით მძიმე შემთხვევებში კი საერთოდ უგულვებელყოფენ მას.   ასეთი მიდგომის პირობებშიც კი წარმატების მიღწევა შესაძლებელია, მხოლოდ ეს წარმატება მხოლოდ დროებით, ეპიზოდურ ხასიათს ატარებსდა   რეჟიმის გაქრობისთანავე იკარგება. 

ქართული რაგბი მისი წარმატებებითა და წინსვლით აგერ უკვე 25 წელია სიხარულის მომტანია ჩვენი ხალხისთვის. ბოლო პერიოდში შექმნილი რთული ვითარება დაემთხვა პანდემიით გამოწვეულ ეკონომიკურ კრიზისს და კიდევ უფრო მძაფრი ხასიათი მიიღო. ჩვენ გვესმის გულშემატკივრის და მათ შორის სახელმწიფო მოხელეთა შეშფოთება და გაგებით ვეკიდებით მათ მცდელობებს შემოგვთავაზონ კრიზისიდან გამოსვლის მათთვის მისაღები და სასურველი გზა, საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტის კანდიდატურების წარმოდგენის ჩათვლით. თუმცა მორიდებით გვინდა ყველას შევახსენოთ, რომ როგორც კი ეს მცდელობები რეკომენდაციის სფეროს სცილდება და დირექტიულ ხასიათს ატარებს, იგი მხოლოდ ჩიხში შეგვიყვანს. ჩვენზე უკეთ არავინ იცის თუ როგორ უნდა გამოვიდეს კრიზისიდან ქართული რაგბი. ნუ შეგაშინებთ ჩვენს რიგებში პერიოდულად წარმოქმნილი დაძაბულობები. ჩვენ ამ პრობლემების დაძლევის გზაზე ვდგავართ და ყოველგვარი გარე ჩარევა, რა კეთილ მიზნებსაც არ უნდა ისახავდეს ის, მხოლოდ ხელს შეგვიშლის და შესაძლოაამან უმართავი პროცესებიც კი გამოიწვიოს. ზოგიერთი ჩინოვნიკი თანამშრომლობას მათი ნების უპირობოდ მიღებაში ურევს. ნებისმიერი წინააღმდეგობა პროფესიონალების მხრიდან რა დასაბუთებულიც არ უნდა იყოს, აღიქმება არათუ პირად შეურაცხყოფად არამედ ანტისახელმწიოებრივ მიდგომადაც კი. დაგვერწმუნებით ეს ძალიან ნეგატიური ტენდენციაა და თუ მას დროზე არ მიეხედა, იგი სახიფათო მასშტაბებს შეიძენს.

მოგმართავთ თხოვნით დაინტერესდეთ და უზრუნველყოთ  მუნიციპალური ქართული კლუბების ნების გამოვლენის ავტონომია. უკვე არის ნიშნები იმისა, რომ თითქმის ყველა მუნიციპალური კლუბი განიცდის ზეწოლას ადმინისტრაციული ხელმძღვანელებისგან, რომლებიც არ თვალისწინებენ სპეციალისტთა მოსაზრებებს და მოქმედებენ დიამეტრალურად საწინააღმდეგო მიმართულებით, ხდებიან მხოლოდ ვიღაც ჩინოსნის თუ ჩინოსნების სურვილების ბრმა აღმსრულებლები. ამის მაგალითებია საერთო კრებაზე დასასწრებად მინდობილობების გაცემა პირებზე, რომლებსაც არანაირი კავშირი არ გააჩნიათ რაგბთან, საერთოდ ვერ ერკვევიან არსებულ პრობლემებში და შესაბამისად არც მათი მოგვარების გზებზე აქვთ წარმოდგენა. 

ბატონო ირაკლი, ჩვენ შესანიშნავად გვახსოვს თქვენი  თანადგომა ქართული რაგბის მიმართ ჯერ კიდევ იმ პერიოდიდან, როდესაც საქველმოქმედო ფონდ ქართუს ხელმძღვანელობდით. თქვენი აქტიური თანადგომით მოვიპოვეთ ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარების უფლება 2017 წელს, რისთვისაც უდიდეს მადლობას გიხდით. დარწმუნებული ვართ სწრაფად გაერკვევით არსებულ პრობლემებში და კიდევ ერთხელ აღმოგვიჩენთ დახმარებას და აღკვეთავთ რაგბში გარე, დირექტიული ჩარევების მცდელობებს. ჩვენი მხრიდან გპირდებით, რომ საკმარისი ცოდნა, გამოცდილება და რესურსი გაგვაჩნია იმისათვის რომ დავძლიოთ კრიზისი.ის, რომ გარე დირექტიული ჩარევის წინააღმდეგი ვართ, არ ნიშნავს რომ ჩვენ არ გვსურს თანამშრომლობა. პირიქით - ჩვენ გახსნილი ვართ თანამშრომლობისთვის და აუცილებლად მივიღებთ   რჩევებს.  თუ შესაძლებელი იქნება დაიგეგმოს შეხვედრა, მოხარულნი ვიქნებით შეგხვდეთ და უფრო კარგად გაგაცნოთ არსებული მდგომარეობა

კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას თქვენი თანადგომისთვის, ჩვენი მხრიდანაც გიცხადებთ სრულ თანადგომას და გისურვებთ წარმატებას ამ ურთულეს პერიოდში."
 

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

🏉 1vs1 რაგბის მსოფლიო სერია – თბილისი 2025
🏖️ პირველი ქვიშის თაჩ-რაგბის ტურნირი დასავლეთ საქართველოში – „ზაფხულის თამაშები 2025“
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)